ამირა
ამირა (არაბ. أمير „მეთაური“, „მმართველი“, „მბრძანებელი“) — მთავრის შესატყვისი ტიტული აღმოსავლეთის მაჰმადიანურ ქვეყნებში. ისლამამდელ ხანაში (VII საუკუნემდე) ეწოდებოდათ სარდლებს. VII საუკუნის 30-იანი წლებიდან არაბთა სახალიფოს პროვინციების მმართველებს. ტერმინი „ამირა“ (ძირითადად „ემირის“ ფორმით) გავრცელდა არაბთა მიერ დაპყრობილ ქვეყნებში (მაგ. ბუხარის ემირი). სახალიფოს დაშლის შემდეგ მას ატარებდნენ ადგილობრივი დამოუკიდებელი მმართველები, რომლებიც საერო და სასულიერო ხელისიფლებას ახორციელებდნენ. შემდეგ ამირას საპატიო ტიტული ენიჭებოდათ წინასწარნეტყველ მაჰმადის „ჩამომავლებს“. ამირას უწოდებენ საუდის არაბეთის მეფის ვაჟიშვილებს. ამირად იწოდებიან ბაჰრეინის, კატარის, ქუვეითის და სხვათა მბრძანებლები.
- თავდაპირველად იგი, როგორც საპატიო ტიტული, ენიჭებოდა მუჰამედის შთამომავლებს (მისი ქალიშვილის ფატიმა ზაჰრას შტო). საუკუნეების განმავლობაში ტიტულმა პირვანდელი დატვირთვა შეიცვალა და როგორც სათავადაზნაურო ტიტული, გამოიყენებოდა ბედუინთა მეთაურების (არაბეთი) და წარჩინებულთა და სახელმწიფო მოხელეთა მიერ (ოტომანთა იმპერია).
- ფორმალურად სიტყვა „ამირა“ გამოიყენება მექას მოსალოცად (ჰაჯი) მიმავალ მუსლიმთა ჯგუფის მეთაურის („ამირ ჰაჯი“) აღსანიშნავადაც.
- „ამირ ალ-მუმინინ“ („მართლმორწმუნეთა მეთაური“) ხალიფა ომარის შემდეგ ხალიფათა საპატიო ტიტულად იხმარებოდა.
- „ამირ ალ-უმარა“ („მეთაურთა მეთაური“) აბასიდების მმართველობის ხანაში მხედართმთავრის ტიტული, ხოლო ოტომანთა იმპერიაში კი „გუბერნატორის“ შესატყვისი იყო.
- „ამირ ალ-ბაჰრი“ („ზღვათა მეთაური“, ძველქართულად „ამირბარი“) საზღვაო ძალების მეთაურის ტიტული იყო. სიტყვა „ადმირალი“ აქედან მომდინარეობს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 395.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- WorldStatesmen რელიგიური ორგანიზაციები - მუსლიმანური ქვეყნები