ფილოგენეზი
ფილოგენეზი (φυλή - ტომი, გვარი, სახეობა, γένεση - წარმოშობა, განვითარება) — სახეობათა ისტორიული განვითარება. ფილოგენეზს და მის კანონზომიერებებს შეისწავლის ფილოგენეტიკა. მისი შესწავლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ორგანიზმების ევოლუციური გარდაქმნის რეკონსტრუქცია. ამავე დროს ვლინდება კავშირები გამოსაკვლევი ორგანიზმების ჯგუფებს შორის. ფილოგენეზის სრული რეკონსტრუქციისთვის იყენებენ ბიოლოგიის სხვადასხვა დარგის (მოლეკულური ბიოლოგია, გენეტიკა, ბიოქიმია, ეკოლოგია და სხვა) მონაცემებს, რომლებიც ავსებენ ეგრეთ წოდებული „სამი პარალელიზმის“ მეთოდით (ე. ჰეკელი), კვლევის შედეგად გამოტანილ დასკვნებს. „სამმაგი პარალელიზმი“ გულისხმობს მორფოლოგიური, ემბრიოლოგიური და პალეონტოლოგიური მონაცემების დაპირისპირებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ფილოგენეზის შესწავლას სახეობათა წარმოშობის კანონზომიერების დადგენისთვის. ფილოგენეზის სხვადასხვა ეტაპზე სიცოცხლისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები სხვადასხვა ინტენსივობით და დიფერენციაციის განსხვავებული დონით ვლინდება, რაც უპირველეს ყოვლისა განპირობებულია სხვადასხვა საფეხურის ორგანიზმების სტრუქტურული აგებულების განსხვავებული სირთულით, ანუ მორფოლოგიური უზრუნველყოფის სხვადასხვა დონით. ამის მიუხედავად, არა მარტო განვითარების მეზობელ საფეხურზე მდგომ, არამედ საკმაოდ დაშორებულ ორგანიზმთა ზოგიერთო მორფოლოგიური ნიშან-თვისება პრინციპულად მსგავსია, რაც მეცნიერებაში ჰომოლოგიის სახელწოდებითაა ცნობილი. ხერხემლიანთა ისეთი ნიშნები, როგორიცაა ორმხრივსიმეტრიულობა (სხეულის მარჯვენა და მარცხენა ნახევრების სიმეტრიულობა) და მეტამერობა, ანუ სეგმენტაცია სხეულის ღერძის გასწვრივ, უხერხემლოთა წარმომადგენლებსაც ახასიათებთ. სიმეტრიულობა კარგადაა გამოხატული ადამიანის ონტოგენეზის ნებისმიერ პერიოდში, მეტამერულობა კი უკეთ ვლინდება ჩანასახის პერიოდში, თუმცა ნაწილობრივ შემდეგაც ინარჩუნებს ასეთ სახეს (ხერხემლის სეგმენტური დაყოფა მალებად, ნეკნთაშუა და მუცლის პრესის ზოგიერთი კუნთის ბოჭკოების განლაგება, ტორსის ნერვებისა და სისხლძარღვების დაყოფა). ფილოგენეზის უმაღლესი საფეხურია ანტროპოგენეზი (ადამიანი + გენეზი), რაც გონიერი ადამიანის (ჰომო საპიენსი), როგორც სახეობის, ჩამოყალიბების პროცესს გულისხმობს. ფილოგენეზში ჩამოყალიბებული მორფოლოგიური განვითარების გზა, ანუ სტრუქტურული გარდაქმნების ჯაჭვი იმდენად მტკიცეა, რომ თანმიმდევრულად მეორდება ემბრიოგენეზშიც. ამის გამო, ადამიანის, განსაკუთრებით კი მისი მზარდი ორგანიზმის, ანატომიური შესწავლისას ფართოდ არის გამოყენებული მონაცემები შედარებითი ანატომიიდან და ევოლუციური ანატომიიდან. ეს უკანასკნელი, ფილოგენეზში შერჩევით გამოყოფს იმ სტრუქტურულ და ფუნქციურ ძვრებს, რომლებმაც წამყვანი როლი შეასრულეს სახეობათა განვითარებაში ადამიანად გარდაქმნამდე. გამონაკლის შემთხვევებში ემბრიოგენეზის კანონზომიერი მიმდინარეობა რაიმე ენდოგენური, ან ეგზოგენური ბიძგის შედეგად შეიძლება დაირღვეს, ნაადრევად შეჩერდეს ამა თუ იმ ორგანოს განვითარება (ორგანოგენეზი), შენელდეს ან, პირიქით აჩქარდეს მისი განვითარების ალომეტრული ტემპი. ორგანომ ასეთ პირობებში შეიძლება მიიღოს ფილოგენეზის ადრეული საფეხურისთვის დამახასიათებელი სახე, რაც განვითარების იშვიათი მოვლენაა და ატავიზმის სახელწოდებით არის ცნობილი. ორგანიზმის ნორმალური პროცესის დარღვევა უმეტესად ანომალიების სახით ვლინდება.
ისტორია
რედაქტირებატერმინი „ფილოგენეზი“ შემოიღო ე. ჰეკელმა (1866). ი. შმალგაუზენის განსაზღვრების თანახმად „ფილოგენეზი ცნობილი ონტოგენეზების ისტორიულ რიგს წარმოადგენს“. აზრი ფილოგენეზზე, როგორც ონტოგენეზების მონაცვლეობაზე, ი. შმალგაუზენამდეც იყო გამოთქმული. ფილოგენეზს მჭიდრო კავშირი აქვს ონტოგენეზთან. იგი ონტოგენეზშიც აისახება, რაც XIX საუკუნეში ეგრეთ წოდებული ბიოგენეზურ ანუ რეკაპიტულაციის კანონად ჩამოყალიბდა. ამ კანონის თავდაპირველი რეაქციის მიხედვით, ონტოგენეზი შემოკლებით ამა თუ იმ ორგანიზმის მთელ ფილოგენეზს იმეორებს. შემდგომ ეს კანონი მხოლოდ ჩანასახოვანი განვითარების პერიოდს მიაწერეს. ფილოგენეზისა და ონტოგენეზის კავშირმა ე. ჰეკელი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ფილოგენეზი განსაზღვრავს ონტოგენეზს. XX საუკუნეში კი ი. სევერცოვი დიამეტრულად საწინააღმდეგო დასკვნამდე მივიდა.
ლიტერატურა
რედაქტირებაადამიანის ანატომია., ტ. 1. გვ, 35-36, 2011 წელი.
- თუმანიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 307.