ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ისინი — ქართველი რეჟისორის — ლევან ზაქარეიშვილის 1992 წლის მხატვრული ფილმი. მიჩნეულია ერთ-ერთ საკულტო ფილმად, 70-იანი — 80-იანი წლების ქართველი ახალგაზრდობის შესახებ.

შინაარსი

რედაქტირება

1975 წლის მაისი. გია, კოსტია, თემო და ნუკრი თბილისის ერთ-ერთ მრავალსართულიან უბანში ცხოვრობენ და მეგობრობენ. ბიჭები ხან თემოს კუთვნილ ავტოფარეხში იკრიბებიან, ხანაც — ქალაქგარეთ გადიან თემოსავე პატარა მანქანით, მოიხმარენ ნარკოტიკს, ცურავენ, ერთობიან, ან უბრალოდ — ლაზღანდარობენ. ამგვარი ყოფა ტრაგიკულად სრულდება — თემო ნარკოტიკის მოხმარების შედეგად იღუპება, გიას კი, ვინც თემოს ნარკოტიკი გაუკეთა — აპატიმრებენ.

შრომა-გასწორების კოლონიაში გია ხვდება მახარას — ნარკომოვაჭრეს, რომელსაც თავის დროზე მან და მისმა მეგობრებმა ნარკოტიკი წაართვეს. მახარა კრიმინალური ავტორიტეტია და ხალხი უსიტყვოდ ემორჩილება მას. მახარა გიას ვალის დაბრუნებას სთხოვს. გია უარზეა. მას სასტიკად სცემენ. გია მილიციას არ უმხელს თავდამსხმელების ვინაობას, რის გამოც კარცერში ხვდება.

კარცერიდან გამოსვლის შემდეგ გია შუამავალს მახარასთან მიჰყავს. კამერაში სუფრაა გაშლილი. მახარა გიას სპირტს უსხამს, ეუბნება, რომ ანგარიში გასწორებულია და ემუქრება, რომ ამის შემდეგ აღარ გაბედოს ურჩობა. გია პასუხად სუფრიდან დანას იტაცებს, შუამავალს კლავს და სანამ მახარა აზრზე მოვიდოდეს, მასაც ერთიანად დაჩეხავს. ამის გამო გიას ციმბირის მკაცრი რეჟიმის ბანაკში ასახლებენ ხანგრძლივი ვადით.

ბანაკში უმკაცრესი საარსებო პირობებია. პატიმრებს მშენებლობაზე ამუშავებენ. გია უეჭველ სიკვდილს გადაარჩენს უზბეკ პატიმარს — ნურის, რომელიც მას უმეგობრდება. თბილისიდან გიას არავინ ეხმიანება, გარდა დედისა, რომელიც ავადმყოფობს. გიას კოშმარული სიზმრები სტანჯავს. ერთხელაც მას ბანაკის უფროსთან იძახებენ. აქ მას გაოცება ელის — ერთ დროს უბნის რწმუნებული ოთარი, რომელიც უკვე პროკურატურაში მუშაობს, კოლონიაში სხვა პატიმრის დასაკითხად ჩამოსულა და გიას მონახულებაც გადაუწყვეტია. მისგან გია შემთხვევით გაიგებს დედის გარდაცვალების ამბავს, რის გამოც თვითმკვლელობას ცდილობს და მხოლოდ თანასაკნელების სწრაფი მოქმედება გადაარჩენს.

პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ გია თბილისში ბრუნდება, მაგრამ, ყველაფერი შეცვლილი ხვდება. უკვე 1989 წელია. აღარც ძველი ხალხია, აღარც — ძველი გარემო. ნუკრი მეგობარს ახლოს არ იკარებს, მას უკვე სხვა ცხოვრება აქვს. მხოლოდ კოსტია ნახულობს გიას, მაგრამ, ფიზიკურად და ემოციურად გამოფიტული გიასათვის უკვე აღარაფერს აქვს მნიშვნელობა. დედის საფლავის მონახულების შემდეგ ბარგს ალაგებს და ტაშკენტში მიდის.

ტაშკენტში გია მოძებნის ნურის, რომელიც კრიმინალური ავტორიტეტი გამხდარა და ნარკოტიკებით ვაჭრობით და რეკეტით არის დაკავებული. ნური კარგად მიიღებს ბანაკელ მეგობარს და თავის საქმიანობაში ჩააბამს, მაგრამ, უცხო გარემო, უცხო ხალხი და კრიმინალური ცხოვრება მხოლოდ აღრმავებს გიას სულიერ რღვევას. მას კონფლიქტი მოსდის ნურისა და სინდიკატის სხვა წევრებთან, ვერც პირად ცხოვრებას აწყობს. ბოლოს კოსტიასაგან შეიტყობს, რომ ბიჭი, ვისაც მან ჯერ კიდევ 1975 წელს ბუცები აჩუქა, როგორც იმედისმომცემ ფეხბურთელს, ნარკოტიკის მოხმარებისაგან დაღუპულა. მორალურად განადგურებული გია სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

ბოლოსიტყვაობა

რედაქტირება

ფილმს ბოლოს დაერთვის ნაწყვეტი მათეს სახარებიდან — მე-18 თავის მე-12 — მე-14 მუხლები[1]:

"ვითარ ჰგონებთ თქუენ: კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოვარი და შეცსთეს ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა და ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი მთათა ზედა და წარვიდეს და მოიძიოს შეცთომილი იგი?

და რაჟამს პოოს იგი, ამენ გეტყჳ თქუენ: უფროჲს უხაროდის მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდა ათცხრამეტთა მათ, რომელნი არა შეცთომილ იყვნეს.

ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა თქუენისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი."

