თეთრი ზღვა (რუს. Белое море) — ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის შიგა ზღვა. გაწოლილია ბარენცის ზღვის სამხრეთით. თეთრი ზღვის ფართობია 90 ათასი კვ.კმ. საშუალო სიღრმე 80 მ, მაქსიმალური 340 მ, წყლის მოცულობა 8000 კმ³. მჭიდროდაა დაკავშირებული ბარენცის ზღვასთან. ამ უკანასკნელთან გასასვლელი აქვს გორლოს სრუტით. თეთრი ზღვის უდიდესი სიგრძე კონცხ კანინ ნოსსა და მდინარე ონეგის შესართავის ხაზზე თითქმის 600 კმ-ია, მაქსიმალური სიგანე ჩრდილოეთის დვინის შესართავსა და კანდალაქშის ყურის წვერს შორის 430 კმ. თეთრ ზღვას ერთვის მდინარეები მეზენი (სიგრძე 966 კმ), ჩრდილოეთის დვინა (სიგრძე 744 კმ), ონეგა (სიგრძე 416 კმ), ვარზუგა (სიგრძე 254 კმ ), ნივა (სიგრძე 36 კმ) და სხვ.

თეთრი ზღვის რუკა
თანამგზავრიდან გადაღებული თეთრი ზღვის ფოტოები
თეთრი ზღვის სანაპირო
კანდალაქშის ყურე
ონეგის ყურე

ძირითადი ყურეებია კანდალაქშის, ონეგის, დვინის და მეზენის. არის კუნძულებიც. გამოსაყოფია სოლოვეცისა და მორჟოვეცის.

გეოლოგია

რედაქტირება

თეთრი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირები მაღალი და კლდოვანია, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე დაბალი და დამრეცი. თეთრი ზღვის დასავლეთი ნაპირები აგებულია არქეული კრისტალური ქანებით, აღმოსავლეთით — ფხვიერი მეოთხეული ნალექებით. ფსკერისა და ნაპირების რელიეფის ფორმირებაზე დიდი გავლენა იქონია ტექტონიკურმა პროცესებმა, რომლებმაც გამოიწვია რღვევები და გადაადგილება, და მყინვარმა, რომელიც მეოთხეულ პერიოდში სკანდინავიის ნახევარკუნძულიდან უტევდა. ე.ი. თეთრი ზღვის ქვაბული უკანასკნელი გამყინვარების პერიოდში მთლიანად მყინვარს ეკავა, შემდეგ როდესაც მყინვარმა რეგრესია განიცადა ქვაბული ზღვის წყალმა აავსო. ასე ჩამოყალიბდა თეთრი ზღვის გეოლოგიური „ჩარჩო“.

თეთრი ზღვა შელფური ზღვაა, ზღვის ფსკერი დანაწევრებულია წყალქვეშა მაღლობებითა და ღარტაფებით. ფსკერზე არის დალექილი ლამი, ქვიშა და სხვ. ზღვის ცენტრალური ნაწილი ჩაკეტილი ქვაბულია, სწორედ ეს ადგილია შედარებით ღრმა. ცენტრიდან ყურისკენ სიღრმე მატულობს და მაქსიმუმს აღწევს. ფსკერზე ნაპოვნია კონკრეცია.

ჰიდროლოგიური რეჟიმი და მარილიანობა

რედაქტირება

მდინარეებს ჩრდილოეთ დვინას, ონეგას, მეზენს და სხვ. თეთრ ზღვაში წელიწადში 360 კმ² მტკნარი წყალი ჩააქვთ. ღია ზღვაში ზედაპირული დინებები სუსტია და არამდგრადი, სიჩქარე 1 კმ/სთ-ზე ნაკლები, სრუტეებში დინების სიჩქარე იზრდება. თეთრ ზღვასა და ბარენცის ზღვას შორის გორლოს სრუტის მეშვეობით მუდმივი წყალცვლაა.

ზღვის ცენტრალურ ნაწილში წყალი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობს. ხმელეთიდან წყლის დიდი რაოდენობით შემოსვლის შედეგად, ხდება მისი მუდმივი გასვლა ბარენცის ზღვაში, რაც გაზაფხულზე ძლიერდება.

ცენტრალურ ნაწილში მარილიანობა სიღრმესთან ერთად იზრდება 31‰-მდე. ზღვასთან შეერთებისას მდინარის წყალი ამცირებს ზღვის წყლის ზედა ფენის მარილიანობას (25-26 ‰-მდე). მტკნარი წყლის უთანაბრო მოწოდების გამო, ამასთან წყლის გაყინვისა და ყინულის დნობის შედეგად, მარილიანობა ზედაპირულ ფენებში შემოდგომა-ზამთრის პერიოდში უფრო მაღალია, ვიდრე გაზაფხულზე და და ზაფხულში.

