ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პაიაცი ან ჯამბაზები არის კომპოზიტორი რუჯერო ლეონკავალოს ორმოქმედებიანი ოპერა პროლოგით. ლიბრეტოს ავტორი თვით კომპოზიტორი იყო. ლიბრეტო დაიწერა კატულ მენდესის პიესის („ტაბარენელი ქალი“ , 1887 წ.) მიხედვით. მსოფლიო პრემიერა გაიმართა 1892 წელს, 21 მაისს, მილანში.

რუჯერო ლეონკავალო, 1910.

შექმნის ისტორია

რედაქტირება
 
"ჯამბაზების" პირველი აფიშა. 1829 წ.

1890 წელს პიეტრო მასკანის ოპერის „სოფლის ღირსების“ წარმატებით მოხიბლულმა რუჯერო ლეონკავალომ გადაწყვიტა თავადაც დაეწერა მცირე ზომის რეალისტური ოპერა. 1890 წლის შემოდგომაზე მან ოპერის ლიბრეტო შესთავაზა მილანელ გამომცემელს ედოარდო ზონცონოს, რომელსაც მასკანისთანაც ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი და ოპერის შექმნაზე თანხმობაც მიიღო. „ჯამბაზების“ პრემიერა „სოფლის ღირსების“ პრემიერიდან სულ რაღაც ორ წელიწადში შედგა „ტეატრო დალ ვერმეში“ (მილანი, 1892) არტურო ტოსკანინის დირიჟორობით. ამ ოპერის ტრიუმფმა ლეონკავალო ცნობილ პიროვნებად აქცია.

ოპერის ლიბრეტო შთაგონებულია კატულ მენდესის 1887 წელს გამოქვეყნებული პიესით „ტაბარენელი ქალი“. ლეონკავალო ამ პიესის პრემიერის დროისათვის პარიზში ცხოვრობდა და სავარაუდოა, რომ ეს წარმოდგენაც იხილა, შთაგონების წყარო შეიძლება გამხდარიყო აგრეთვე მანუელ ტამაიო ი ბაუსის ესპანური პიესა „ახალი დრამა“, რომლის პრემიერა გაიმართა მადრიდში, 1867 წელს და რომელიც შემდეგ იტალიაშიც დაიდგა 1868 და 1891 წლებში. იმავდროულად საწყისი სიტუაცია (ცხოვრების, ყოფის შეჭრა სპექტაკლში) აგებულია მე-19 საუკუნის დასასრულის ლიტერატურაში გამოყენებული სქემის, ფაბულის მიხედვით.

თვით ლეონკავალო კი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ოპერის ქარგა ეფუძნება ნამდვილ ისტორიას, რომელიც მან ბავშვობაში ნახა. მისი თქმით მსახურმა წაიყვანა იგი წარმოდგენაზე კალაბრიაში, მონტალტო უფუგოში, კომედიანტთა მოხეტიალე ჯგუფის სპექტაკლის სანახავად, რომელზეც ოპერაში განვითარებული მოვლენები სინამდვილეში მოხდა, ანუ მოხეტიალე დასის ეჭვიანმა მსახიობმა წარმოდგენის მსვლელობისას სცენაზე მოკლა მოღალატე ცოლი და მისი საყვარელი. იგი ასევე აცხადებდა, რომ მამამისი, რომელიც მოსამართლე იყო, აწარმოებდა კრიმინალურ გამოძიებას და გააჩნდა ამ ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც არავის აღმოუჩენია. როგორც ჩანს ლეონკავალო ცდილობდა, ამ ისტორიით კიდევ უფრო რეალისტური გაეხადა ოპერა. პრემიერის შემდეგ „ჯამბაზები“ იტალიის მრავალ ოპერის თეატრში დაიდგა, საზღვარგარეთ იგი თავდაპირველად ბერლინში, შემდეგ ვენაში, პრაღაში, ბუდაპეშტში, ლონდონში, ნიუ იორკში, ბუენოს აირესში, სტოკჰოლმში, ბაზელსა და მოსკოვში იხილეს. „ჯამბაზები“ პირველი ოპერაა, რომლის სრული ჩანაწერიც გაკეთდა 1907 წელს.

მასკანის „სოფლის ღირსება“ და ლეონკავალოს „ჯამბაზები“ ხშირად ერთად იდგმება და წარმოადგენენ მასკანისა და ლეონკავალოს საოპერო შედევრებს, რომლებმაც დროს გაუძლეს და სარეპერტუარო სპექტაკლებად დამკვიდრდნენ. ლეონკავალოს დანარჩენ თოთხმეტ ოპერას და ოპერეტას კი იგივე ბედი ხვდა წილად, რაც მასკანის დანარჩენ თხზულებებს — თავაზიანი ინტერესი, მაგრამ არავითარი წარმატება. ორივე ოპერა წარმოადგენს იტალიური ვერიზმის კაშკაშა, დრამატული, ცოცხალი, ლირიკული სტილის კვინტესენციას, ამ თხზულებებმა განაპირობეს მასკანის და ლეონკავალოს ღირსეული ადგილები დიად საოპერო კოჰორტაში.

მოკლე შინაარსი

რედაქტირება

მოქმედების დრო და ადგილი: მე-19 საუკუნე, ჩრდილოეთი იტალია

 
ენრიკო კარუზო კაზიოს როლში, 1920 წ.

