კამერალური აღწერა

საქართველოში XIX საუკუნის დამდეგიდან რუსეთის ხელისუფლება შეუდგა ქვეყნის ფისკალურ-ეკონომიკურ შესწავლას. ამ მიზნით ჩატარდა კამერალური აღწერა 1803, 1816-1818, 1821-1824, 1831-1832, 1842-1844 და სხვა წლებში. ამ აღწერებში მოცემულია კომლები და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. თითოეული კომლის სულობრივი შემადგენლობა, ეროვნება, მათ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო, საბატონო ან საეკლესიო სახნავი მიწების ფართობი. საკუთარი ნასყიდი მიწის ფართობი, მარცვლეულისა და პირუტყვის რაოდენობა, თითოეული კომლის წამყვანი საქმიანობა. მაგრამ ყველა აღწერის ცნობები ერთი პრინციპით არ არის შედგენილი. ზოგჯერ აღნიშნულია მხოლოდ კომლის რიცხობრივი შემადგენლობა, ეროვნება და ძირითადი საქმიანობა, გაპარულია მრავალი უხეში შეცდომა, გამოტოვებულია გლეხთა კომლები და სხვა. აღნიშნული ნაკლის მიუხედავად ეს აღწერები მნიშვნელოვანი წყაროა საქართველოს მწარმოებელი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ყოფის დასადგენად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გუგუშვილი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX სს., ტ. 1, თბ., 1949;
  • მისივე, საქართველოს მოსახლეობა 160 წლის მანძილზე, «მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის», 1963, ტ. 12-13;