ქლიავი (ლათ. Prunus domestica) — ქლიავის გვარის საშუალო სიმაღლის ხე ვარდისებრთა ოჯახისა. იკეთებს წყვილ-წყვილად განლაგებულ ყვავილს და გრძელყუნწიან, კურკიან, მომჟავო-ტკბილ ნაყოფს.[1]

ქლიავი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  ქლიავი
სახეობა:  ქლიავი
ლათინური სახელი
Prunus domestica
დაცვის სტატუსი
en:Data Deficient
არასრული მონაცემები
IUCN Data Deficient : 50135950

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ქლიავი ხეა ან ხისმაგვარი ბუჩქი, მრგვალი, ცოცხისებრი, პირამიდალური ან ოვალური ვარჯით, ერთწლიანი ყლორტი შიშველია ან შებუსვილი, კვირტი ყლორტზე ფოთლის იღლიაში მსხვილი, კონუსური, თავისუფალი ან მიკრული. ეკალი ზოგ ფორმებს აქვს, ზოგს არა.

ყვავილი თეთრი, მოზრდილი ზომის. ფოთოლი საშუალო ან დიდი ზომის. საშუალო ფოთოლი (2,1–8,5): (1,2–5,0 სმ), დიდი ფოთოლი (5,0–12,0):(2,4–7,0 სმ), ფორმით უკუკვერცხისებრი, ოვალური, კვერცხისებრი და ლანცეტა.

ფოთლის ფუძე ძირითადად სოლისებრი, იშვიათად მომრგვალებული, წვერი ერთბაშად ან თანდათან შევიწროებული, წაწვეტებული ან მომრგვალებული, მოკლე ან მოგრძო წვეტით, ზოგჯერ დაკბილული. ფოთლის ფირფიტის კიდეები ორმაგად ან ერთმაგად დაკბილული, მომრგვალებული კბილებით ან ხერხკბილა. ზრდადამთავრებული ფოთლის ქვედა მხარე მთლიანად შებუსვილია ან შებუსვა არის მხოლოდ ძარღვებზე, იშვიათად შებუსვილია მხოლოდ მთავარი ძარღვი ფუძის მახლობლად.

ფოთლის ყუნწი გრძელი, საშუალო სიგრძის და მოკლე (0,8–4,0 სმ) (0,5–2,5 სმ), მსხვილი, საშუალო სიმსხოსი, იშვიათად წვრილი, მეტ-ნაკლებად ჩაღარული, ღარის ნაპირები მეტ-ნაკლებად შებუსვილია, ზოგჯერ მარტო ყუნწია შებუსვილი. ჯირკვლები არა აქვს, იშვიათად გვხვდება ფოთლის ფუძესთან და ზოგჯერ კბილანებზე.

ნაყოფი წვრილი ან მსხვილი ფორმით უკუკვერცხისებრი, ზოგჯერ ყელით, ოვალური, კვერცხისებრი, გულისებრი, მრგვალი. ნაყოფის კანი კრიალა, თხელი ან სქელი, ყვითელი, შავი მოლურჯო, მწვანე, წითელი, გვერდწითელა; მოლურჯო, მომწვანო და მოწითალო ნაცრისფერი ცვილით.

ნაყოფის ყუნწი მოკლე ან გრძელი, წვრილი ან მსხვილი, ყუნწის ღრუ უმეტესობას არ აქვს, ზოგჯერ ღრმა ან ზერელე, ვიწრო ან გადაშლილი, ზოგჯერ ყელის სახითაა წარმოდგენილი. ღარი უმთავრესად ამოვსებულია ან ზერელედ ჩაზნექილი, ზოგჯერ ირიბი ბრტყელი ზოლია და მასზე ხაზი აქვს, ზოგჯერ ყუნწთან ჩაჭდობილი, ზოგჯერ კი წყვეტილ-წყვეტილად ჩაზნექილი ნაწიბურა ხაზით.

ნაყოფის წვერი კვერცხისებრ ან მობრტყელოდ მომრგვალებული, წერტილი ზედაპირზე ან ჩაზნექილში. რბილობი მკვრივი, წვნიანი ნაკლებწვნიანი, მწვანე ფერის, ყვითელი ან წითელი, მოთეთრო-მოყვითალო, მოწითალო და მოთეთრო-მწვანე, ტკბილი, ან მოტკბო-მომჟავო, იშვიათად მწკლარტე, რბილობი კურკას თავისუფლად სცილდება ან არ სცილდება, კურკა პატარა, მობრტყელო ან მოკლე კვერცხისებრი, ოვალური, მსხლისებრი და ხმლისებრი.

