იტრიის მონასტერი — სამონასტრო კომპლექსი ხაშურის მუნიციპალიტეტის, დაბა სურამში, ყოფილ სოფელ იტრიაში. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. შეკეთებულია XIX საუკუნეში. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ტაძარი, სამრეკლო და გალავანი.

იტრიის მონასტერი
იტრიის დედათა მონასტერი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

იტრიის მონასტერი — საქართველო
იტრიის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°02′14″ ჩ. გ. 43°31′40″ ა. გ. / 42.03722° ჩ. გ. 43.52778° ა. გ. / 42.03722; 43.52778
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი მამათა მონასტერი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი სამნავიანი ბაზილიკა
თარიღდება XVI-XVII საუკუნეები
დეტალები

ისტორია რედაქტირება

მის შესახებ გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „სურამს ზეით, სამხრიდან მოერთვის ამ წყალს ურთხვის ხევი მას ზეით არის ისტორიული მონასტერი ყოვლადწმინდისა, უგუმბათო, დიდშენი, აწ ხუცის ამარად“.

მონასტერი XVI საუკუნეს მიეკუთვნება. იგი ბაზილიკური ტიპისაა და ნაშენებია თეთრი თლილი ქვით. მონასტერი სამნავიანია. შუა ნავი გვერდით ნავებისაგან განსხვავებით მაღალია. იგი ორ წყვილ სვეტს და საკურთხეველს ეყრდნობა. მონასტერი არ არის მდიდრულად შემკული ორნამენტებით, სარდაფებით. აქ სარკმელების, კარების და კედლების მორთულობა დახვეწილია, რაც მონასტრის საერთო არქიტექტურულ მთლიანობას ერწყმის და შესანიშნავ ელფერს აძლევს.

იტრიის მონასტერმა მრავალგზის განიცადა აოხრება. 1889 წლის ზაფხულში სურამში იმყოფებდა ისტორიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი, რომელმაც იტრიის მონასტერი მოინახულა. 1890 წელს გამოცემულ წიგნში „სამი ისტორიული ქრონიკა“ იგი ვრცლად აღწერს იტრიის მონასტერს.

1960-61 წლებში იტრიის მონასტერს აღმოსავლეთ კედლის ნაწილი ჩამოინგრა, რომელიც 1964 წელს აღადგინეს. 2017 წლამდე აქ იტრიის ღვთისმშობლის მიძინების დედათა მონასტერი იყო, ხოლო 2017 წლიდან კი მამათა მონასტერია.

კომპლექსი რედაქტირება

 
იტრიის მონასტრის აღმოსავლეთი ფასადი
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ღვთისმშობლის ტაძარი მდებარეობს ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში. აგებულია XVI საუკუნის ბოლოს კათალიკოს დოროთეოზის დაკვეთით. შენებლობის პროცესში "ურუმთ დაუწვავთ" , მაგრამ კათალიკოს მონასტრის მშენებლობა მაინც დაუმთავრებია და მრავალი საეკლესიო ნივთიც შეუწირავს. 1645 წ. ქართლის მეფე როსტომს (1632-1658 წწ.) და მის მეუღლეს მარიამს იტრიის მონასტრისათვის ყმები და მიწები უბოძებიათ.

ღვთისმშობლის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა (19,95X13,3 მ), ნაგებია თლილი ქვიშაქვის კვადრებით. წყობაში გვხვდება აგურიც. აქვს ორი შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით. ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია წყვილ-წყვილი ოთკუთხა ბოძებით. ნახევარწრიულ აფსიდში სამი სარკმელია. შუა სარკმლის ქვეშ დიდი ნიშია.

სამრეკლო - აგებულია 1656 წელს ბეჟან ჩხეიძისა და ეკლესიის წინამძღვრის ნიკოლაოზის დაკვეთით. იგი ზევით შევიწროვებული, კოშკისებრი სამსართულიანი ნაგებობაა (6,25X4,95 მ). აშენებულია უხეშად დაკუთხული თლილი ქვის კვადრებით. XIX ს. ბოლოს სამრეკლო შეუკეთებიათ.

გალავანი - (40X25 მ) აშენებულია 1656 წელს კირქვის კვადრებით. წყობა ირეგულარულია. გალავანი ფერდობის რელიეფს მიჰყვება. შესასვლელი გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეშია გაჭრილი.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება