ქემფერი
ქემფერი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცოცხნარის თემში.[2] მდებარეობს ლიხის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 800 მეტრზე. ხაშურიდან დაშორებულია 11,5 კილომეტრით, სურამიდან — 6,5 კმ-ით. სოფელში არის საჯარო სკოლა.
სოფელი | |
---|---|
ქემფერი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | შიდა ქართლის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
თემი | ცოცხნარა |
კოორდინატები | 42°02′30″ ჩ. გ. 43°36′10″ ა. გ. / 42.04167° ჩ. გ. 43.60278° ა. გ. |
პირველი ხსენება | 1715 |
ადრეული სახელები | ქემერტი |
ცენტრის სიმაღლე | 800 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 350[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,4 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 5706 |
დემოგრაფია
რედაქტირება2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 145 კომლი, სულ 470 ადამიანი.[3] 2014 წელს კი ფიქსირდება კლება, სოფელში ცხოვრობს 350 კაცი, საიდანაც 180 მამაკაცია, ხოლო 170 ქალი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1886[4] | 293 |
2002[5][6][7] | 470 |
2014[1] | 350 |
ისტორია
რედაქტირებასოფელი ქემფერი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება 1715 წელს შედგენილ რუის-ურბნისის სამწყსოს დავთარში, რომლის მიხედვით ამ პერიოდისათვის სოფელში ცხოვრობდა 11 კომლი. მათი გვარებია: ანჩაფიშვილი, მიხლანჯი, საბაიკიძე, ჭაბუკაძე, იმედაშვილი, ირემაძე, ხარატი, ტაბატაძე.[8]
სოფელი ცნობილი ქართველი მეცნიერის ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ რუკაზე დატანილია ქემერტის სახელწოდებით, რომელიც მდებარეობს მდინარე ქემერტისწყლის (თანამედროვე მდინარე ტილიანა) ნაპირზე. 1728 წელს ქემფერში სახლობს 18 კომლი, რომელიც იხდის ყველა საოსმალო გადასახადს 9740 ახჩის ოდენობით.[9]
XVIII საუკუნის ბოლოსათვის სოფელი უკვე ნასოფლარადაა ქცეული ლეკიანობის გამო.
XIX საუკუნის დასაწყისიდან კი იწყება სოფლის აქტიური დასახლება იმერული წარმოშობის მოსახლეობის მიერ (კერძოდ: ლაბაძეები ჩამოასახლეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშიდან, ლომიძეები - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევიდან).
1804 წლის აღწერით ქემფერში ცხოვრობდა 6 კომლი, 12 მამაკაცი, 12 ქალი, სულ — 24 სული. 1818 წლის აღწერის მიხედვით, ამავე სოფელში ძირძველი მცხოვრებლები, სახაზინო გლეხები — 1 კომლი, 3 მამაკაცი, 2 ქალი, საბატონო გლეხები — 9 კომლი, 27 მამაკაცი, 14 ქალი, სულ 41 სული. მთლიანად სოფელში 10 კომლი, 30 მამაკაცი, 16 ქალი — 46 სული. აქვთ 128 დღიური ვარგისი, 60 დღიური უვარგისი მიწა, ტყე არ არის, აქვთ 1 წისქვილი. ახალი აღწერით მოსახლეობის გაზრდილია 4 კომლით, 16 სულით, 12 მამაკაცით და 4 ქალით. სოფლის მცხოვრებთა ძირითადი საქმიანობაა ხვნა-თესვა, მისდევენ მესაქონლეობას.[11]
1811 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკელსიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ რუსეთის საიმპერატორო კარმა დაიწყო საეკელსიო რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მოხდა საეკელსიო ქონების აღწერა, სასულიერო პირებვის და მრევლის რაოდენობის დადგენა. აღნიშნული რეფორმის დროს 1818 წლისათვის, სოფელ ქემფერში ცხოვრობდა სახაზინო გლეხები - 1 კომლი, საბატონო გლეხები - 6 კომლი, (ყველა ქართველი). იყო ერთი ეკლესია. მცხოვრებლები მათი სოფლის ეკლესიის გაუქმების გამო შეუერთდნენ სურამის ეკლესიის მრევლს და მღვდლისა და ეკლესიის მსახურებს კერძო ღვთისმსახურების გარდა, შესანახად დაუნიშნეს, კომლიდან - 1 კოდი ხორბალი, ნახევარი კოდი ქერი, თითო ქათამი, ნახევარი თუნგი ღვინო, 20 კაპიკი ფულად.[12]
1832—1833 წლების კამერალური აღწერების მიხედვით ქემფერში ცხოვრობს 14 კომლი სულ 68 კაცი და 52 ქალი. იგივე აღწერების მიხედვით 1865 წელს ქემფრის მოსახლეობა შეადგენს 13 კომლს (8 სახელმწიფო და 5 ვალდებული), ხოლო 1886 წელს სოფელში უკვე 55 კომლი ცხოვრობს (166 კაცი და 127 ქალი, სულ 293 ადამიანი), აქედან 19 კომლი იმერეთიდან გადმოსულები არიან. მათი გვარებია: ლაბაძე, ლომიძე, კიკნაძე, ბლიაძე, გოგილაძე, ჭანკოტაძე, ბარბაქაძე, თათარაშვილი, გიგაშვილი, გიკაშვილი და მურმანიძე.[9]
ღირსშესანიშნაობა
რედაქტირებაწმინდა გიორგის ეკლესია
