გიბონები (ლათ. Hylobates) — ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი გიბონისებრთა ოჯახისა. გიბონების პირველი წარმომადგენელები დედამიწაზე, დაახლოებით, ორი მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ. დღეისათვის მეცნიერება იცნობს ამ პატარა პრიმატების ცხრა სახეობას, რვა სახეობის წარმომადგენლები ერთი ზომისანი არიან და განსხვავდებიან მხოლოდ ფერებით. შედარებით დიდი ზომისაა ე.წ. სიამანგი, რომელიც ბინადრობს იმავე გეოგრაფიულ რაიონებში, სადაც ვხვდებით თეთრხელა (Hylobates lar) და შავხელა (Hylobates agilis) გიბონებს.

გიბონი

თეთრხელა გიბონი (Hylobates lar)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ოჯახი:  გიბონისებრნი
გვარი:  გიბონები
ლათინური სახელი
Hylobates (Illiger, 1811)
სახეობები

აღწერა რედაქტირება

გიბონებს ყველა პრიმატებისავით დამახასიათებელი ნიშნები აქვთ — მეტად გრძელი წინა კიდურები და მცირე ზომის საჯდომი კორძები. არ გააჩნიათ კუდი და ლოყისუკანა პარკები. მათი სხეული დაფარულია გრძელი ბეწვით. გიბონების სახე მუქი ფერისაა და არ აქვს ბეწვი. მათი სხეულის სიგრძე ერთ მეტრს არ აღემატება, ხოლო წონა 10 კგ-მდეა.

გიბონს ისეთი გრძელი ხელები აქვს, თუ იგი ფეხზე დადგება, ხელის თითები მიწას შეეხება. გიბონები უმაღლესი ხეების წვეროებზე თამაშობენ გრძელ ხელებზე ქანაობენ და გასაოცარი სისწრაფით ხტებიან ხიდან ხეზე. მათი ნახტომი ხშირად 15 მეტრის სიმაღლეს აღწევს. გიბონებს ძალიან გრძელი თითები აქვთ, რომლებიც ხშირ შემთხვევაში კაუჭის როლს ასრულებენ. მათი დახმარებით ეს პატარა პრიმატები ადვილად ეკიდებიან ტოტებს. გიბონები ძალიან სწრაფები არიან და დიდი სისწრაფით გადაადგილდებიან უთხელეს ტოტებზე. თუმცა გიბონის ყველაზე გამორჩეული დამახასიათებელი ნიშანია „სიმღერა“.

ურთიერთობა „სიმღერის“ საშუალებით რედაქტირება

ყველა გიბონის დამახასიათებელი ნიშანია „სიმღერა“. გიბონი მომღერალი პრიმატია და მისი სიმღერა შეიძლება გაგრძელდეს ათ წუთს ან ორ საათს. ხშირ შემთხვევაში ამგვარი სიმღერა დუეტის ხასიათს ატარებს — დედალსა და მამალ გიბონს შორის. გიბონის წამოზრდილი ნაშიერებიც სწავლობენ სიმღერას და უერთდებიან მშობლების დუეტს. განსაკუთრებით ლამაზია სიამანგის სიმღერა, რადგან მის ხმას მკვეთრი ჟღერადობა ახასიათებს.

გამრავლება რედაქტირება

გიბონები წყვილდებიან ორ-სამ წელიწადში ერთხელ და შობენ ერთ ნაშიერს. მაკეობა გრძელდება შვიდიდან რვა თვემდე. ახალშობილი დედას ეკიდება მკერდზე და ამგვარ მდგომარეობაში ისინი გადაადგილდებიან ხიდან ხეზე. დედა გიბონი უფრთხილდება თავის ნაშიერს და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში აწოვებს მას ძუძუს. სიცოცხლის მეორე წელიწადს პატარა გიბონი თავს ანებებს ძუძუს და მეტად დამოუკიდებელი ხდება.

ხშირად დედა-გიბონები ერთი წლის შემდეგაც განაგრძობენ ზრუნვას თავიანთ პატარებზე. გამონაკლის სიამნგები წარმოადგენენ, მათ ოჯახში პატარებზე მამა ზრუნავს.

სამი წლის ასაკში გიბონები ტოვებენ თავიანთ ოჯახს და დამოუკიდებელად ცხოვრებას იწყებენ. ექვსი წლის ასაკში ეს პრიმატები უკვე ზრდასრულად ითვლებიან, ხოლო, დაახლოებით, 7-8 წლის ასაკისთვის მეწყვილეს ეძებენ და ახალი ოჯახის ჩამოყალიბებაზე ზრუნავენ.

სოლო-მომღერლები რედაქტირება

გიბონის სიმღერა რამდენიმე მუსიკალურ ნოტს შეიცავს და მათი შესრულების მიხედვით წააგავს ხან ყეფას, ხან სტვენას,ხანაც კივილს. გიბონების სხვადასხვა სახეობას თავისი დამახასიათებელი სიმღერა გააჩნია. ჩვეულებრივ, დედალი და მამალი გიბონები დაჯდებიან ხის ტოტზე და თავდაპირველად „გახურებას“ იწყებენ ისევე როგორც ამას პროფესიონალი მომღერლები აკეთებენ. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ისინი სიმღერას დუეტში.

ზოგიერთი სახეობის გიბონები, მაგალითად, ჯუჯა გიბონები, უპირატესობას ანიჭებენ „სოლოს“. ამგვარი აკუსტიკური დემონსტრაციის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს დედალი გიბონი. იგი დახტის ტოტიდან ტოტზე და მღერის, ოჯახის სხვა წევრებიც უერთდებიან მას და ამგვარად დიდ ოჯახურ „შოუს“ წარმოადგენენ.

ამგვარი შოუს ძირითადი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ გიბონთა ოჯახი სხვა ოჯახებს აცნობებს თავის ადგილსამყოფელს და იცავს კუთვნილ ტერიტორიას. სიმღერა, ასევე, ეხმარება დედალ და მამალ გიბონებს ერთმანეთის პოვნაში. სიმღერითვე აღიარებს დედალი გიბონი მამალს თავის მეწყვილედ და სხვა დედლებს აფრთხილებს, რომ არ გაეკარონ მას.