პერსონაჟები

რედაქტირება
„ისინი“
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი ლევან ზაქარეიშვილი
პროდიუსერი ზურაბ დიღმელაშვილი , გიორგი სალაძე , რობერტ ბაქრაძე , თამაზ ორაშვილი
სცენარის ავტორი გია ბადრიძე, ლევან ზაქარეიშვილი
როლებში

ზაქარია (ზაზა) კოლელიშვილი

მინდია ლორთქიფანიძე
კომპოზიტორი თამაზ ყურაშვილი
ოპერატორი ოლეგ ბაშნინი
მონტაჟი ლალი კოლხიდაშვილი , ნუნუ თავბერიძე
მხატვარი თამარ ფოცხიშვილი , გია ლაფერაძე

გია — ფილმის დასაწყისში 18 წლისაა. ბავშვობაში გატაცებული იყო ფეხბურთით და მარკების შეგროვებით, შემდეგ — რაიმე გამოკვეთილი ინტერესი არ გააჩნია. აქვს ფეთქებადი და კონფლიქტური ხასიათი. ცხოვრობს დედასთან ერთად, მამა სვამს და ოჯახი მიტოვებული ჰყავს (ფილმის ბოლოს არის მინიშნება, რომ შეიძლება, მამაც გარდაცვლილი იყოს).

თემო — ფიზიკურად სუსტი ბიჭი, მორიდებული ხასიათი აქვს, კონფლიქტებს გაურბის, უყვარს მუსიკა, კარგად ცეკვავს და უკრავს გიტარაზე. აგროვებს მუსიკოსების და კინოვარსკვლავების ფოტოებს და პლაკატებს, ჰყავს ავტომანქანა ЗАЗ-965 და უყვარს ჩხირკედელაობა. შეძლებული ოჯახიდანაა.

ნუკრი — შეძლებული ოჯახის შვილი. ფილმის დასაწყიში — სტუდენტი, ბოლოს — სამშენებლო კომბინატის ხელმძღვანელი. თემოს სიკვდილის შემდეგ მეგობრებს შორდება და მათთან ურთიერთობებს წყვეტს.

კოსტია — მეტსახელად "რიჟა", თბილისელი რუსი. ქართულად აქცენტით საუბრობს. მეგობრებში ყველაზე უფროსი და გამოცდილი, გუნდის იდეური ხელმძღვანელი და კონფლიქტების მომგვარებელი.

მიშიკო — ფილმის დასაწყისში — 10-12 წლის ბიჭი, შემდეგ — ცნობილი ფეხბურთელი. ბავშვობაში გია ჩუქნის თავის ბუცებს. მიშიკო ერთადერთია თბილისელი ნაცნობებიდან, ვინც გიას ციმბირში უგზავნის მოკითხვის წერილს. განქორწინების გამო სულიერ კრიზისს განიცდის, ერთ-ერთ კამპანიაში ნარკოტიკს მოიხმარს, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდება.

ფილმი ეკრანებზე გამოვიდა 1992 წელს. ამავე წელს შედგა მისი კონკურსგარეშე ჩვენება კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე.[2]

ფილმის მუსიკა ეკუთვნის თამაზ ყურაშვილს, თუმცა, სხვადასხვა ეპიზოდში გამოყენებულია ოცამდე სხვადასხვა ჟანრისა და სტილის მუსიკალური ნაწყვეტი: "ბიტლზის" I want to hold your hand, ბობ მარლის I shot the sheriff ერიკ კლეპტონის შესრულებით, Boney M -ის Daddy cool, ჯემალ სეფიაშვილის "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები", ებრაული ხალხური სიმღერა "ჰავა ნაგილა", "სირტაკი", დუეტი ფილმიდან "ბატონი 420" მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების შესრულებით, ლილი იაშვილის "ბათუმს, ქათქათას" — სულიკო კოროშინაძისა და ნანული აბესაძის შესრულებით, ფანოღური სიმღერები, "კეკელო და მარო", მუსლიმური აზანი და სხვ. ასევე, პერსონაჟები მღერიან ნაწყვეტებს ოპერებიდან "ჯამბაზები" და "ბორის გოდუნოვი" (Мальчишки отняли копеечку..), იეთიმ გურჯის ლექსზე შექმნილი სიმღერიდან "ცივ ზამთარში, უსახლკაროდ..", რევაზ ლაღიძის ნაწარმოებიდან "სიმღერა თბილისზე". ფილმის ფინალში ჟღერს ამერიკული ჯაზ-კოლექტივის Oregon-ის კომპოზიცია Zephyr.

მოქმედი პირები და შემსრულებლები

რედაქტირება

ფილმში პირველად აჟღერდა ჟარგონული სიმღერა "წითელი ბასანოჟკები", რის შედეგადაც მან პოპულარობა მოიპოვა და შემდგომ წლებში სხვადასხვა ვარიაციით რამდენჯერმე იქნა ჩაწერილი როგორც ესტრადის მომღერლების მიერ (ზუზუ ბეჟაშვილი და მარიკა თხელიძე, გიორგი შოშიტაშვილი და თაკო მელიქიშვილი), ისე — არალეგალურად.

იას სინაზე მოვტაცე

გოგონას—ლურჯი პორტმანი,

თუმანი ამოვაცალე,

არ დამიწყია ყოყმანი,

შენ რას ერჩოდი მაგ თუმანს,

შიშველი დამრჩა "ნოჟკები",

უნდა მეყიდა მაგ ფულით

წითელი "ბასანოჟკები".

რესურსები

რედაქტირება

ისინი, ეროვნული ფილმოგრაფია [3]

IMDB [4]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  1. მათეს სახარება.
  2. Умер грузинский кинорежиссер Леван Закарейшвили.
  3. ეროვნული ფილმოგრაფია.
  4. IMDB.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ისინი“-დან