პანგოლინები (ლათ. Pholidota) — ძუძუმწოვრების რიგი. მათი სხეულის სიგრძე 30-88 სმ, მასა 4,5-27 კგ აღწევს. ზოგიერთი ნიშნით ემსგავსებიან არასრულკბილიანებს. სხეული აქვთ რქოვანი ქერცლით, მხოლოდ ცხვირი, მუცელი და ფეხების შიდა ზედაპირია შემოსილი მოკლე უხეში ბეწვით. კბილები ნაწილობრივ აქვთ ან სრულიად არ გააჩნიათ. 25 სმ-მდე სიგრძის ენა წებოვანი ნერწყვითაა დაფარული. კუჭი გარქოვანებული ეპითელიუმითაა ამოფენილი, მის სიღრუეში შეჭრილია რქოვანი კბილანით დაფარული ნაოჭი. რიგში 1 გვარის (Manis) 7 სახეობაა, რომელთაგან 4 გავრცელებულია ეკვატორულ და სამხრეთ აფრიკაში, 3 — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბინადრობენ გაშლილ ადგილებსა და ტროპიკულ ტყეებში. აქტიური არიან ღამით, მოძრაობენ ნელა, იკვებებიან ჭიანჭველებითა და ტერმიტებით. პანგოლინები ყლაპავენ კენჭებს, რაც ხელს უწყობს საკვების დაქუცმაცებას. შობენ 1-3 ნაშიერს. იყენებენ პანგოლინების ხორცსა და ქერცლს, რომელსაც სამკურნალო თვისებას მიაწერენ.

პანგოლინები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პანგოლინები
ლათინური სახელი
Pholidota

ლიტერატურა რედაქტირება