ორანგუტანი (ლათ. Pongo; მალაიური orang-utan, სიტყვასიტყვით — ტყის კაცი[1]) — ძუძუმწოვართა გვარი ადამიანის მსგავსი მაიმუნების ოჯახისა; მისი აზიური განშტოების (ქეოჯახი Ponginae) ერთადერთი თანამედროვე ტაქსონი. ცნობილია 3 სახეობა: კალიმანტანური (ბორნეოს) ორანგუტანი (P. pygmaeus), სუმატრული ორანგუტანი (P. abelii) და ტაპანულის ორანგუტანი (P. tapanuliensis). გავრცელებული არიან მალაის არქიპელაგის (ინდონეზია) კუნძულებზე — კალიმანტანსა და სუმატრაზე.

ორანგუტანი

კალიმანტანური (ბორნეოს) ორანგუტანი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ინფრარიგი:  მაიმუნები
ოჯახი:  ადამიანის მსგავსი მაიმუნები
ქვეოჯახი:  Ponginae
გვარი:  ორანგუტანი
ლათინური სახელი
Pongo (Lacépède, 1799)
სინონიმები
  • Faunus (Oken, 1816) [გაუქმებული]
  • Lophotus (Fischer, 1813)
  • Macrobates (Billberg, 1828)
  • Satyrus (Lesson, 1840)
გავრცელება

სამი სახეობის გავრცელების არეალი

სხეულის სიგრძე 1,2–1,5 (იშვიათად 1,8-მდე) მეტრია. მასა დედლისა — 30–50, მამლისა — 50–90 კგ (ტყვეობაში 140 კგ-მდე და მეტი). დღეს მცხოვრები მეხეური ცხოველებიდან ყველაზე დიდებია. წინა კიდურები მიწაზე მცხოვრებ სხვა ადამიანის მსგავს მაიმუნებზე გრძელი აქვთ (ჩამოშვებულ მდგომარეობაში კოჭამდეა), უკანები მოკლეა; განირჩევიან აგრეთვე მოწითალო-ყავისფერი შეფერილობის ბეწვით. თმის საფარი თხელია, თავსა და მხრებზე გრძელი თმებით წარმოქმნილი ფაფარია. ზრდასრულ მამლებს ულვაშები და წვერი აქვთ.[2]

გავრცელება

რედაქტირება
 
კალიმანტანური, სუმატრული და ტაპანულის ორანგუტანების თავები

პლეისტოცენში ორანგუტანების გავრცელების არეალი სამხრეთ და ცენტრალურ ჩინეთამდე აღწევდა. დღეს მხოლოდ კალიმანტანსა და სუმატრაზე არიან წარმოდგენილი. ცხოვრობენ წვიმიან ტროპიკულ ტყეებში (მთებში ადიან ზღვის დონიდან 1500 მეტრამდე). მეხეური ცხოველებია. აქტიურობის პიკი დილისა და საღამოს საათებშია; შუადღისით ისვენებენ. ღამით ტოტებითა და ფოთლებით აშენებენ დიდ ბუდეს, რომელსაც, როგორც წესი, ერთხელ იყენებენ. ზოგჯერ დღისით დასვენებისთვისაც აშენებენ ზომის ბუდეებს. ძირითადად გადაადგილდებიან ხეებზე ცოცვით და ტოტიდან ტოტზე ხელების დახმარებით გადახტომით (ბრაქიაციით). მიწაზე იშვიათად მოძრაობენ (უმთავრესად ერთი ხიდან მეორემდე მისასვლელად), რა დროსაც ოთხივე კიდურ იყენებენ. დღის განმავლობაში 1 კმ მანძილს ფარავენ. ნაშიერებიანი დედლების ჯგუფი იკავებს დაახლოებით 0,65 კმ² ფართობის მონაკვეთს. ზრდასრული მამლები, როგორც წესი, მარტოულად ცხოვრობენ, 2–6 კმ² ტერიტორიაზე, რომელიც რამდენიმე ზრდასრული დედლის ტერიტორიასაც მოიცავს.[2]

იკვებებიან უპირატესად ხილით, რომელთა შორის ჭარბობს ლეღვისა და დურიანის ნაყოფები; სეზონური გადაადგილებები ძირითადად ნაყოფის სიმწიფითაა განპირობებული. ჭამენ ასევე მცენარეთა სხვა ნაწილებს, მწერებს, მცირე ხერხემლიანებს, ფრინველთა კვერცხებს.[2]

გამრავლება

რედაქტირება

ფიზიოლოგიური სქესობრივი სიმწიფე დედლის შემთხვევაში დაახლოებით 7 წელში დგება, თუმცა პირველ ნაშიერს 12 წლამდე არ შობენ. მამლები გამრავლებისათვის აუცილებელ სოციალურ სტატუსს 13–15 წლისანი იძენენ. მშობიარობებს შორი პერიოდი 3–4 წელია. მაკეობა 8–9 თვე გრძელდება. ჩვეულებრივ შობენ ერთ ნაშიერს (მასა 1,5–2 კგ). სიცოცხლის პირველი წლის მანძილზე, ზოგჯერ 2,5 წლამდეც კი, იგი დედას მკერდზე ჰკიდია, 3,5 წლის მიღწევისას რძით კვება წყდება; 7–8 წლამდე დედის დაცვის ქვეშაა. ტყვეობაში ორანგუტანი 59 წლამდე ცოცხლობს.[2]

მდგომარეობა

რედაქტირება

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიხედვით, სამივე სახეობა გადაშენების კრიტიკული საფრთხის ქვეშაა.[3][4][5] უმთავრეს საფრთხეს წარმოადგენს ტყეების გაჩეხვა, რაც მათი საცხოვრებელი ბუნებრივი გარემოს განადგურებას იწვევს.[2]

  1. ჯანაშვილი ა., ორანგუტანი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 552.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Аверьянов А. О. Орангутаны // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 314.
  3. Ancrenaz, M.; Gumal, M.; Marshall, A.; Meijaard, E.; Wich, S.A.; Hussons, S. (2018) [errata version of 2016 assessment]. Pongo pygmaeus. IUCN Red List of Threatened Species. 2016: e.T17975A123809220. doi:10.2305/IUCN.UK.2016-1.RLTS.T17975A17966347.en. ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. Singleton, Ian; Wich, Serge A.; Nowak, Matthew G.; Usher, Graham; Utami-Atmoko, Sri Suchi (2018) [errata version of 2017 assessment]. Pongo abelii. IUCN Red List of Threatened Species. 2017: e.T121097935A123797627. doi:10.2305/IUCN.UK.2017-3.RLTS.T121097935A115575085.en. ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. Nowak, M.G.; Rianti, P.; Wich , S.A.; Meijaard, E.; Fredriksson, G. (2017). Pongo tapanuliensis. IUCN Red List of Threatened Species. 2017: e.T120588639A120588662. doi:10.2305/IUCN.UK.2017-3.RLTS.T120588639A120588662.en. ციტირების თარიღი: 15 იანვარი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)