ბიზანტიის ოქსფორდის ლექსიკონი

(გადამისამართდა გვერდიდან ბიზანტიის შესახებ ოქსფორდის ლექსიკონი)

ბიზანტიის ოქსფორდის ლექსიკონი (ინგლ. The Oxford Dictionary of Byzantium, შემოკლებით ODB) — ისტორიის ლექსიკონის სამტომეული. გამოცემულია ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესის მიერ. შედგება 5,000-ზე მეტი ჩანაწერისგან და ინგლისურ ენაზე მოიცავს ამომწურავ ინფორმაციას ბიზანტიის იმპერიასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან თემაზე. გამოიცა 1991 წელს, ალექსანდრე კაჟდანის რედაქციით.[1] პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი, კაჟდანი გარდაცვალებამდე დუმბარტონ-ოქსის (ვაშინგტონი) უფროსი მეცნიერ თანამშრომელი იყო. მან უზარმაზარი წვლილი შეიტანა ლექსიკონისთვის სტატიების შედგენაში. კაჟდანის ყოველი სტატია ბოლოში A.K. ინიციალით არის მონიშნული.

ლექსიკონი ხელმისაწვდომია ბეჭდური და ელექტრონული ფორმატით Oxford Reference Online-დან. ის მოიცავს ბიზანტიის იმპერიის ყველა მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას, მათ შორის მნიშვნელოვან სოციალურ და რელიგიურ მოვლენებს. ის ასევე მოიცავს ბიოგრაფიებს იმპერიის წამყვანი პოლიტიკური თუ ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლებზე და დეტალურად აღწერს რელიგიურ, სოციალურ, კულტურულ, სამართლებრივ და პოლიტიკურ თემებს. კულტურის თემები მოიცავს მუსიკას, თეოლოგიას და ხელოვნებას. სხვა თემები შეეხება ომებს, დემოგრაფიას, განათლებას, აგრიკულტურას, ვაჭრობას, მეცნიერებას, ფილოსოფიას და მედიცინას, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკურად და სოციალურად განვითარებული ბიზანტიური საზოგადოების შესახებ საერთო კომპლექსური წარმოდგენის შექმნას.

  1. The Oxford Dictionary of Byzantium, Oxford University Press, New York and Oxford, 1991. ISBN 0195046528

გარე ბმულები

რედაქტირება