მარილიანობის შედარებით მცირე კლება, მიუხედავად იმისა, რომ მტკნარი წყლის შემოსვლა აშკარად აღემატება მის ხარჯს, აიხსნება ბარენცის ზღვის მარილიანობის წყლის გავლენით, რომელიც მოქცევებისას დიდი რაოდენობით შემოდის სრუტიდან. ყურეებში ზღვის მარილიანობა იზრდება 30,5-34,5 ‰-მდე.

ჰავა გარდამავალია ზღვის პოლარულიდან ზომიერი კონტინენტურისაკენ. თანამედროვე კლიმატური პირობები განისაზღვრება თეთრი ზღვის მდებარეობით პოლარულ წრესთან, კონტინენტის სიღრმეში, ზომიერი და სუბარქტიკული კლიმატური სარტყლების საზღვარზე, ციკლონების მოძრაობის გზაზე. ბარენცის ზღვა თავისი თბილი დინებით გავლენას ახდენს თეთრი ზღვის მხოლოდ უკიდურეს ჩრდილო ნაწილზე. თეთრი ზღვის კლიმატზე უდიდეს გავლენას ახდენს გარემომცველი ხმელეთიც. ჰაერის ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა ზღვის სამხრეთ ნაწილში + 28° , ჩრდილოეთში + 19°.

იანვრის საშუალო ტემპერატურა ზღვის ჩრდილო ნაწილში - 10,8°, სამხრეთში - 13,4°. ივლისის საშუალო ტემპერატურა ჩრდილო ნაწილში + 8,7, სამხრეთში + 15,4°.

სრუტეებში ჩრდილოეთის ქარები ჭარბობს, ზღვაზე კი სამხრეთ-დასავლეთისა და იშვიათად სამხრეთისა. ქარის საშუალო წლიური სიჩქარეა - 6,7 მ/სეკ. დიდია ღრუბლიანობა და ნისლი. მოღრუბლული დღეების რაოდენობა 200-მდეა.

ნალექები ძირითადად ზაფხულსა და შემოდგომის თვეებში მოდის. მისი წლიური რაოდენობა 400 მმ აღწევს. აორთქლება მცირეა.

თეთრი ზღვის ფაუნა ხასიათდება არქტიკული და ბორეალური რელიქტური ფორმებით. ბარენცის ზღვასთან შედარებით თეთრი ზღვის ფაუნა ღარიბია, რაც აიხსნება ზღვის წყლის შემცირებული მარილიანობით ოკეანურისგან განსხვავებით, ზამთრის დაბალი ტემპერატურებით ზედაპირზე და მუდმივი უარყოფითი ტემპერატურებით ზედაპირზე და მუდმივი უარყოფითი ტემპერატურებით 50 მ-ზე უფრო ღრმა ფენებში. თუ ბარენცის ზღვაში 1 ჰა იდან იღებენ 4,5 კგ თევზს, თეთრ ზღვაში ეს მაჩვენებელი შეადგენს 1,2 კგ-ს.

ყველაზე დიდი სარეწაო მნიშვნელობა აქვს ქაშაყს, საიკას, ნავაგას, ჩვეულებრივ ორაგულს, ორაგულს; საერთო თევზჭერის 35 % ქაშაყი შეადგენს, საიკა და ნავაგა 75 %-მდეა. ზღვაში არის ასევე პინაგორი, ცქიმურა, ვირთევზა და ქამბალა.

თეთრ ზღვაში იჭერენ ასევე გრენლანდიის სელაპს, ზღვის კურდღელს და თეთრ დელფინს.

თეთრ ზღვას დიდი სატრანსპორტო მნიშვნელობა აქვს. იგი ფართოდაა შეჭრილი ხმელეთში. ამასთანავე მის გარშემო ხმელეთი გარშემორტყმულია მრავალი წყალსაცავით, ტბით, მდინარეებითა და არხებით. საზღვაო გზები ერთმანეთთან აკავშირებს სანაპიროზე განლაგებულ რაიონებს, რომლებიც ზღვას უერთდება და შემდეგ ჩრდილოეთით, ბარენცის ზღვისკენ მიემართება.

არხებისა და სანაოსნო გზების არტერია აკავშირებს თეთრ ზღვას ბალტიის, კასპიის, აზოვისა და შავ ზღვებთან. დიდი ნავსადგურებია: არხანგელსკი, სევეროდვინსკი და კანდალაქშა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 638.
  • Кузнецов В. В., Белое море и биологические особенности его флоры и фауны, М.-Л., 1960;
  • Леонов А. К. Региональная океанография. Л.: Гидрометеоиздат, 1960.