თაყა ფანასკერტელი
თაყა ფანასკერტელი — XIII-XIV საუკუნეების სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალი, შავშეთისა და ტაოს მემამულე. ტაოს ერისთავი. თაყას წინ ფანასკერტელად ჩანს გრიგოლი, რომელიც შესაძლებელია თაყას მამა იყო. ფანასკერტელს ცოლად ჰყოლია დემეტრე II თავდადებულის ქალიშვილი რუსუდანი. ფანასკერტელს 1306 წელს თორთომის ციხესთან ბრძოლა გაუმართავს სამხრეთ საქართველოში აზატ მოსეს ხელმძღვანელობით შემოჭრილ რუმის თურქთა მრავალრიცხოვანი ლაშქრისათვის. მან დიდი ზიანი მიაყენა მტერს, მაგრამ მრავალრიცხოვნობის გამო ვერ სძლია და ვერ განდევნა. თორთომის ციხესთან ფანასკერტელის ბრძოლა, მკვლევართა აზრით (დ. ბერძენიშვილი), მოწმობს, რომ ეს ციხე მას ეკუთვნოდა. ფანასკერტელი სამცხის მთავრის ბექა I ჯაყელის თანამედროვეა და შესაძლებელია მისი ყმა-ვასალიც იყო - მასთან ერთად ებრძოდა თურქებს. თაყას მომდევნო ფანასკერტელი ამირღამბარი, რომელიც, როგორც ჩანს, თაყას შვილი იყო.
წყაროები
რედაქტირება- ბასილი ეზოს მოძღუარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2 თბ.1959;
- ისტორიანი და აზმანი შარავანდელთანი, იქვე;
- ჟამთააღმწერელი, იქვე
- ქართლის ცხოვრების გაგრძელებები, იქვე;
- იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები, წგნ.: მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI—XVII სს.), თბ., 1962;
- სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV—XVI სს.), ქრ. შარაშიძის გამოც., თბ., 1961
ლიტერატურა
რედაქტირება- ბერძენიშვილი დ., ფანასკერტელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიიდან (წერაქვის უცნობ წარწერასთან დაკავშირებით), «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1960, ტ. 1;
- შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 10, გვ. 217, თბ., 1986