არასრულკბილიანები, ამერიკული არასრულკბილიანები (ლათ. Xenarthra ან Edentata) — ძუძუმწოვარი ცხოველების რიგი. უმრავლესობას სხეული ბალნით აქვს დაფარული, ზოგს კი — ძვლოვან-რქოვანი ჯავშნით. კბილები მარტივი (ერთი ტიპის, უმინანქრო) და მუდმივი აქვთ, თუმცა ზოგი სახეობა (ჭიანჭველიჭამია) სულ უკბილოა; არასრულკბილიანების მეტი ნაწილი მიწაზე ბინადრობს, ნაწილი — სოროებში; ზოგიერთი სახეობა კი (ზარმაცები, მეხეური ჭიანჭველიჭამიები) — ხეებზე. იკვებებიან მცენარეებითა და ცხოველებით (მწერებით, პატარა ხერხემლიანებით). უმრავლესობა 1-2 ნაშიერს შობს, ზოგი — 3-12-ს. გავრცელებული არიან ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. ცნობილია თანამედროვე არასრულკბილიანთა სამი ოჯახი: ზარმაცასებრნი, ჭიანჭველაჭამიასებრნი და ჯავშნოსნისებრნი.