ნაყოფი შემოდის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში.

ეკონომიკური მნიშვნელობა და გამოყენება

რედაქტირება

ქლიავი ზომიერი ჰავის მცენარეა. სხვადასხვა ქლიავის ჯიში ნიადაგისა და ჰაერის ტენისადმი სხვადასხვა მოთხოვნას აყენებს. ტენისადმი ყველაზე უფრო მომთხოვნია ჩვეულებრივი ქლიავი. ეს აიხსნება იმით, რომ მისი ფესვთა სისტემა ზერელედ ვითარდება და სუსტად იტოტება, ბევრ სინესტეს ხარჯავს ვეგეტატური ორგანოებისა და ნაყოფის მშრალი ნივთიერების შესაქმნელად, ამასთანავე მისი მერქანი ტენის ცუდი დამჭერია. ნორმალური ზრდისათვის და მსხმოიარობისათვის ქლიავი საჭიროებს ნიადაგში საკმაო ტენს ვეგეტაციის მთელ პერიოდში.[2]

ყვავილობისა და ყლორტების ზრდის ხანაში ჰაერის საკმაო ტენიანობაც საჭიროა, განსაკუთრებით ვეგეტაციის პირველ ხანაში ტენის ნაკლებობა იწვევს უდროოდ ზრდის შეჩერებას და ნასკვების დაცვენას. ქლიავებისათვის საუკეთესო საძირე ჭარბტენიან პირობებში არის ტყემალი, მშრალ ადგილებში კი გამოსადეგია ნუში და ჭერამი.

ქლიავი ამ საძირეებთან დამაკმაყოფილებელ აფინიტეტს იჩენს, ქლიავი ვერ ეგუება დამდგარი გრუნტის წყლის სიახლოვეს (1,5–2 მ დედამიწის პირიდან). ქლიავი საჭიროებს ნოყიერ და ღრმა ნიადაგს კარგი ფიზიკური თვისებებით, ტენის შემცველს ჰაერის კარგი ცირკულიაციით.

ქლიავი მსხმოიარობს რეგულიარულად და უხვად. ზოგიერთ ფორმას მეწლეობა ახასიათებს (მაგ. გვირილა ქლიავი). ყვავილობით განასხვავებენ ადრე და გვიან მოყვავილე ფორმებს. ყვავილობის დასაწყისი 10/III–18/IV, დასასრული 14/III–28/IV. ადრე და გვიან მოყვავილეთა შორის ინტერვალი 10–15 დღეა.

ზოგიერთი ჯიში მოკლე ხანში ყვავილობს, ზოგს ცვალებადი მერყევი ტემპერატურით ყვავილობა საკმაოდ უხანგრძლივდება, წყვეტილად ყვავილობს. ყვავილობა შეფოთვლამდე მიმდინარეობს. ყვავილობა და მსხმოიარობა ქლიავს აქვს ერთ და მრავალწლიან ნაზარდზე. ნაყოფი სხვადასხვა ჯიშზე სხვადასხვა დროს შემოდის. ქლიავების სიმწიფე ივლისში იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება.

ქლიავებს ამრავლებენ სანერგეებში მყნობით, ვხვდებით საკარმიდამო ნაკვეთებზე თესლით და ამონაყრებით ნამრავლს, ქლიავები თვით დამტვერვის მიხედვით ირჩევა:

  • 1. მკვეთრად თვითფერტილური ფორმები, როდესაც თვითდამტვერვით მეტად ინასკვებს ჯვარედინ დამტვერვაზე.
  • 2. შესუსტებული თვითფერტილური ფორმები, როდესაც ჯვარედინად, ე. ი. თავისუფლად დამტვერვის პიროებებში მეტად ინასკვებს თვითდამტვერვასთან შედარებით.
  • 3. თვითსტერილური თვითდამტვერვით სრულიად არ ინასკვებს.
  • 4. როდესაც საკუთარი და უცხო მტვერის ერთობლივი მოქმედება ჯვარედინ დამტვერვას აჭარბებს გამონასკვებაში: უცხო მტვერს საკუთარი მტვერი ააქტივებს.
  • 5. როდესაც საკუთარი და უცხო მტვერის ერთობლივი მოქმედება ჯვარედინ ნაჯვარს ჩამორჩება, ე. ი. საკუთარი მტვერი უცხო მტვერს არ ააქტივებს.

