იშხნის საქტიტორო რელიეფი
იშხნის საქტიტორო რელიეფი — იშხნის ტაძრის ტიმპანის ქვა. აღმოჩნდა იშხნის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, კომპლექსის ეზოში მიწის დადაბლების დროს. აღმოჩენის ზუსტი ადგილი და სხვა დეტალები უცნობია. რელიეფს 2014 წლის ივლის-აგვისტოში მიაკვლია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერთა ჯგუფმა პროექტის „ტაო-კლარჯეთი – ისტორიისა და კულტურის ძეგლები“ ექსპედიციის ფარგლებში, ქალაქ რიზეს მუზეუმში. ტიმპანი დაზიანებულია. მისი ზომებია: სიგანე — 113 სმ, სიმაღლე — 57,5 სმ, სისქე — 26,5 სმ. მეცნიერების მოსაზრებით იგი დასავლეთი კარიბჭის ნაწილი უნდა ყოფილიყო. რელიეფის გაფორმებისა და სტილის მიხედვით თარიღდება XI საუკუნით.
აღწერა
რედაქტირებატიმპანის ქვის ზედაპირი სრულად არის დამუშავებული. გარშემო დატოვებულია ვიწრო ზოლი, დანარჩენი არე კი შემოსაზღვრულია დამუშავებული კანტით, რომელიც ალაგ-ალაგ ან მარყუჟს აკეთებს, ან კომპოზიციის გასაფორმებელ იგივე ტიპის კანტებს ეწვნის. ცენტრში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით, მარჯვნივ კი ქტიტორი. მარცხენა მხარეს წნული კანტებით მოსაზღვრული ორი მედალიონია, რომლებშიც ლომი და კურდღელია გამოქანდაკებული. ღვთისმშობლისა და მაცხოვრისკენ შებრუნებულ ქტიტორს ხელში ტაძრის მოდელი უჭირავს.
ღვთისმშობლის გამოსახულებასთან არის განმარტებითი ასომთავრული წარწერა თავთან, აქეთ-იქით: „დ(ე)დ(ა)ჲ ღ(მრთისა)ჲ“. ქტიტორის გამოსახულებასთან არანაირი განმარტებითი წარწერა არ გვხვდება.
ტიმპანი მეცნიერების აზრით განზრახ არის დაზიანებული. ღვთისმშობლის, მაცხოვრის და ქტიტორის სახეები ჩამოთლილია. ჩამოტეხილია ქტიტორის მარცხენა ხელი, აგრეთვე მაცხოვრის ხელის მტევანი, რომელშიც გრაგნილი უჭირავს. ქვა ქტიტორის გამოსახულებასთან ორ ნაწილადაა სიგრძეში გაპობილი.
ვინაიდან საქტიტორო რელიეფი რელიგიურ კომპოზიციასა და ადამიანთა გამოსახულებებს შეიცავდა იგი ტაძრის მეჩეთად გადაკეთებისთანავე უნდა ჩამოაგდოთ.