ქლიავი[1] (ლათ. Prunus) — მრავალწლოვანი ხეებისა და ბუჩქების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. სხვადასხვა კლასიფიკაციით მოიცავს 34, 250 და სხვა რაოდენობის სახეობას. გავრცელებული არიან ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ განედებში. ფოთოლმცვენი, საშუალოდ 12 მეტრამდე სიმაღლის მცენარეებია არაღრმა განტოტებული ფესვთა სისტემითა და სხვადასხვა ფორმის ვარჯით (სფეროსებრიდან ვიწროკვერცხისებურამდე). ფოთლები მარტივი და მორიგეობით განლაგებულია. ყვავილები თეთრიდან მოწითალომდე, ცალკეულები ან მტევნებში. ნაყოფი სხვადასხვა შეფერილობის (ყვითელ-მწვანიდან წითლამდე, მეწამულამდე და ლურჯ-შავამდე) მრგვალი ან ოვალური კურკიანაა, ზოგჯერ ნადებიანი. შეიცავს ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებსა და სხვ.; მოიხმარენ საკვებად როგორც ნედლი, ისე გადამუშავებული (შავქლიავი, მურაბა, კომპოტი და სხვ.) სახით. ბევრი სახეობა არათვითნაყოფიერია, ზოგიერთი ზამთარს ვერ უძლებს.
- ↑ Prunus — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.