ქურდაძე — იმერული წარმოშობის ქართული გვარი. „ქურდ“-ფუძიანი გვარსახელების ეტიმოლოგიის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა. ერთი ვერსიით ისინი ეთნონიმური წარმოშობის გვარსახელია, ხოლო სხვა ვერსიით, ეპონიმური ტიპის გვარსახელებს მიეკუთვნებიან. ქურდაძეების პირველსაცხოვრისად სახელდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი წიფა, საიდანაც ქურდაძეები პირველად ლიხის ქედს გადმოღმა სოფელ იტრიაში (ამჟამად სურამის ერთ-ერთი უბანია) გადმოსულან.

გვარის ისტორია

რედაქტირება

ქართულ წერილობით წყაროებში ქურდაძეების გვარი XVI საუკუნიდან იხსენიება. ისინი ეკუთვნოდნენ:სახასო, საეკლესიო, საბატონო, ნასყიდ და თავდახსნილ გლეხთა კატეგორიებს.

1588 წელს ქართლის მეფე სიმონ I-მა იტრიის მონასტერს სახასო ყმა და მამული შესწირა. ეკლესიისადმი შეწირულ გლეხთა შორის იხსენიებიან იმერეთში სოფელ წიფაში მცხოვრები ქურდაძეები. ამ შეწირულობით წიფელი ქურდაძეები საეკლესიო გლეხები გახდნენ.

1589-1600 წწ. იტრიისადმი სვიმონ მეფის შეწირულობა განაახლა სურამის პატრონმა, ბატონიშვილმა გიორგიმ. ამ სიგელშიც სხვა გლეხებთან ერთად მოიხსენიებიან წიფელი ქურდაძეები და ცალკე მოხსენიებულია ვინმე ინდუა ქურდაძე.

საინტერესო ცნობებს შეიცავს 1692 წლის ტავნასყიდობის წიგნი, მიცემული ივანა ქურდაძის მიერ მაჭავარიანებისათვის: "...ეს ნასყიდობის წიგნი და სიგელი მოგართვით ჩვენ ქურდაძე ივანამ და შვილმან და მამავალმან სახლისა ჩემისამან თქვენ - ბატონს ჩვენს მაჭავარიანს როსაბს, შვილსა თქვენსა ინანასა და თამაზს, ასე რომ, ჩხეიძე ქაიხოსრომ და თეიმურაზ სურამის ციხე თათრებს სჭერიათ და მეციხოვნათ იდგნენ. იმ ციხის ტათრებს ერთი თავისი ყმის შვილი მისცეს. ყვანდათ. ის ტყვე გამოპარვოდათ. ჩემ სახლში მოსულიყო. მოვედი და ვნახე, ვეღარ უღალატე, მეორეთ ვეღარ გავყიდე. ნათესავიც იყო, დავმალე და ჯავახეთს წავიყვანე. მეხუტეს წელიწადს მთხრობელი მოსვლოდათ:ივანამ და პაპუნამ ქურდაძეებმა მოიყვანესო. გამამაჩნდა ის ტყვე. ვეღარსად დავიმალე. ამოიყვანეს ცოლით, შვილით ორნი ძმანი მამულით და ალაგით... საზღაური რომ ვერ შევიძელით, ციხეში ვყვანდითდატყვევებული. წავედით ისევ ჩვენს ბატონს შევეხვეწენით როსაბ მაჭავარიანს... ჩემი თავი თქვენ გამოიხსენით..." ამ შემთხვევის შემდეგ საბატონო გლეხები ივანა და პაპუნა ქურდაძეები და მათი შთამომავლები ნასყიდი საბატონო გლეხები გახდნენ. ამ ივანა და პაპუნა ქურდაძების შთამომავალი უნდა იყოს ბერუა ქურდაძე, რომელიც 1785 წელს არზით მიმართავს მეფე ერეკლეს:"ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ჭირი მომცეს თქვენს მონას, მაჭავარიანის კაცს ბერუა ქურდაძეს..." როგორც ამ არზიდან ირკვევა ბერუა ქურდაძე უკვე თავდახსნილი გლეხია, რადგან ურიის ვალი აუღია და თავისი ბატონის ჩხეიძის ვალი თავად გადაუხდია ხიდირბეგიშვილთან.

ჩხეიძის ყმა-გლეხის ქურდაჩის მამული იხსენიება 1794 წლის ქაიხოსრო აბაშიძის ანდერძში:ცხრამუხის სამზღვარი სამზიარო და საბადური რომ წერია, მტელმა სოფელმა იცის. იმასთან ძველი ნაწისქვილარი არის. ომარხანის მოსვლამდინ ცემმა ბიძაშვილმა გიორგიმ ჩხეიძის კაცის ქურდაძისაგან მიწა იყიდა. იმის ზევით საცხრამუხო არის, ქვემოთ - საჩხეიძეო."

ეთნოგრაფიული მონაცემებით, სოფელ ცხრამუხაში (ხაშურის მუნიციპალიტეტი) ამჟამად მცხოვრები ჩოჩაშვილების გვარი ქურდაძეთაგან შტონაყარ გვარად ითვლება.

საცხოვრებელი ადგილი

რედაქტირება

ამჟამად ქურდაძეები ცხოვრობენ შიდა ქართლში, განსაკუთრებით ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. სამცხეში - ახალციხისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, აგრეთვე შედარებით მცირე რაოდენობით - ზემო იმერეთში, გურიაში, კახეთსა და ჰერეთში. საქართველოში ქურდაძეების რაოდენობა 2100 სულს აჭარბებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ი. მაისურაძე, ქართული გვარ-სახელები, თბ. 1990
  • ი. ახუაშვილი, ქართული გვარ-სახელები, მასალები ქართული გვარების ისტორიისათვის, ტ. II, თბ. 2005