ევროპა-აზიის საზღვარი

ევრაზიის სუპერკონტინენტის ევროპისა და აზიის კონტინენტებად დაყოფა პირობითია, ვინაიდან მათს შორის რაიმე მკვეთრად გამოხატული ფიზიკურ-გეოგრაფიული ან გეოლოგიური მსაზღვრელი არ არსებობს. ამდენად ზოგადად და საერთოდ ეს დაყოფა უპირატესად კულტურულ-ცივილიზაციური ხასიათისაა.

შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის დიდ ნაწილში - როდესაც ტერმინი ევროპა ფართოდ დაინერგა და საერთაშორისო ცნება გახდა - ევროპა გაიგივებული იყო „საქრისტიანოსთან“ (დღესაც კი დიდი ზომით ნებისმიერი დაყოფით ევროპა არსებითად სწორედ ტრადიციულ ქრისტიანულ ქვეყნებსა და ტერიტორიებს მოიცავს).

დაყოფის პირობითობა იქიდანაც ჩანს, რომ საზღვარი გაჰყავთ ურალის ქედის წყალგამყოფზე (ყველა ვარიანტში), მაგრამ - არა კავკასიონის ქედის წყალგამყოფზე, არამედ - ვთქვათ - კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე კუმა-მანიჩის დეპრესიის (დაბლობის) ხაზზე.

გეოგრაფებს შორის არსებობს (არსებითად პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე) 5 სხვადასხვა ვარიანტი, რომლებიც შეეხებიან ევროპასა და აზიას შორის პირობითი საზღვრის დადგენის საკითხს. ამ ვარიანტების მიხედვით, საზღვარი გადის:

კავკასია
(1) კუმა-მანიჩის ხაზზე.
ეს არის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ერთეულებს შორის არსებული გეოლოგიური საზღვარი. ამ ვარიანტით მთელი კავკასია მოთავსებულია აზიაში.
(2 ა) კავკასიონის მთავარ ქედზე.
ეს ქვევარიანტი ეფუძნება ტერიტორიის ყველაზე არსებით ოროგრაფიულ ანუ გეოლოგიურ გაყოფას კავკასიონის წყალგამყოფის გასწვრივ. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთი კავკასია მდებარეობს ევროპაში, ხოლო სამხრეთი კავკასია - აზიაში. ამ შემთხვევაში საქართველოს ზოგი ნაწილი - მაგალითად ყაზბეგის რაიონი და თუშეთი ევროპაში იგულისხმებიან.
(2 ბ) კავკასიონის მთავარ ქედზე.
ეს ქვევარიანტი ეფუძნება კლიმატურ პირობებს შორის განსხვავებას. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთი კავკასია მდებარეობს ევროპაში, ხოლო სამხრეთი კავკასია - აზიაში. ამ შემთხვევაშიც კლიმატური საზღვარი კავკასიონის წყალგამყოფს ემთხვევა და საქართველოს ზოგი ნაწილი - მაგალითად ყაზბეგის რაიონი და თუშეთი ევროპაში იგულისხმებიან.
(3) მდინარეებზე რიონი, ყვირილა, მტკვარი.
ეს ვარიანტი, რომელიც საქართველოს ორ ტოლ ნაწილად ჰყოფს, ეკუთვნის ძველ ბერძენ ისტორიკოსს ჰეროდოტეს. ამ შემთხვევაში თბილისის მარცხენა სანაპირო (გლდანი-ნაძალადევი, დიდუბე-ჩუღირეთი, ისანი-სამგორი) ევროპაში მდებარეობს, მარჯვენა (ვაკე-საბურთალო, ძველი თბილისი, დიდგორი) კი აზიაში.
(4) კავკასიონის მცირე მთიანეთზე.
ამ ვარიანტში გამყოფი ხაზის ჩრდილოეთით მოქცეულია საქართველო და ჩრდილოეთი კავკასია ანუ ტიპური ევროპული პეიზაჟების ტერიტორია.
(5) ყოფილი სსრ კავშირის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ.
ეს არის წმინდა პოლიტიკური ვარიანტი, რომლის თანახმადაც მთელი კავკასია მოქცეულია ევროპაში.

როგორც აქედან ჩანს, (1) და (5) ვარიანტები ორ უკიდურესობას წარმოადგენს, დანარჩენები კი კომპრომისულია.