ამგვარად, ქლიავებში ფერტილურობის რამდენიმე გრადაციაა. ზოგი ქლიავი თვითსტერილურია, ზოგი თვითფერტილურია, ზოგს თვითფერტილობა შესუსტებული აქვს, ზოგს თვითფერტილურობა დაუკარგავს, მაგრამ უცხო მტვერის გააქტივების უნარს მაინც ინარჩუნებს. ქლიავებში აგრეთვე ადგილი აქვს ინტერსტერილურობას და ინტერფერტილურობას, რაც ფორმების გენეტიკურ ურთიერთობაზე უნდა იყოს დამოკიდებული.

რაც შეეხება Prunus-ის გვარში ქლიავების შეჯვარებას, უნდა აღინიშნოს, რომ ქლიავები ტყემლებთან შეუთავსებლობას იჩენს, დედის როლში ტყემლებთან ქლიავები უნაყოფოა, პირიქით, ე. ი დედის როლში ტყემლები ზოგჯერ გამონასკვებას იძლევა, მაგრამ ჩანასახი არ ვითარდება ადრე საფეხურზე ჩაკვდომის გამო. ქლიავი და კვრინჩხი ზოგჯერ ურთიერთ განაყოფიერებას ახდენენ და იძლევა ნაყოფიერ თაობას.

საქართველოში ქლიავის კულტურისათვის საუკეთესო პირობებია; სათანადო სითბო, ტენიანობა (დასავლეთ საქართველო) და ზომიერი ჰავა. მართალია აღმოსავლეთ საქართველოში მისთვის შედარებით სიმშრალეა, მაგრამ რწყვის პირობები ხელს უწყობს მის ნორმალურ ზრდა-განვითარებას.

საქართველოში მრავალი კუთხე მოიპოვება, სადაც ქლიავის, წარმოებისათვის საუკეთესო პირობებია და საკმაო ხარისხოვანი პროდუქციის მოცემაც შეუძლია.

1970-იანი წლებისათვის ასეთ ადგილებად ითვლებოდა: რაჭა-ლეჩხუმი, სადაც გავრცელებული იყო უმთავრესად შავქლიავა, ჭანჭური და ღოღნოშო, რომელიც ფართო გამოყენებას პოულობდა, როგორც საოჯახო საჭიროებისათვის (ხალხური ტექნოლოგიის საშუალებით), ისე საკონსერვო წარმოებისათვისაც. ასევე, ხულო-ახალციხის რაიონები, სადაც განსაკუთრებით გაბატონებული იყო ჭანჭურის კულტურა და მაღალი შაქრიანობის პროდუქციას იძლეოდა; ლაგოდეხის მხარე შავქლიავას მცენარეებით გამოირჩეოდა, რომლებიც უხვ მოსავალსა და მაღალი ხარისხის პროდუქტს იძლევა; გაგრა, სადაც განთქმული იყო იტალიური უნგრულა თავისი მაღალხარისხოვანი პროდუქციით და წარმოებით. ამას გარდა, სხვა მრავალი ადგილიც მოიპოვება საქართველოში ქლიავის წარმოებისათვის, განსაკუთრებით მთის შუა ზოლში მდებარე ადგილები: ჭიათურა-საჩხერე, ზესტაფონი-ხარაგაული, ხაშური-ქარელი, გორი და სხვა.

ქლიავის კულტურის მავნებლებია: ბუგრები, ტკიპები, ნაყოფჭამიები, ცხვირგრძელები, ფოთოლხვევიები და სხვა, რომლებიც აზიანებენ მცენარის ნაყოფებს და ვეგეტაციურ ნაწილებს. ქლიავის ჯიშები ყველაზე ხშირად ავადდება შემდეგი დაავადებებით – მონილიოზით,[3] კლასტეროსპოროზით, ნაცრით და სხვ.

