ესპარცეტი (ლათ. Onobrychis) — ბალახოვანი და ეკალბუჩქოვანი მცენარის გვარი პარკოსანთა ოჯახისა. აერთიანებს 80-მდე სახეობას.

ესპარცეტი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Onobrychis

გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. ფესვი მთავარღერძიანია, ღერო სწორმდგომი ან გართხმული, 40-80 სმ სიმაღლისა. ფოთოლი რთული კენტფრთისებრია. მოწითალო-ვარდისფერი ყვავილები შეკრებილია მტევნებად. ნაყოფი ერთთესლიანი პარკია, ნაპირებზე დაკბილული ან სადა, პარკი არ იხსნება.

ესპარცეტს თესავენ შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე უსაფროდ ან ხორბლისა და ქერის საფარქვეშ. ფართოდ იყენებენ ხელოვნური ბალახთესვისათვის როგორც წმინდა, ისევე სხვა მრავალწლოვან ბალახებიანი ნარევის სახით, განსაკუთრებით ტენით ნაკლებად უზრუნველყოფილ ადგილებში.

ითიბება მეორე წელს. სეზონზე შეიძლება გაითიბოს 2-ჯერ. თივის მოსავალი ჰა-ზე 50-90 ც. იყენებენ პირუტყვის საკვებად. მწვანე მასა შეიცავს (მშრალ მასაზე %-ობით): 24 პროტეინს, 8 ცხიმს, 20 უჯრედისს; თივა — 22 პროტეინს, 3 ცხიმს, 25-იდან 30-მდე უჯრედისს. საქართველოში დარაიონებულია ესპარცეტი ახალქალაქური და სისიანური 34. მრავალი სახეობის ესპარცეტი თაფლოვანი მცენარეა.

ლიტერატურა

რედაქტირება