შაფსუღები (ადიღ. шапсыгъ, რუს. шапсуги) — ადიღეელების ეთნოგრაფიული ჯგუფი, წარსულში ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ადიღეური ტომი. ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში, ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიის შავი ზღვის სანაპიროზე, კრასნოდარის მხარის სამხრეთში (სოჭი, ტუაფსეს რაიონი). მათი საერთო რაოდენობა 2010 წლის აღწერის მიხედვით 3 882 ადამიანია.[1] ცხოვრობენ ადიღეს რესპუბლიკაშიც (დაახლოებით 4 500 ადამიანამდე), სადაც შაფსუღების უმეტესობა ადიღეელებად არის აღრიცხული. ისტორიული შაფსუღების შთამომავლები ცხოვრობენ თურქეთში, სადაც ისინი ადიღეური წარმოშობის ხალხთა თითქმის 20 %-ს შეადგენენ, ასევე იორდანიასა და ისრაელში. საუბრობენ ადიღეური ენის შაფსუღურ დიალექტზე. მორწმუნეთა უმრავლესობა მუსლიმი-სუნიტია.

შაფსუღები
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დროშა: რუსეთი რუსეთი 3 882
დროშა: თურქეთი თურქეთი უცნობია
იორდანიის დროშა იორდანია უცნობია
ენები ადიღეური ენა (შაფსუღური დიალექტი), რუსული ენა
რელიგიები მუსლიმი-სუნიტები
 
კიზბეჩი (გ. 1840), შაფსუღების ბელადი კავკასიის ომის დროს (მხატვარი — ჯეიმზ ბელი).

წარსულში შაფსუღები შავიზღვისპირა ადიღეების ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფი იყო. ამ სახელწოდებით პირველად XVIII საუკუნის 20-იანი წლების ოსმალურ წყაროებში იხსენიებიან ყირიმის სახანოსთან ადიღეელების ბრძოლასთან დაკავშირებით. 1743 წლით დათარიღებული რუსული ისტორიული დოკუმენტებით ცნობილია ხალხი სახელწოდებით „შაფსე“ (шапсе), რომლებიც აბაზების მეზობლად ცხოვრობდნენ.

შაფსუღების ისტორიული სამოსახლო იყო მდინარეებს — ჯუბღასა და შახეს შორის მოქცეული სანაპირო (მცირე შაფსუღი) და კავკასიონის ტყით დაფარული ჩრდილოეთი კალთები ანთხირის, აბინის, აფიპსის, ბაქანის, შებშის და სხვა მდინარეების გასწვრივ (დიდი შაფსუღი). 1790-იან წლებში შაფსუღებმა თითქმის მთლიანად გააძევეს თავიანთი აზნაურული ზედაფენის წარმომადგენლები („უორკები“), რომლებიც მეზობელ მეტოქე ტომებს (განსაკუთრებით, ბჟედუღებს) მიეკედლნენ ან რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობა მიიღეს. შაფსუღების ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდია 1792 წლის 30 ივნისის ბზიუკის ბრძოლა, რომელშიც ბჟედუღებმა შავიზღვისპირა კაზაკების მხარდაჭერით დაამარცხეს შაფსუღები, რამაც დასაბამი დაუდო ამ სამ თემს შორის მრავალწლიან ქიშპობასა და ურთიერთთავდასხმებს.

XIX საუკუნეში შაფსუღები აქტიურად მონაწილეობდნენ რუსეთის ექსპანსიის წინააღმდეგ კავკასიის ომში (1817-1864). 1850-იან წლებში შედიოდნენ იმამ შამილის მიერ შექმნილ მთიელ ხალხთა კავშირში, 1860 წელს კი აბაძეხებთან, უბიხებთან და ნატუხელებთან ერთად შექმნეს საერთო მეჯლისი. 1864 წელს რუსეთის გამარჯვების შემდეგ იძულებული გახდნენ მასობრივად გადასახლებულიყვნენ ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე (მუჰაჯირობა), სადაც მათი ნაწილობრივი ასიმილაცია მოხდა. კავკასიაში დაახლოებით 5 000-მდე შაფსუღი დარჩა, მათი ისტორიული მიწები კი ძირითადად სლავი, სომეხი და ბერძენი მოახალშენეებით დაასახლეს.

საბჭოთა რუსეთში 1924-1945 წლებში არსებობდა შაფსუღის ეროვნული რაიონი, რომლის აღდგენის მოთხოვნით გარკვეული მოძრაობა იყო 1990-იანი წლების დასაწყისში. რუსეთის მთავრობის 2000 წლის დადგენილებით შაფსუღები „რუსეთის მცირერიცხოვან მკვიდრ ეროვნებათა ჩამონათვალშია“ შეყვანილი.[2]

მოსახლეობა

რედაქტირება

თანამედროვე რუსეთში შაფსუღები კომპაქტურად ცხოვრობენ კრასნოდარის მხარის ტუაფსეს რაიონის რამდენიმე აულში (აღუი-შაფსუღი, ბოლშოე ფსეუშხო, მალოე ფსეუშხო, ფსებე; სულ 1 900 მცხოვრები), ქალაქ სოჭის ლაზარევსკოეს რაიონში (დასახლებები: ხაჯიკო, ყალეჟი, ლიგოტხი, ნაჯიღო, ბოლშოი კიჩმაი, მალი კიჩმაი, თხაგაფში, შხაფიტი; სულ 2 600 მცხოვრები).[1] ადიღეს რესპუბლიკაში მცხოვრები შაფსუღების უმეტესობა (დაახლოებით 4 500 ადამიანამდე) ადიღეელებად არიან აღრიცხული. ისინი ტახტამუკაის რაიონში (აულები: აფიპსიპი, პანახესი, ფსეიტუკი, ხაშტუკი) ცხოვრობენ.

შაფსუღების კულტურა და ტრადიციები მსგავსია სხვა ადიღეური ხალხებისა. საუბრობენ ადიღეური ენის შაფსუღურ დიალექტზე, რუსეთში მცხოვრები შაფსუღების უმეტესობა ასევე – რუსულ ენაზე. მორწმუნეები სუნიტი მუსლიმები (ჰანაფის სკოლა) არიან. შემორჩენილია ფოლკლორი (ზღაპრები, ლეგენდები, მითები). აულ ლიგოტხში მოქმედებს მუზეუმი „შავიზღვისპირა შაფსუღის კარმიდამო“. შაფსუღერი ეთნიკური კულტურის ნიმუშები წარმოდგენილია ასევე ლაზარევსკოეს ეთნოგრაფიულ მუზეუმში. გამოიცემა ნაციონალური პრესა — გაზეთი „შაფსუღია“ (გამოდის ლაზარევსკოეში 1991 წლიდან).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Бзиюкская битва // Военная энциклопедия : [в 18 т.] / под ред. В. Ф. Новицкого … [и др.]. — СПб. ; [М.] : Тип. т-ва И. Д. Сытина, 1911—1915;
  • Шапсуги // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Официальный сайт Всероссийской переписи населения 2010 года. Информационные материалы об окончательных итогах Всероссийской переписи населения 2010 года.
  2. Единый перечень коренных малочисленных народов Российской Федерации (утв. постановлением Правительства РФ от 24 марта 2000 г. N 255) (с изменениями от 13 октября 2008 г., 18 мая, 17 июня, 2 сентября 2010 г.).