ცხვირგრძელასებრნი

ხოჭოების ოჯახი ნაირმჭამელი ხოჭოების ქვერიგისა

ცხვირგრძელასებრნი[1] (ლათ. Curculionidae) — ხოჭოების ოჯახი ნაირმჭამელი ხოჭოების ქვერიგისა. სახეობრივი შემადგენლობით ცხოველების ყველაზე დიდი ოჯახია. ცნობილია 80000-მდე სახეობა, საქართველოში გვხვდება 900-მდე.[2] მათი სხეულის სიგრძე 0,8–60 მმ-ს შეადგენს, აქვთ მრავალნაირი ფორმა და შეფერილობა, ხშირად დაფარული არიან ბეწვით ან ქერცლით.[3] ხასიათდებიან წაგრძელებული თავმილით, რომელიც ბოლოვდება მღრღნელი ტიპის პირის აპარატით.[2] ულვაშები მუხლიანი და გურზისებრია.[3] ფეხის თათები 5-სახსრიანია (მე-4 სახსარი დამალულია მე-3-ის ამონაჭერში).[4] ცხვირგრძელების მატლები, რომლებიც ნიადაგში ან მცენარის ქსოვილებში ვითარდებიან, თეთრი ფერისანი და C-სებურად მოღუნულები არიან, არ აქვთ ფეხები; ღიად მცხოვრები მატლები მუხლუხისნაირი და ჭრელი ფერისაა;[3] მცირე ნაწილი (Cossininae) ლპობად მერქანში ვითარდება.[2]

ცხვირგრძელასებრნი

ბეღლის ცხვირგრძელა (Sitophilus granarius)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Curculionidae Latreille, 1802)

გავრცელებული არიან ყველანაირ ბუნებრივ ზონაში, გარდა პოლარული უდაბნოებისა, განსაკუთრებით მრავლად არიან ტროპიკებში. ცხვირგრძელასებრთა უმრავლესობა მხოლოდ გარკვეული ოჯახების, გვარებისა და სახეობების მცენარეებზე ვითარდება.[3] დიდი უმრავლესობა მავნებელია, აზიანებს თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურას, ტყის მერქნიან მცენარეებს, ტექნიკურ მერქანს და მცენარეულ პროდუქტებს,[2] მაგ., ჭარხლის ცხვირგრძელები (Bothynoderes), მცელავი ხოჭოები (Otiorhynchus), მეფრაკენი (Lixus), ფოთლის ცხვირგრძელები (Hypera), ყვავილჭამიები (Anthonomus), ნაყოფცხოვრიები (Curculio), მეფისენი (Pissodes) და სხვ.[3] კვების ხასიათის მიხედვით უმრავლესობა ფიტოფაგია, მცირე ნაწილი — ფიტოსაპროფაგი;[2] მრავალი სახეობა — ოლიგოფაგი, თითქმის მონოფაგი, ანუ იკვებებიან განსაზღვრული სახეობის მცენარეებითა და მცენარეთა ნაწილებით.[4] ნიადაგში განვითარებული მატლები ჭამენ მცენარეთა ფესვებს.[2]

ცხვირგრძელასებრთა ოჯახი მორფოლოგიური, ბიოლოგიური თავისებურებებისა და ევოლუციური გზების მიხედვით იყოფა 2 ჯგუფად: გრძელხორთუმიანები (Phanerognatha), რომელთა თავმილი თავის ძირითად ნაწილს ბევრად აღემატება, და მოკლეხორთუმიანები (Adelognatha), რომელთა თავმილი ჩვეულებრივად არ აღემატება თავის ძირითად ნაწილს.[2]

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Curculionidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 ჭოლოკავა ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 252.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Савицкий В. Ю. Долгоносики // Большая российская энциклопедия. т. 9. — М., 2007. — стр. 205.
  4. 4.0 4.1 Гиляров М. С. Долгоносики // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 8 — М., 1972.