თაფლოვანი მცენარეები

მცენარეები, რომელთაგან ფუტკრები ნექტარსა და ყვავილის მტვერს აგროვებენ

თაფლოვანი მცენარეებიფარულთესლოვანი მცენარეების დიდი ჯგუფი, რომელთა ყვავილებისაგან ფუტკრები ნექტარსა და ყვავილის მტვერს აგროვებენ და ამუშავებენ — ნექტარს აქცევენ თაფლად, მტვერს — ჭეოდ. ნექტარს მცენარე აგროვებს სპეციალურ ჯირკვლებში — სანექტრევებში, რომლებიც ყვავილის ნასკვსა და მტვრიანების ძირშია განვითარებული და სხვადასხვა ფორმა აქვს. ზოგიერთი თაფლოვანი მცენარეები გამოყოფს ფასოვან ნივთიერებას, რომლისგანაც ფუტკრები ამზადებენ წებოს -დინდგელს, როგორც ველურ, ისე კულტურულ თაფლოვანი მცენარეებში ნექტრის გამოყოფა და ფუტკრების მიერ მათი შეგროვება ხდება ყვავილობის პერიოდში, რომლის დასაწყისს და ხანგრძლივობას განსაზღვრავს თაფლოვანი მცენარეების ბიოლოგიური თავისებურებანი და კლიმატური-გეოგრაფიული ფაქტორები.

საქართველოში აღრიცხულია თაფლოვანი მცენარეების 600-მდე სახეობა, მათგან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს 50-მდე სახეობას. ისინი გავრცელებულია როგორც დაბლობისა და მთის ტყეებში, ისე სუბალპურ და ალპურ სარტყლების მდელოებზე. თაფლოვანი მცენარეების სახეობრივი შემადგენლობა და ყვავილობის ვადები სხვადასხვაა. თაფლის ხარისხი დამოკიდებულია ნექტრის შედგენილობაზე, ზოგჯერ თაფლი მაწყინარია და არა მარტო „ათრობს“ ადამიანს, არამედ წამლავს კიდეც. ამის მიზეზი ზოგ მცენარეში (მაჯაღვერი, მელიქაური, იელი, თამბაქო) ალკალოიდების დიდი კონცენტრაციაა.

საუკეთესოდ ითვლება კავკასიური ცაცხვის (გავრცელებულია მთის ქვედა და შუა სარტყლის ტყეებსა და ტყის პირებზე), წვრილფოთოლა ცაცხვის (იზრდება სუბალპურ ტყეებში), აგრეთვე, ცრუაკაციის (ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაკულტურებულ მიწებზე), ქაცვის (აქვს უხვი ყვავილები და შეიცავს სამკურნალო თვისებების ნექტარს, მრავლად გვხვდება აღმოსავლეთ და დასაქვლეთ საქართველოს მდინარისპირა ტყეებში, მთაშიც და ბარშიც), ესპარცეტის თითქმის ყველა სახეობის, იონჯისა და სამყურას ბევრი სახეობის, თეთრი და სამკურნალო ძიძოს და სხვა თაფლი.

ლიტერატურა

რედაქტირება