დიდი პანდა

(გადამისამართდა გვერდიდან ბამბუკის დათვი)

დიდი პანდა, ბამბუკის დათვი (ლათ. Ailuropoda melanoleuca) — ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა, რომელიც მსოფლიოს იშვიათი ცხოველების რიცხვს მიეკუთვნება. სხეულის სიგრძე 1,5 -მდეა, წონა 100 კგ-მდე. აქვს თეთრი ბალანი, ყურებზე, ფეხებზე, კუდის წვერზე და მხრების მიდამოებში კი - შავი. ძირითადი კბილები მძლავრი და ბლაგვია.მხოლოდ პანდასთვის არის დამახასიათებელი წინა კიდურებზე დიდი ზომის ცერი. ეს არის მაჯის განსაკუთრებული ძვალი, რომელიც დაფარულია სქელი ბეწვით და ეხმარება ცხოველს კვების დროს.

დიდი პანდა

დიდი პანდა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  დათვისებრნი
გვარი:  დიდი პანდები
სახეობა:  ბამბუკის დათვი
ლათინური სახელი
Ailuropoda melanoleuca
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 712
გავრცელების არეალი

სად ბინადრობს პანდა

რედაქტირება

პანდა ბინადრობს ცენტრალური ჩინეთის სამხრეთით მთებში მდებარე ცივ, ნესტიან ტყეებში (აღმოსავლეთი ტიბეტი, სიჩუანი, იუნანი), 1200-4000 მეტრის სიმაღლეზე. სწორედ აქ იზრდება მისი საყვარელი საკვები ბამბუკი. ბამბუკის ტყეები აქ 30 000 კვ. კმ.-ზეა გადაჭიმული, მაგრამ ვარაუდობენ, რომ პანდებს დაკავებული აქვთ მხოლოდ 6000 კვ. კმ. პანდები იშვიათად ცხოვრობენ ოჯახებში, ისინი თავს არიდებენ ერთმანეთს და მარტოობას ამჯობინებენ. გიგანტური პანდა აქტივობას ღამით გამოხატავს. მთელ დღეს ისინი ძილში ატარებენ. ამისათვის პანდა ადგილს ირჩევს ან კლდის მიყრუებულ ადგილას, ან ხის ფუღუროში. შებინდებისას იგი იღვიძებს და გათენებამდე აქტიურია.

რითი იკვებება პანდა

რედაქტირება

გიგანტური პანდა მიეკუთვნება მცენარეჭამია ცხოველებს. მისი საყვარელი საჭმელია ბამბუკის ფოთლები, ასევე, ტოტები, ყლორტები და ფესვები. პანდა იკვებება ჩაცუცქულ მდგომარეობაში, ტოტების მოტეხაში კი მისი განსაკუთრებული ცერა ეხმარება. გიგანტური პანდების უმრავლესობა, დაახლოებით, 16 საათს კვებას უთმობს. მას დიდი რაოდენობით საკვები სჭირდება დასანაყრებლად. მოზრდილ პანდას დღეში 10-20 კოლოგრამი ბამბუკი სჭირდება, ზოგჯერ მეტიც. თუ სხვა ცხოველი მიღებული საკვების 80 პროცენტს ინელებს, პანდა ინელებს მხოლოდ 17 პროცენტს.

ახალშობილი პანდა

რედაქტირება

ახალშობილი პანდა ბრმაა, უბეწვო და იწონის 150 გრამზე ნაკლებს. დედა-პანდას პატარა სულ ხელში ჰყავს და გაუჩერებლივ არწევს მას. ახალშობილი დედის რძით იკვებება და სწრაფი ტემპით იზრდება. ერთ თვეში მისი ბეწვის საფარი საგრძნობლად გაზრდილია და უკვე ემჩნევა შავი ლაქები, ორ კვირაში კი თვალებს ახელს. სამ თვემდე პანდას ბელი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ამ დრომდე დედა პანდა მას ხელით ატარებს. ზოგჯერ 1-1,5 წლის ასაკში ბელი ტოვებს დედას და დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებს.

მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ გიგანტური პანდების რიცხვი ბუნებაში კლებულობს, აღიარეს, რომ ეს ჯიში გადაშენების ზღვარზე იყო. ადრე პანდებზე ნადირობდნენ კიდეც. ამჯერად, მათი გადაშენების ძირითადი მიზეზი პანდების საბინადრო ტყეების უმოწყალოდ გაჩეხვაში მდგომარეობდა. მათ ადგილას შენდება დიდი ცივილიზებული ქალაქები და რაიონები. პანდა არის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის სიმბოლო, რამაც მას ერთგვარი რეკლამა გაუკეთა, რის შედეგადაც ჩინეთის მთავრობამ სერიოზული ღონისძიებები გაატარა მათ დასაცავად.

2015 წლის მარტის მონაცემებით, ბამბუკის დათვის პოპულაცია 268 ინდივიდით, ანუ 16.8 %-ით გაიზარდა, საბოლოო ჯამში კი — მათი რაოდენობა 1864-ს შეადგენდა.[1] 2016 წლის 4 სექტემბერს, IUCN-მ, აღნიშნული სახეობა გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიიდან ამოიღო.[2]

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Giant panda population rises by nearly 17 percent. Mongabay Environmental News.
  2. Four out of six great apes one step away from extinction – IUCN Red List (4 September 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 7 სექტემბერი 2016.