გრიგოლ განმანათლებელი

გრიგოლ განმანათლებელი, პართელი (სომხ. Գրիգոր Լուսավորիչ, დ. დაახლოებით 239 — გ. 326) — პართიული წარმოშობის სომეხი საეკლესიო მოღვაწე. სომხეთის ქრისტიანული ეკლესიის ფუძემდებელი და პირველი ეპისკოპოსი.

გრიგოლ განმანათლებელი (XIV საუკუნის ბიზანტიური ფრესკა)

ტრადიცია გრიგოლ განმანათლებელს მიაწერეს ქრისტიანობის გავრცელებას სომხეთში. მისი ცხოვრების ამსახველი წყაროა აგათანგელოსის „სომხეთის ისტორია“, რომელმაც ჩვენამდე რამდენიმე ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ვერსიით მოაღწია. აგათანგელოსის მიხედვით, გრიგოლ განმანათლებელი იყო ძე ანაკ პართელისა, რომელმაც ღალატით მოკლა სომხეთის პირველი ქრისტიანი მეფის თრდატ III-ის მამა ხოსრო. შურისძიების შიშით მცირეწლოვანი გრიგოლი კაპადოკიაში გახიზნეს, სადაც ქრისტიანულ წესზე აღზარდეს. სომხეთში დაბრუნებულმა ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, მაგრამ მისი ვინაობა მალე გამომჟღავნდა. თრდატ III-ის ბრძანებით გრიგოლ განმანათლებელი ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ ხაროში ჩააგდეს. იგი „ღვთაებრივი სასწაულით“ გადაურჩა სიკვდილს და სამეფო კარს ქრისტიანობა მიაღებინა. მალე ქრისტიანობა სომხეთის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა (301 ან 315/316) და გრიგოლ განმანათლებელი პირველ ეპისკოპოსად აკურთხეს კესარეაში. ზოგჯერ სომხურ ეკლესიას მისი სახელის მიხედვით გრიგორიანულსაც უწოდებენ. სიცოცხლის ბოლო წლებში მან ეპისკოპოსად აკურთხა თავისი ძე არისტაკესი, თვითონ კი განმარტოვდა დარანალის გავარის მანის ქვაბებში და იქვე აღესრულა. რამდენიმე წლის შემდეგ გრიგოლის ცხედარი გადაასვენეს სოფელ თორდანში.

აგათანგელოსის სახელით ცნობილი თხზულების ბერძნული და არაბული ვერსიების მიხედვით, გრიგოლმა სებასტიელ მღვდელს ირენარქე-იბირზხუას მისცა მიტროპოლიტობა და გამოგზავნა იბერიაში ეპისკოპოსების დასადგენად. ქართული წყაროები ამ ცნობებს არ ადასტურებენ.

მიუხედავად ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის მომხდარი საეკლესიო განხეთქილებისა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ცნობს მის კულტს, ვინაიდან მან იქადაგა „მართალი სარწმუნოება“. ძველ ქართულ მწერლობაში დაცულია წმინდა გრიგოლისადმი მიძღვნილი საგალობელი, ხოლო ქართულ ენაზე შემონახულია მის ცხოვრებასთან დაკავშირებული ან მასზე მიწერილი თხზულებები: „ცხოვრება წმინდა გრიგოლ პართელისაჲ“, „რიფსიმეანთა წამება“ და „სარწმუნოებისათვს“.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., ძველი სომხური საისტორიო მწერლობა, წგნ. 1, ტფ., 1935;