საკუთარი თავის წარდგენის შემდეგ, ტონიო უმორჩილესად სთხოვს დამსწრე საზოგადოებას, არ მოეკიდოს მათ სპექტაკლს უსულგულოდ და ირწმუნოს იგი, როგორც სინამდვილიდან აღებული ტრაგიკული ისტორია. პატარა პროვინციული ქალაქის მოსახლეობა აღტაცებით ეგებება მოხეტიალე თეატრალურ დასს. ყველაზე დიდ სიხარულს ხალხში ჯამბაზი კანიოს გამოჩენა იწვევს. კანიო მადლობას უხდის მათ და საღამოს მხიარული წარმოდგენის სანახავად ეპატიჟება. თეატრალური ფურგონიდან ჩამოსვლისას კანიოს მეუღლეს, მსახიობ ქალ ნედას, ხელს შეაშველებს ტონიო, რის გამოც მას კანიო სილას გააწნის. შეურაცხყოფილ ტონიოს ხალხი დასცინის. ერთ-ერთი მამაკაცი კანიოს ღვინოს შესთავაზებს, კანიო ღვინოზე ტონიოსაც ეპატიჟება. ტონიო უარზეა. ერთ-ერთი მამაკაცი ხუმრობს, რომ ეს უარი გამოწვეულია ნედასთან ტონიოს განმარტოების სურვილით. ხუმრობას კანიო სერიოზულად აღიქვამს და იმუქრება, რომ ცოლს არ აპატიებს ღალატს. საბოლოოდ ის მაინც ბოდიშს იხდის გაცხარებისთვის და ცოლს ეალერსება.

განმარტოებული ნედა ქმრის ეჭვიანობით გამოწვეულ შიშს შეუპყრია. ამ დროს მას თავს წაადგება ტონიო, რომელიც სიყვარულს უხსნის. თავდაპირველად ნედა აბუჩად იგდებს ტონიოს, შემდეგ კი ემუქრება. გახელებული ტონიო ნედას წაეტანება, ნედა კი მათრახს გადაჰკრავს, შურისძიებით ანთებული ტონიო გარბის.

აღელვებულ ნედას მისი საყვარლის, ახალგაზრდა სილვიოს გამოჩენა უფრო აშფოთებს. მოშორებით დამალული ტონიო შურისძიებით იმუქრება. სილვიო ემუდარება ნედას, რომ მიატოვოს ქმარი და მასთან ერთად გაიქცეს, რასაც ნედა საბოლოოდ თანხმდება.

მალულად შემოპარული ტონიო და კანიო თავს წაადგებიან ნედას და სილვიოს, როდესაც ისინი გაპარვას გეგმავენ. სილვიო გარბის, კანიო მას დაედევნება, თუმცა ვერ ეწევა. გაწბილებული კანიო ბრუნდება უკან და ხანჯლის მუქარით აიძულებს ცოლს გათქვას საყვარლის ვინაობა, ნედა დუმს. მსახიობი პეპე ხელიდან ხანჯალს ართმევს კანიოს და შეახსენებს, რომ სპექტაკლის დაწყების დრო ახლოვდება. ტონიო თავის მოკატუნებას ურჩევს ჯამბაზს, რათა წარმოდგენაზე მოსული ნედას საყვარლის გამოაშკარავება შესაძლებელი გახდეს. მარტო დარჩენილი კანიო მწარედ დასცინის ჯამბაზის ხვედრს, რომელმაც მაშინაც კი უნდა გააცინოს სხვა, როდესაც თვით დამსხვრეული სიყვარულით გამოწვეული უბედურება დაატყდება თავს.

სპექტაკლის დაწყებამდე აღტკინებული ხალხი საუკეთესო ადგილების მოსაპოვებლად იბრძვის. ნედა სპექტაკლზე მოსულ სილვიოს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მაყურებლები ხმაურით ითხოვენ წარმოდგენის დაწყებას.

კოლომბინას კოსტიუმში გამოწყობილი ნედა, მოუთმენლად ელის არლეკინის გამოჩენას. პეპე, რომელიც არლეკინს განასახიერებს, სასიყვარულო სერენადას უმღერის კოლომბინას. მსახური ტადეო, რომელსაც ტონიო ასრულებს, კომიკური ლირიზმით უხსნის სიყვარულს კოლომბინას. ფანჯრიდან გადმომძვრალი არლეკინი ოთახიდან გააძევებს ტადეოს. კოლომბინა და არლეკინი სასიყვარულო ვახშამს მართავენ და თან გაქცევის გეგმას აწყობენ. ტადეო ქმრის დაბრუნებას ამცნობს კოლომბინას. არლეკინი გარბის. ჯამბაზის სამოსში გამოწყობილ კანიოს ზუსტად იგივე სიტყვები ესმის კოლომბინასგან, რომელიც ნედამ მიაძახა გაქცეულ სილვიოს. ჯამბაზი ქმარი ეჭვიანობის სცენას მართავს. კოლომბინა უდანაშაულობის დასადასტურებლად ტადეოს იმოწმებს. მატულობს ქმრის რისხვა, რომელიც ჯამბაზს კვლავ შურისძიებით ანთებულ კანიოდ აქცევს. ნედა ერთხანს ცდილობს გააგრძელოს კომედიის თამაში, მაგრამ ბოლოს ისიც გაუტეხელ ნედად გადაიქცევა და უარს ამბობს საყვარლის ვინაობის გამხელაზე. დაბნეული მაყურებელი ვეღარ ანსხვავებს თეატრს სინამდვილისგან. გაშმაგებული კანიო კლავს ცოლსაც და სილვიოსაც, რომელიც სიკვდილის წინ საშველად უხმობს სასოწარკვეთილ ნედას.

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

ჯამბაზერი

ჯამბაზერი - ჯამბაზი , რომელიც ინიშმება ბავშვების გართობისათვის