რედაქტირებასოფელის განაპირას, სასაფლაოზე, შემაღლებულ ადგილზე დგას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც აშენებულია 1880 წელს. ეკლესია დარბაზულია (7,7x5,2 მ). ნაგებია ქვიშა-ქვის კვადრატული ზომის ქვებით. აქვს ორი შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. შენობა დასრულებულია ქვიშა-ქვის ლავგარდნით. შენობას კრამიტის სახურავი აქვს. ეკლესიისადმი შეწირულ ზარს ზედ წარწერა აქვს: „ქ. ზარი ესე შეწირულ არს სოფელს ქემფერში წმინდას გიორგის ეკლესიისდამ მუნ მცხოვრებლთა აზნაურთა და გლეხთაგან და თავადის დავით ვეზიროვის მიერ ჩყდმ (1844 წელი) წელსა, იანვრისა ლა (31)“, როგორც ამ წარწერიდან ირკვევა ამ ტაძრის აგებამდეც არსებულა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც სავარაუდოა, უფრო მცირე ზომისა უნდა ყოფილიყო.[13]
ქემფრის სამების ეკლესია
რედაქტირებაარქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ერთ-ერთი უბნის, ნარვანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 400 მეტრზე, მუხნარში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. აღდგენამდე შემორჩენილი იყო მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი (2,5X3 მ სიმაღლეზე). დარბაზული ეკლესია ნაგები ყოფილა ნატეხი ქვიშაქვით. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ფართო და მაღალი სარკმელი იყო, რომლის გვერდებზე ასევე თითო სწორკუთხა ნიშიც იყო.[14]
ეკლესია აღადგინეს 2012 წელს. ამჟამად ეკლესია დარბაზული ტიპისაა (6,4X4,1 მ), შესასვლელი ორი აქვს, სამხრეთიდან და დასავლეთიდან, სამხრეთის შესასვლელის თავზე ბოლნური ჯვარია გამოსახული, სამხრეთის ფასადზე ერთი ნახევარწრიული სარკმელია. თითო მსგავსი სარკმელი და ბოლნური ჯვარია ეკლესიის დანარჩენ ფასადებზეც.
ეკლესიაზე დასავლეთიდან მიშენებულია თითქმის კვადრატული (2,3X2,5 მ) შესასვლელი. ეკლესიას გარს არტყავს დაბალი ოვალური გალავანი, რომლის აღმოსავლეთ კედლებში ჩართულია ძველი ეკლესიის სტრუქტურაში აღმოჩენილი წრეში ჩასმული ბოლნური ჯვარი.[15]
ტოპონიმები
რედაქტირება- ბეჟანას ახო — ახო სოფლის ჩრდილოეთით.
- ვარცხლა — საძოვარი სოფლის სამხრეთით.
- ლაბაძეების უბანი — უბანი სოფელში.
- ლომიძეების წყარო — წყარო სოფელში.
- ნარვანის უბანი — უბანი სოფლის მოშორებით 1 კილომეტრზე.
- პავლეს ახო — ახო სოფლის აღმოსავლეთით.
- რუსებიანთ ღელე — ღელე სოფლის ჩრდილოეთით.
- სოსანეების უბანი – უბანი სოფლის სამხრეთ-დასავლეთით.
- საჩინოს წყარო — წყარო ლაბაძეების უბანში.
- ქარიმიწები — სახნავ-სათესი სოფლის სამხრეთით.
- ცივი — ტყე სოფლის დასავლეთით.
- ჭინჭრიგორია — ნაძვნარი სოფლის დასავლეთით.
მოსახლე გვარები
რედაქტირებასოფელში დღესდღეობით ცხოვრობენ შემდეგი გვარის წარმომადგენლები: ლაბაძეები, ლომიძეები, ლომსაძეები, ქურდაძეები, ღონღაძეები, გელაშვილები, თათარაშვილები და სხვ.[16]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 501.
- ლაბაძე ჯ., სოფელ ქემფრის ისტორია, ხაშურის მუზეუმის მოამბე, ტ. V. ხაშური, 2013
- ლაბაძე ჯ., ტილიანას ხეობის სოფლების ისტორია, მასალები საქართველოს სოფლების ისტორიისათვის, ტ. IV, თბილისი, 2022
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ 2002 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები
- ↑ ლაცაბიძე თ., მასალები ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ისტორიისათვის, წიგნი IV, ხაშური 2021, გვ. 63
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
- ↑ თაყაიშვილი ე., არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, წიგნი პირველი, ტფილისი 1907, გვ. 180
- ↑ 9.0 9.1 ლაცაბიძე თ., ხაშურის მუნიციპალიტეტის ისტორია ტოპონიმებში, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 29, 29 ივლისი, 2019, გვ., 5
- ↑ თეიმურაზ ბაგრატიონი, „ახალი ისტორია“ ტექსტი მოამზადა ლ. მიქიაშვილმა, თბ., 1983
- ↑ ხაჩიძე დ. მეორე (1816 - 1818 ) კამერალური აღწერა, გაზ., „ხაშურის მოამბე“, № 18, 6 მაისი, 2019, გვ., 2-3
- ↑ ხაჩიძე დ. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და ხაშურის მუნიციპალიტეტი (1818 წლის მდგომარეობით), გაზ. „ხაშურის მოამბე“, № 28, 23 ივლისი, 2019, გვ., 3
- ↑ დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 450.
- ↑ საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 450
- ↑ ლაბაძე ჯ., სოფელ ქემფრის ისტორია, ხაშურის მუზეუმის მოამბე, ტ. V. ხაშური, 2013, გვ., 156-157
- ↑ თ. ლაცაბიძე, მასალები ხაშურის რაიონის ისტორიისათვის, ხაშურის რაიონში გავრცელებული გვარ-სახელები, ხაშური, 1991 წ.