ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი – მუზეუმი ქალაქ ხაშურში. დაარსდა 1959 წელს, ხოლო ოფიციალურად გაიხსნა 1961 წელს. დღესდღეობით მუზეუმში ოთხი განყოფილებაა: ფონდების აღრიცხვისა და დაცვის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ახალი და უახლესი ისტორიის.
ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი | |
---|---|
41°59′52″ ჩ. გ. 43°35′56″ ა. გ. / 41.99778° ჩ. გ. 43.59889° ა. გ. | |
დაარსდა | 1959 |
ქვეყანა | საქართველო |
დამაარსებლები | ვარლამ გურგენიძე |
მდებარეობა | ხაშური, კოსტავას ქ. 2 |
ექსპონატი | 100 000 |
კლასიფიკაცია | ისტორიული |
დირექტორი | თამაზ ლაცაბიძე |
მუზეუმის დაარსება
რედაქტირებახაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1959 წელს, ადგილობრივი მხარეთმცოდნეების მიერ რაიონის ტერიტორიაზე შეგროვებული ისტორიულ–კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების საფუძველზე.
1962 წელს მუზეუმმა პირველი დამთვალიერებელიც მიიღო. დაარსებისთანავე მუზეუმის თანამშრომლებმა დაიწყეს სამეცნიერო ექსპედიციების მოწყობა, ფონდის ახალი ექსპონატების გამდიდრების მიზნით. 1976 წლიდან მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ხაშურის ექსპედიციასთან (ხელმძღვანელი ალექსანდრე რამიშვილი). სამუზეუმო ფონდს შეემატა რაიონის ტერიტორიაზე მოპოვებული მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა.
მუზეუმის სამეცნიერო ფონდში დაცულია 100 000-ზე მეტი ექსპონატი (არქეოლოგიური (77844), ეთნოგრაფიული (922), დოკუმენტური (9046), ფოტო (9102), ნუმიზმატიკურ, ფერწერულ და სხვა მასალები). მუზეუმს კარგი ტრადიციები გააჩნია. ათეული წლების მანძილზე ტარდებოდა და ახლაც ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, ეწყობა მხატვართა ნამუშევრების გამოფენები. 1990-1992 წლებში მუზეუმს მიენიჭა პირველი კატეგორია.
ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მონაწილეობდა საზღვარგარეთ მოწყობილ გამოფენებში:
- 1996 წელს, არქეოლოგიური კვლევის ცენტრთან ერთად, 10 წლის ვადით დროებითი სარგებლობის უფლებით 58 ექსპონატი გადაეცა დიდ ბრიტანეთს, კერძოდ, ოქსფორდის უნივერსიტეტის მუზეუმს გამოფენის მოსაწყობად.
- გერმანიის ქ. ბოხუმში 2001-2002 წლებში მოეწყო გამოფენა თემაზე: “განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან”. მხარეთმცოდნეობის მუზეუმის 62 ექსპონატი შესულია გამოფენისადმი მიძღვნილ წიგნკატალოგში, რომელიც გერმანიაში დაიბეჭდა.
2011 წლის 7-13 დეკემბერს სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების არქეოლოგიური კოლექციების გამოფენა. თბილისში პირველად მოხდება გერმანიის ქალაქ ბოხუმში ქართული არქეოლოგიის მასშტაბურ გამოფენაზე წარმოდგენილი არტეფაქტების ექსპონირება.[1]
არქეოლოგიური კოლექცია
რედაქტირებახაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდში წამყვანი ადგილი არქეოლოგიურ კოლექციებს ეკუთვნის. ესაა დაახლოებით 78 000 ერთეული, როგორც შემთხვევით მოპოვებული, ისე სისტემატური არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა.
მუზეუმში მრავლადაა შემთხვევით მოპოვებული არქეოლოგიური მასალა, რომლებიც რაიონის სხვადასხვა ტერიტორიაზეა მოპოვებული. ესენია: მრავალფეროვანი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს და რკინის შრომის და საბრძოლო იარაღები, ტანსაცმელთან და მორთულობასთან დაკავშირებული ნივთები, სამკაულები.
მუზეუმში დაცულია ქვის ხანის არტეფაქტების საინტერესო კოლექცია.
ნუმიზმატიკის კოლექცია
რედაქტირებახაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდი მდიდარია ნუმიზმატიკური კოლექციებით. რეგიონის ტერიტორიაზე გადიოდა აბრეშუმის სავაჭრო–სატრანზიტო გზა, რამაც განაპირობა აღმოჩენილ სამონეტო განძთა და ცალკეულ მონეტათა მრავალფეროვნება და მრავალრიცხოვნობა. სამონეტო განძთაგან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სოფლების: ახალდაბის, ალის და წაღვლის განძებს
სოფელ ახალდაბის სამონეტო განძის მნიშვნელოვანი ნაწილი ე. წ. მანგუ–ყაენის მონეტებია, რომლებსაც თბილისის ზარაფხანა ჭრიდა XIII საუკუნის შუა წლებში. აქვეა XV საუკუნის შირვანშაჰების მონეტები. ასევე XVIII საუკუნის 20–იანი წლების ქართველი მეფეების და „თბილისური უსახელო“ მონეტები.
