რუსუდანი (დემეტრე II-ის ასული)
რუსუდანი – დემეტრე II თავდადებულის ასული, რომელიც შეეძინა ტრაპიზონის კეისრის ასულისაგან.[1] XIII საუკუნის 80-იან წლებში დემეტრე მეფემ გაათხოვა მონღოლეთში ყველაზე დიდი გავლენის მქონე, დიდი ემირის, ბუღას ვაჟზე.[1] ამ ქორწინების პოლიტიკური მოტივი მონღოლთა ყაენის კარზე დემეტრე მეფისადმი ნდობის განმტკიცება იყო, მაგრამ ეს შედეგი მოკლევადიანი აღმოჩნდა. 1288 წელს გამომჟღავნდა ბუღას შეთქმულება არღუნ ყაენის წინააღმდეგ. ბუღა და მისი ოჯახის წევრები, მათ შორის რუსუდან დედოფლის მეუღლეც, სიკვდილით დასაჯეს. 1289 წელს მონღოლებმა ამ შეთქმულებაში მონაწილეობის საბაბით დემეტრე მეფეს თავი მოჰკვეთეს. უცნობია, როგორ გადაურჩა დასჯას რუსუდან დედოფალი. შესაძლოა, მაშინ იგი უკვე საქართველოში იმყოფებოდა და ამით აიცდინა სასჯელი. ყოველ შემთხვევაში, მეუღლისა და მამის სიკვდილის მერე რუსუდან დედოფალი საქართველოში ჩანს. რამდენიმე ხანში იგი ცოლად გაჰყვა ტაოს მკვიდრ დიდებულს, თაყა ფანასკერტელს.
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვინაქსარში რუსუდან დემეტრე მეფის ასულისა და თაყა ფანასკერტელის სახელზე სამი აღაპია ჩაწერილი, საიდანაც ვიგებთ, რომ რუსუდან დედოფალმა და თაყა ფანასკერტელმა „დიდსა დაჭირვებასა შინა“ 7 ათასი თეთრი შესწირეს ჯვრის მონასტერს, რის საფასურად მონასტერმა მათ აღაპი გაუჩინა. რუსუდანს საკუთარი სულის მოსახსენიებლად დამატებით კიდევ 1000 თეთრი გაუგზავნია ჯვრის მონასტრისათვის.
რუსუდან დედოფალი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაბრუნებულა ქართლში და აღუდგენია გუდარეხის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი, რომლის შესახებაც გვაუწყებს ტაძრის სამშენებლო წარწერა.[2] რუსუდანის მიერ გუდარეხის აშენების ფაქტს ადასტურებს აგრეთვე XVI საუკუნის ისტორიული საბუთი, რომლის მიხედვითაც დედოფალი დაკრძალული ყოფილა გუდარეხის მონასტერში.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი III, თბ. 1979
- გ. მჭედლიძე, გუდარეხის მონასტრის ისტორიისათვის, მრავალთავი XIII, გამომცემლობა მეცნიერება, თბ, 1986
- გ. მჭედლიძე, გუდარეხის მონასტრის მაშენებელი რუსუდან დედოფალი, მრავალთავი XVII, გამომცემლობა მეცნიერება, თბ, 1992
- საქართველოს ისტორია, ტ. II, თბ. 2008