საეკლესიო განხეთქილება კავკასიაში

საეკლესიო განხეთქილება კავკასიაში — უთანხმოება ამიერკავკასიის ეკლესიებს შორის ქრისტოლოგიური დოგმატიკის საკითხებზე, რომელიც VII საუკუნის დამდეგს მათ შორის ოფიციალური ურთიერთობის გაწყვეტით დამთავრდა. უთანხმოების რეალური საფუძველი სხვადასხვა საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია იყო.

ერთიანი რელიგიის პლატფორმა ქართულმა, სომხურმა და ალბანურმა ეკლესიებმა პირველად დვინის საეკლესიო კრებაზე (506 წელი) აღიარეს. კრებამ მხარი დაუჭირა ბიზანტიის კეისართა დიოფიზიტ-მონოფიზიტთა შემრიგებლურ პოლიტიკას. თანდათან ახლო აღმოსავლეთში ნათლად გამოიკვეთა აღმოსავლეთის იმპერიების რელიგიური პოლიტიკა. მცირე ხნის მერყეობის შემდეგ ბიზანტიამ მხარი დაუჭირა ქალკედონიტობას, ხოლო ირანმა — მონოფიზიტობას. შესაბამისად, კავკასიის ქვეყნებს, რომელთაც უკვე დაკარგული ჰქონდათ დამოუკიდებლობა, უნდა გაერკვიათ თავიანთი პოლიტიკური ორიენტაცია და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული მრწამსი. უთანხმოების პირველი ნიშნები VI საუკუნის II ნახევრის დასაწყისში გაჩნდა, როდესაც სომხურმა ეკლესიამ ირანის უზენაესობა აღიარა და დვინის ადგილობრივ კრებაზე მონოფიზიტობის მემარცხენე მიმდინარეობა (ივლიანიტობა) გამოაცხადა თავის ოფიციალურ მრწამსად. ქართლისა და ალბანეთის ეკლესიებმა დვინის კრების განსაზღვრებებს მხარი არ დაუჭირეს, არ დაგმეს ქალკედონის საეკლესიო კრება, მაგრამ არც ანტომონოფიზიტობას დაადგნენ აქტიურად. ირანის იმპერიამ VI საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს კიდევ სცადა ბიზანტიის საწინააღმდეგოდ ერთიანი მონოფიზიტური ბანაკი შეეკრა ამიერკავკასიაში. ამ ცდას მხოლოდ ნაწილობრივი წარმატება მოჰყვა შედეგად: მონოფოზიტობა აღიარეს ქართლისა და ალბანეთის სომხეთთან სასაზღვრო პროვინციების შერეული მოსახლეობის მქონე სომხურენოვანმა თემებმა. სამაგიეროდ ამავე საუკუნის მიწურულს სომხურ ეკლესიას დროებით ჩამოსცილდა ტაოს საეპისკოპოსო.

VI საუკუნის ბოლოს ქართლის ეკლესიას სათავეში ჩაუდგა წარმოშობით ქართველი, მაგრამ სომხური მონოფიზიტური წრეებიდან გამოსული კათოლიკოსი კირონ I. სომხეთის პატრიარქის ვარაუდით ამ აქტს ქართლში მონოფიზიტთა პოზიციები უნდა გაემაგრებინა. პირიქით კი მოხდა, კირონმა დაიწყო დიდი ეროვნულ-რელიგიური პროგრამის განხორციელება, რომელსაც მიზნად ჰქონდა შერეული მოსახლეობის პროვინციების სრული გაქართველება და საქართველოს ერთიანობისათვის იდეოლოგიური ნიადაგის შემზადება. VII საუკუნის დასაწყისში ახლო აღმოსავლეთში ისეთი პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა, რომ ქართლს ირანის რელიგიის ზეგავლენისაგან გამოსვლა და საეკლესიო დამოუკიდებლობის შენარჩუნება მხოლოდ ქალკედონიტობის ოფიზიალური აღიარებით შეეძლო.

საეკლესიო განხეთქილება კავკასიაში გარდაუვალი გახდა. 604 — 609 წლებში ქართლის და სომხეთის ეკლესიების მეთაურთა შორის გაცხოველებული მიმოწერა მიმდინარეობდა რელიგიურ და ეროვნულ საკითხებზე. შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სომხურმა ეკლესიამ ურთიერთობა გაწყვიტა ქართლისა და ალბანურ ეკლესიებთან. VII საუკუნეში ჯერ ირანის, ხოლო შემდეგ ბიზანტიის ზემოქმედებით კიდევ 2-ჯერ მოხერხდა ამიერკავკასიის ეკლესიების ერთი მრწამსით გაერთიანება. VIII საუკუნის 20-იან წლებში კავკასიაში საბოლოოდ გაფორმდა 2 იდეოლოგიური ბანაკი: ქალკედონიტური (ქართლი) და მონოფიზიტური (სომხეთი და ალბანეთი).

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ალექსიძე ზ., რელიგიური სიტუაციის შესახებ VI საუკუნის კავკასიაში, «მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1974, № 1;
  • Джавахов И. А., Истории церковного разрыва между Грузией и Арменией в начале VII века, «Известия Академии наук», VI церия, 1908, № 5;
  • ალექსიძე ზ., ქსე, ტ. 8, გვ. 625-626, თბ., 1984