ნუმიზმატიკურ კოლექციაში დაცულია საინტერესო ინდივიდუალური მონეტებიც: ქართველი მეფეების მიერ მოჭრილი მონეტები, ელინისტური ხანის მონეტები, რომის კეისარ ტრაიანეს დინარები, კავად შაჰის ორიგინალური მონეტა, ქართული სირმა–აბაზები, თურქული, ირანული, გერმანული, ეგვიპტური, პოლონური, რუსული და საბჭოთა პერიოდის მონეტები.
საეკლესიო ნივთების კოლექცია
რედაქტირებახაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია ხატების (სავარაუდოდ, XVIII-XIX საუკუნეები), საეკლესიო წიგნების და ნივთების საინტერესო კოლექცია. მნიშვნელოვანია ე. წ. „ვახტანგისეული სახარება“, რომელიც ვახტანგ VI-ის სტამბაშია დაბეჭდილი 1709 წელს.
ეთნოგრაფიის კოლექცია
რედაქტირებამუზეუმის ფონდში დაცულია საინტერესო ეთნოგრაფიული კოლექცია, რომელიც მოპოვებულია ეთნოგრაფიული ექსპედიციების შედეგად ან შემოწირულია ადგილობრივი მოსახლეობის მიერ.
ეთნოგრაფიულ კოლექციაში, ძირითადად, დაცულია რეგიონის სოფლებში მოძიებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების იარაღები: გვიან ფეოდალური ხანის და XIX-XX საუკუნეებში დამზადებული გუთნები, კევრები, სახნისები, კავები, ფოცხები, ფიწლები, უღლები, ღვედები, არნადები, ჩანახები, კოდები დასხვა.
საბრძოლო აღჭურვილობის კოლექცია
რედაქტირებამუზეუმის ფონდში დაცულია XVIII-XIX საუკუნეებში წარმოებული საბრძოლო იარაღის კოლექცია: ვერცხლით მოსევადებული და ოქროზარნიშიანი ხმლები და ხანჯლები, კაჟიანი თოფები, დამბაჩები, ჰილზები, რევოლვერები, სატევრები, ფოლადის რგოლებით მოქსოვილი ჯაჭვის პერანგი, ფარი და სხვა.
ისტორიული საბუთების კოლექცია
რედაქტირებამუზეუმის ისტორიული საბუთების კოლექციაში დაცულია 9000–ზე მეტი ექსპონატი, მათგან 300–მდე იურიდიული და სოციალური ხასიათის ისტორიული საბუთები, XVIII-XIX საუკუნეების ყიდვა–გაყიდვის სიგელების რამდენიმე ათეული, მასალები ხაშურის რაიონის მატერიალური კულტურის ძეგლების, რევოლუციური წარსულის, სახალხო განათლების, რკინიგზის ისტორიის , კულტურის, თეატრის შესახებ.
ფოტოგრაფიის ფონდი
რედაქტირებახაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფოტოგრაფიის ფონდში დაცულია XIX საუკუნის დასასრულის და XX საუკუნის დასაწყისის ცნობილ ფოტოხელოვანთა: პირველი ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფის, ალექსანდრე როინაშვილის (1846–1898 წწ.), რევოლუციამდელი თბილისის პროფესიონალი ფოტოგრაფის, დიმიტრი ერმაკოვის (1846–1916 წწ.), ვლადიმერ ბარკანოვის (1826–1892 წწ.), ალექსანდრე მიხაილოვის (1850–1912 წწ.), მელქონ კაჩუხაშვილის (1841–1922 წწ.), ისააკ შიხმანის (1884–1968 წწ.), გრიგოლ ბაბალოვის, ი. ორლოვსკის, ავგუსტ შეფერის (გერმანია, დრამშტადტი) მიერ გადაღებული ფოტოები, საფოსტო ღია ბარათები, საზოგადო მოღვაწეთა და ცნობილ პიროვნებათა ფოტო–არქივები, ხაშურის რაიონის ღირსშესანიშნაობათა ფოტოსურათები.
სახვითი ხელოვნების კოლექცია
რედაქტირებახაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია ცნობილ მხატვართა: ლადო გუდიაშვილის, ალექსანდრე ციმაკურიძის, კორნელი სანაძის, ივანე ვეფხვაძის, რობერტ სტურუას, ჯიბსონ ხუნდაძის, შახი გრიგოლიას, რადიშ თორდიას, გიორგი ლაზარიშვილის, გია ბუღაძის, ოლგა ბრენდელის, და სხვათა ფერწერული ნამუშევრები, უცნობ ავტორთა მიერ შესრულებული პორტრეტები და ჟანრული ხასიათის ფერწერული ნაწარმოებები.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება2007 წლიდან ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი შევიდა სამუზეუმო გაერთიანებაში ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლ–მუზეუმთან და სურამის ლესია უკრაინკას მუზეუმთან ერთად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების გზამკვლევი, ხაშური, 2014