ლემი
„ლემი“ — ზოომორფული დროშა, რომელიც დაცულია სვანეთში სეტის წმინდა გიორგის ეკლესიაში (მესტიის რაიონი). გამოჰქონდათ ზაფხულის დღესასწაულზე, „ხილიშზე“ („ჰჷლიშ“). „ლემი“ ხისტარიანი იყო. ტარს ჩამოცმული ჰქონდა ვერცხლის შუბისებრი თავი, რომელზეც წმინდანთა გამოსახულებები და ასომთავრული წარწერა იყო ორივე მხარეზე. კერავდნენ აბრეშუმის ქსოვილისაგან, უკეთებდნენ ვერცხლის ყბებს, კბილებსა და ენას. თავზე აკერებდნენ ყურებს, თვალები და ცხვირი გამოჰყავდათ ვერცხლისფერი სირმით. დროშას, კუდის ჩათვლით 2,4 მსიგრძე ჰქონდა. სწრაფი მოძრაობისას ჰაერით ივსებოდა და ცხოველის ფორმას იღებდა.
ხალხური გადმოცემა პირველი „ლემის“ დამზადებას ქალღვთაება ლამარიას მიაწერს, ზოგი კი თამარ მეფეს. „ლემი“ სეტის წმინდა გიორგის ყველაზე ძლიერ რელიკვიად ითვლებოდა. მას განაგებდა და იცავდა პრივილეგირებული გვარიდან არჩეული მელომე, რომელიც ლემით ხელში წინ უძღოდა ლაშქარს ომიანობისას. დღეობის ბოლოს იმართებოდა დოღი, სადაც მელომეც იღებდა მონაწილეობას. მისი გამარჯვება საქმეში გამარჯვებასა და ხვავრიელ წელიწადს ნიშნავდა.
ლემი არქაული წარმომადგენების საფუძველზეა აღმოცენებული. იგი უნდა უკავშირდებოდეს სვანეთში დამოწმებულ ტოტემური მგლის რწმენებს, შესაძლოა წმ. გიორგის ზოომორფული გამოვლინებაც იყოს. ანალოგიური დროშები გავრცელებული იყო სკვითებს, სარმატებსა და პართელებს შორის, საიდანაც გადაიღეს რომაელებმა და სასანურმა ირანმა. აქედან კი — ბიზანტიელებმა და შუასაუკუნეების ევროპელებმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბარნაველი ს., ქართული დროშები, თბ., 1953;
- Бардавелидяе В. В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957;
- ი. სურგულაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 167.