Corpus Iuris Civilis
Corpus Iuris Civilis — სამოქალაქო კანონმდებლობის კრებული, რომელიც შედგენილია ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის დროს (526-565), მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და ინიციატივით. ამ კრებულმა ეს სახელწოდება XII საუკუნეში მიიღო. იუსტინიანეს კოდიფიკაციას წინ უძღოდა თეოდოსიუს II-ის 438 წლის კოდექსი Codex Teodosianus, რომელიც შეიცავდა იმპერატორის განკარგულებებს.
Corpus Iuris Civilis | |
---|---|
Corpus Iuris Civilis, 1583 | |
მიზანი | |
დეტალები | |
შექმნის თარიღი | 526-565 |
ავტორი | იუსტინიანე I |
იუსტინიანეს დროს ბიზანტიამ ძალა მოიკრიბა, ომების შედეგად გაფართოვდა სახელმწიფოს საზღვრები და იუსტინიანემ მიზნად დაისახა ერთიანი რომის იმპერიის აღდგენა. ეს კოდექსი კი მიზნად ისახავდა ძველი რომაული სამართლის შეკრებას, შენარჩუნებას, დასავლეთ რომის იმპერიაში მონათმფლობელობის შენარჩუნებას, აღმოსავლეთსში კი მის განმტკიცებას.
შემადგენლობა
რედაქტირებაკოდექსი 16 წიგნად, წიგნები კი ტიტულებად იყოფა. თითოეულ ტიტულში განკარგულებები ქრონოლოგიური წესით იყო დალაგებული.
რომის სამართლის კოდიფიკაციის ამოცანა დაეკისრა იუსტინიანეს მოხელეს ტრიბონიანს (500-547). იგი გამოჩენილი იურისტი იყო. ის ჯერ რიგით წევრად შედიოდა საკოდიფიკაციო საბჭოში, ხოლო 530 წლიდან კი ხელმძღვანელობდა კომისიას. უკვე 529-534 წლებში შეადგინეს სამი დიდი კრებული: 1) ინსტიტუციები, 2) დიგესტები, ანუ პანდექტები, 3) იუსტინიანეს კოდექსი. თითოეულმა ამ კრებულმა კანონის ძალა მიიღო. იმპერატორმა კი აკრძალა მათი კომენტირება.
ინსტიტუციები
რედაქტირებაინსტიტუციები (Institutiones) — სამართლის ელემენტარული სახელმძღვანელო, იყენებდნენ იურიდიული სასწავლებლის პირველ წელს. ეს ნაწილი კომპილაციური ხასიათისაა — ამოკრეფილია გაიუსის თხზულებებიდან და ზოგიერთი იურისტის ნაშრომებიდან. ინსტიტუციებს კანონის ძალა ჰქონდათ. შესავალში აღნიშნულია, რომ მისი დანიშნულება არის მასში ჩამოყალიბებული დებულებების საფუძველზე სამართლის საფუძვლების შესწავლა. ინსტიტუციებში მოცემულია ცნებები პირების, ნივთების, მემკვიდრეობის, გარიგებისა და სასამართლო პროცესის შესახებ.
ინსტიტუციები ოთხი ნაწილისგან შედგება:
- სამართლის სუბიექტები, მათი უფლებები და ქმედუნარიანობის მომწესრიგებელი ნორმები;
- სანივთო სამართალი;
- ვალდებულებითი სამართალი;
- საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი.
დიგესტები
რედაქტირებადიგესტები, ანუ პანდექტები (Pandectae sive Digesta) რომაელი იურისტების ნაწარმოებებიდან ამოკრეფილი ფრაგმენტების ნაწილია. მასში შეტანილია ორმოცი რომაელი იურისტის ნაშრომი. შედგა ორმოცდაათი წიგნი. თითოეუი წიგნი იყოფა ტიტულებად, ტიტულები კი ფრაგმენტებად. დიგესტებში მოცემული ნორმები, ცნებები თუ განსაზღვრებები აღებულია პირველ წყაროდან, ასევე ადათობრივი სამართლიდან. დიგესტებში იურისტებს სხვადასხვა აზრი აქვთ გამოთქმული ერთსა და იმავე საკითხებზე, ამიტომ აზრის შეჯამება ძნელია. ამის გამო დიგესტები ინკორპორაციის სახეს ატარებს.
