თორთომის ციხე
თორთომის ციხე (თურქულ წყაროებში თორთუმი, ევროპულ წყაროებში კორკონი) — არქიტექტურული ძეგლი ისტორიულ ტაოში (ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე), მდინარე ოლთისისწყლის მარცხენა შენაკადის, — თორთომისწყლის სათავეებთან. ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში თორთომის ციხე კარგად ყოფილა შემონახული და, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი შენიშნავს, ძლიერ წააგავდა გორის ციხეს.
თორთომის ციხე დიდი და კარგად გამაგრებული სიმაგრე ყოფილა. თურქების დახასიათებით:
„თორთუმის ციხესიმაგრე, ერთ-ერთი უმტკიცესი, ჯოჯოხეთური და აუღებელი სიმაგრე, ცის კამარას მიბჯენილი ბასტიონებით, ერთ-ერთი ყველაზე განთქმულია ციხესიმაგრეთა თანავარსკვლავედში.“
|
თორთომის შიდაციხეში სხვადასხვა საფორტიფიკაციო ნაგებობასთან ერთად განლაგებული ყოფილა საცხოვრებელი სახლები და ეკლესია, რომლის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. ოსმალთა დაპყრობების შემდეგ თორთომის ციხეში სულთან სულეიმანის ჯამეც გაჩნდა. ციხის ქვედა გარეუბანში შვიდასამდე კეთილმოწყობილი ნაგებობა მდგარა. ქალაქს ჰქონდა აბანოები, ფუნდუკები, დუქნები. აქვე ყოფილა მარილის საბაჟოც. საცხოვრებელ სახლებს გარს ერტყა ბაღ-ვენახები. თორთომის ციხე ტაოს ერთ-ერთი თემის – თორთომის – ადმინისტრაციული ცენტრი იყო. დროთა განმავლობაში მას სხვადასხვა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა, მ. შ. ფანასკერტელები, ჯაყელები. XVI საუკუნის დასაწყისში ციხეს დაეუფლნენ ჯაყელთა ვასალები, ქურცინა და მისი შვილები. ამავე საუკუნის შუა წლებში მას განაგებდა ვინმე როსტომი. თორთომის ციხეს უაღრესად დიდი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მცირე აზიიდან საქართველოში შემომავალ უმთავრეს გზებს იცავდა. ციხის მდებარეობა საშუალებას აძლევდა მეციხოვნეებს გამკლავებოდნენ მოწინააღმდეგის ჭარბ ძალასაც (მაგ., ციხესთანთან თაყა ფანასკერტელმა დაამარცხა შემოსული თურქმანი დამპყრობლები). ეს გარემოება მტერმაც კარგად იცოდა და საქართველოში დასამკვიდრებლად ამ ციხის აღებასაც ცდილობდა. XI საუკუნეში ციხეში ბიზანტიური გარნიზონი იდგა, მოგვიანებით კი, XIV–XV საუკუნეებში, ციხე თემურლენგისა და უზუნ-ჰასანის ჯარისკაცებს ეპყრათ. მაგრამ მტრის ყოველი ასეთი წარმატება ეპიზოდური ხასიათისა იყო. 1549 წელს, ერთკვირიანი ბრძოლის შემდეგ, თორთუმის ციხე ოსმალებმა აიღეს და იგი თორთომის სანჯაყის ადმინისტრაციულ ცენტრად გამოცხადდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭეიშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 93-94.
- აბულაძე ც., თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის, თბ., 1983
- Такайшвили Е., Археологическая экспедиция 1917 года в южные провинции Грузии, Тб., 1952