ქვესახეობები

რედაქტირება
  • Prunus domestica subsp. domestica
  • Prunus domestica subsp. institiaღოღნოშო
  • Prunus domestica subsp. intermedia
  • Prunus domestica subsp. italica (მათ შორის subsp. rotunda) — რენკლოდი
  • Prunus domestica subsp. pomariorum
  • Prunus domestica subsp. prisca
  • Prunus domestica subsp. syriacaმირაბელი
 
 
 
ქვესახეობები: institia, italica, syriaca

სამკურნალო თვისებები

რედაქტირება

ქლიავი შეიცავს დიდი რაოდენობით B ვიტამინებს, რომელიც არის ნერვული სისტემის საკვები. ქლიავი ხსნის დაღლილობას, აუმჯობესებს ძილს და ეფექტურია კანის დაავადებებიბას. ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს სხვადასხვა ინფექციებს და გაახალგაზრდავოს ორგანიზმი. აუმჯობესებს მხედველობას.

ქლიავი შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს, რკინას და სპილენძს. აუმჯობესებს სისხლს და იცავს მას თრომბის წარმოქმნისაგან. ქლიავი შეიცავს ვიტამინ PP-ს რომელიც აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და აძლიერებს არტერიებს. არის კარგი საშუალება ჭარბი ცუდი ქოლესტერინის დროს. ქლიავი გამოიყენება ქრონიკული შეკრულობის დასაძლევად. ასევე გამოიყენება ათეროსკლეროზის, თირკმლის დაავადებების, რევმატიზმის დროს, ზრდის მადას და კარგი შარდმდენია.

ქლიავის ჩირი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოყოფას, ამიტომ მისი მიღება რეკომენდებულია ათეროსკლეროზის და ნაღვლის ბუშტის დაავადებისას, ასევე გამოიყენება ამოსახველებელი და პირღებინების საწინააღმდეგო საშუალებად.

ხალხურ მედიცინაში ის ფართოდ გამოიყენება, როგორც დამაწყნარებელი კუჭ-ნაწლავის ტკივილის, კუჭაშლილობის, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის და თირკმლის დაავადებისას.

ძმარში მოხარშული ქლიავის ფოთლით იწმენდნენ ძველ და დაჩირქებულ ჭრილობებს, რითაც სწრაფად ხდება ჭრილობების შეხორცება.

შავქლიავა შველის გასტრიტს, კოლიტს, კუჭის წყლულს, შეშუპებას, ორგანიზმიდან გამოდევნის ჭარბ სითხეს, ააქტიურებს ნახშირწყლოვან ცვლას, აზროვნებას, ამაგრებს ნერვულ სისტემას, ზრდის პოტენციას და შრომისუნარიანობას, ორგანიზმის მედეგობას სტრესისადმი.[4]

ქლიავის ჯიშები

რედაქტირება

ნაყოფის ფორმისა და შეფერილობის მიხედვით ქლიავის ჯიშებს ყოფენ რამდენიმე პომოლოგიურ-საწარმოო ჯგუფად:

  • უნგრულები — მოგრძო, თავში და ბოლოში შევიწროებული, მუქ ლურჯად ან იისფრად შეფერილი ნაყოფებით (შავქლიავა, სტენლი, იტალიური უნგრულა, აჟანის უნგრულა, დიდი ჰერცოგი, ანა შპეტი);
  • იტალიური ქლიავები ანუ რენკლოდები — მრგვალი, მომწვანო ან მოყვითალო (შეწითლებული გვერდით) ნაყოფებით (ალტანის რენკლოდი, მწვანე რენკლოდი და სხვ.);
  • კვერცხისებრი ქლიავები — მსხვილი, კვერცხისებრი ფორმის ყვითელი ან წითელი ფერის ნაყოფებით (ვაშინგტონი, ჯეფერსონი, და სხვ.);
  • ჩინურ-იაპონური ქლიავები (ბერძნულა ქლიავი) — მრგვალი, მკვრივი რბილობით, პატარა კურკით, მაღალი ტრანსპორტაბელურობით და შენახვისუნარიანობით გამორჩეული ნაყოფებით (ანჯელენო, ფრიარი, ბლეკ ამბერი და სხვ.).[5]
 
 
 
 
მარცხნიდან მარჯვნივ: ინგლისური ბაღის ილუსტრირებული კატალოგის გვერდი მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის დამახასიათებელი შინაური ქლიავის ჯიშებით; 'Grosse Grüne Reneklode'; 'Emma Leppermann'; 'Reine Victoria'

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
თემატური საიტები
აგროკავკასია · აგრონომი · AgroNews.ge · mlk.ge · gastroguide.borjomi.com · Plants for a Future
ვიდეო
ქლიავის ჯიშების სიმწიფის სტადიები