იუსტინიანეს კოდექსი
რედაქტირებაიუსტინიანეს კოდექცი (Codex Iustinianus) — ეს არის იუსტინიანეს მიერ გამოცემული აქტების ერთობლიობა. იუსტინიანეს კოდი, ანუ კონსტიტუციები პირველად გამოიცა 529 წელს. 530 წელს გამოიცა 50 განკარგულება, რომელიც წინა განკარგულებების ხარვეზებს ასწორებდა. 534 წელს გამოიცა კოდექსის ახალი რედაქცია, რომელიც შედგებოდა თორმეტი წიგნისგან:
I წიგნი — საეკლესიო სამართალი;
II-VIII წიგნები — სამოქალაქო საკითხები;
IX — სისხლის სამართლის საკითხები;
X წიგნი — სახელმწიფო მმართველობის საკითხები.
ნოველები
რედაქტირებაიუსტინიანეს კოდიფიკაციის მეოთხე ნაწილი არის ნოველები (Novellae). შემუშავდა 535-542 წლებში. მასში შევიდა ახალი მასალა. ამ კოდიფიკაციით თანამედროვე გახადა სამართლის სხვადასხვა დარგი — საჯარო, საოჯახო და სამემკვიდრეო სამართალი. იუსტინიანეს კრებული არაერთხელ გადაამუშავეს გასამარტივებლად და დროსთან მოსარგებად. ასე მიიღეს:
- ეკლოგა (740წ.);
- ბაზილიკა (886-912წწ.)
- პროხეირონი (ბერძნ. დახმარება), ანუ სამართლის შემოკლებული გამოცემა (1300წ.);
- კონსტანტინე არმენოპულოს ექვსწიგნეული (1345წ.).
კონსტანტინე არმენოპულოსი სალონიკელი მოსამართლე იყო, რომელმაც ხელი მოკიდა რომის სამართლის რეცეფციას და შექმნა ექვსწიგნეული. ექვსწიგნეულს სავალდებულო ძალა ჰქინდა საბერძნეთშიც, მაგრამ განსაკუთრებით ვლახეთში.
Corpus Iuris Civilis და ევროპული სამართალი
რედაქტირებაიუსტინიანეს სამოქალაქო კანონმდებლობის კრებულმა დიდი გავლენა იქონია შუა საუკუნეების ევროპის კანონმდებლობაზე. მაგალითად, ფეოდალურ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და სხვა ქვეყნების კანონშემოქმედებაზე. განსაკუთრებული მუშაობა მიმდინარეობდა რომის სამართალზე გერმანიაში. საფრანგეთში კი შუა საუკუნეებში რომის სამართალი სამართლის ძირითადი წყარო იყო. ეს ასე იყო იტალიისთვისაც, რადგან ის ხშირად გერმანიის შემადგენლობაში იყო მოქცეული.
რომის სამართალი ფართოდ გამოიყენებოდა ბურჟუაზიულ საფრანგეთშიც. ნაპოლეონმა სამოქალაქო კოდექსის შედგენისას ფართოდ გამოიყენა რომის სამართალი.
Corpus Iuris Civilis და ქართული სამართალი
რედაქტირებარომის სამართალმა ქართულ სამართალზეც იქონია გავლენა, რადგან საქართველოს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ქრისტიანულ სამყაროსთან, განსაკუთრებით კი ბიზანტიასთან. ამიტომ შეუძლებელი იყო, რომ რომის სამართალს გავლენა არ ჰქონოდა საქართველოზე. რომის სამართლის ცალკეულმა დებულებებმა და პრინციპებმა გამოხატულება ჰპოვეს როგორც საერო, ისე სასულიერო სამართალში. მაგალითად, დიდმა და მცირე სჯულისკანონებმა ბევრი რამ შეთვისეს რომის სამართლიდან.
რომის სამართლის გავლენის პირდაპირი მტკიცებულებაა ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში შესული „სამართალი ბერძნული“. ვახტანგ VI-ის სწავლულ კაცთა საკოდიფიკაციო კომისიას ბერძნული სამართლის ქართული ვერსია ამოკრეფილი უნდა ჰქონოდა კონსტანტინე არმენოპულოსის ქევსწიგნეულიდან. ვახტანგის საკოდიფიკაციო კომისიამ კარგად იცოდა, რომ კონსტანტინე არმენოპულოს ექვსწიგნეული რომაული სამართლიდან იყო რეცეფცირებული, მაგრამ, რადგან იგი საბერძნეთში მოქმედებდა, ის ბერძნული სამართლის სახელწოდებით გადმოიტანა.
გამოთქმულია მოსაზრება, რომ ვახტანგ VI-ის კოდექსში ბერძნული სამართლის ქართული ვერსია უნდა წარმოადგენდეს XIV საუკუნის ცნობილი სასულიერო მოღვაწის მათე ვლასტარის 1335 წლის „სინტაგმის“ შემოკლებას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. მეტრეველი, რომის სამართლის საფუძვლები, თბ., 2005.