ტრაიანე
მარკუს ულპიუს ტრაიანე (ლათ. Imperator Caesar Nerva Traianus Divi Nervae filius Augustus;[1] დ. 18 სექტემბერი, 53 — გ. 8 აგვისტო, 117) — რომის იმპერატორი 98-117 წლებში. რომის სენატის მიერ ოფიციალურად optimus princeps-ად („საუკეთესო მმართველი“) გამოცხადებული ტრაიანე ისტორიაში შევიდა, როგორც წარმატებული ჯარისკაცი-იმპერატორი, რომელიც ხელმძღვანელობდა უდიდეს ექსპანსიას რომის ისტორიაში, რის შედეგადაც მისი გარდაცვალებისათვის იმპერიამ თავისი ტერიტორიული გაფართოების მაქსიმუმს მიაღწია. იგი, აგრეთვე, ცნობილია საქველმოქმედო მოღვაწეობითაც. ტრაიანემ განახორციელა ინტენსიური საზოგადოებრივი სამშენებლო პროექტები და დანერგა სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკა, რამაც მტკიცე და პატივსაცემი რეპუტაცია მოუპოვა და მეორე ადგილი მიაკუთვნა ხუთი კარგი იმპერატორის რიგში, რომლებიც ხმელთაშუაზღვისპირა სამყაროს მშვიდობისა და აყვავების ხანაში განაგებდნენ.
მარკუს ულპიუს ტრაიანე | |
---|---|
Marcus Ulpius Traianus | |
რომის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | ახ. წ. 98 |
მმართ. დასასრული: | ახ. წ. 117 |
წინამორბედი: | ნერვა |
მემკვიდრე: | ადრიანე |
სხვა წოდებები: | დიდი პონტიფიკი, გერმანიკუსი, ოპტიმუსი, სიკვდილის შემდეგ გაღმერთებულია. |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 15 სექტემბერი, 53 წ |
დაბ. ადგილი: | იტალიკა, ბეტიკა |
გარდ. თარიღი: | 8/9 აგვისტო, 117 წ |
გარდ. ადგილი: | სელინუნტი, კილიკია |
დინასტია: | ანტონინების დინასტია |
რელიგია: | რომაული რელიგია |
ბეტიკის ესპანეთის პროვინციაში, ქალაქ იტალიკაში (დღევანდელი სევილიის მახლობლად) დაბადებული ტრაიანეს ოჯახი იტალიურ-იბერიული წარმოშობისა იყო და არც პატრიციებს განეკუთვნებოდა. ტრაიანე იმპერატორ დომიციანეს მმართველობის პერიოდში დაწინაურდა. 89 წელს იგი, როგორც ტარაკონის ესპანეთის ლეგატი, იმპერატორს ლუციუს ანტონიუს სატურნინუსის მიერ რაინზე წამოწყებული ამბოხების ჩახშობაში დაეხმარა. 96 წელს დომიციანე ტახტზე ნერვამ, მოხუცმა და უშვილო სენატორმა შეცვალა, რომელიც არმიაში პოპულარობით არ სარგებლობდა. მისი ხელისუფლებში ყოფნის ხანმოკლე და ხმაურიანმა წელმა კულმინაციას მაშინ მიაღწია, როდესაც პრეტორიანელები აჯანყდნენ. ნერვა აიძულეს შვილად აეყვანა და მემკვიდრედ გამოეცხადებინა მასზე ბევრად პოპულარული ტრაიანე. ნერვა 98 წლის 27 იანვარს გარდაიცვალა და შვილობილმა ტახტზე მისი ადგილი ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დაიკავა.
როგორც სამოქალაქო ხელმძღვანელი, ტრაიანე ყველაზე კარგად მისი ინტენსიური საჯარო სამშენებლო პროგრამითაა ცნობილი, რომელმაც ახალი სახე შესძინა რომს და ქალაქს უამრავი ისეთი უკვდავი ღირსშესანიშნაობა შესძინა, როგორებიცაა ტრაიანეს ფორუმი, ტრაიანეს ბაზარი და ტრაიანეს სვეტი. ზეობის დასაწყისში იმპერატორმა შემოიერთა ნაბატეველთა სამეფო და მის ადგილას ქვიანი არაბეთის პროვინცია შექმნა. დაკიის დაპყრობამ კი მნიშვნელოვნად გაამდიდრა იმპერია, რამდენადაც ახალ პროვინციაში ოქროს მრავალი ძვირფასი მაღარო მდებარეობდა.
ტრაიანეს მიერ წარმოებული ომი პართიის იმპერიის წინააღმდეგ ამ უკანასკნელის სატახტო ქალაქის, ქტესიფონის აღებითა და სომხეთისა და შუამდინარეთის ანექსიით დამთავრდა. მისმა სამხედრო კამპანიებმა რომის იმპერიის საზღვრები ისტორიულ მაქსიმუმამდე გააფართოვა. 117 წლის მიწურულს ტრაიანე გემით მიემართებოდა რომისაკენ, როდესაც ავად გახდა და ქალაქ სელინუსში ინსულტით გარდაიცვალა. სენატმა ტრაიანე გააღმერთა. მისი ფერფლი კი ტრაიანეს სვეტის ქვეშ დაკრძალეს. საიმპერატორო ტახტი ტრაიანეს შვილობილმა, ადრიანემ დაიკავა.
წყაროები
რედაქტირებატრაიანეს, როგორც იმპერატორის რეპუტაციამ ეჭვშეუტანლად გაუძლო დროს. იგი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მმართველთა შორის, რომელთა ღირსებაც 19 საუკუნის განმავლობაში კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. რომის ყოველ შემდეგ იმპერატორს სენატი ამ სიტყვებით ლოცავდა: „felicior Augusto, melior Traiano“ (ლათ. „იყავ ავგუსტუსზე ბედნიერი [და] ტრაიანეზე უკეთესი“). შუა საუკუნეების თეოლოგები ტრაიანეს სათნო წარმართად მიიჩნევდნენ. რენესანსის პერიოდში შვილობითი მემკვიდრეობის სისხლისმიერ მემკვიდრეობაზე უპირატესობაზე საუბრისას მაკიაველი ახსენებს თანმიმდევრულ ხუთ კარგ იმპერატორს „ნერვადან მარკუსამდე“.[2] ეს გამოთქმა ლიტერატურულ ტროპს წარმოადგენს, რომლის გამოყენებითაც მე-18 საუკუნის ისტორიკოსმა ედვარდ გიბონმა პოპულარული გახადა ხუთი კარგი იმპერატორის ცნება, რომელთაგან ტრაიანე მეორე იყო.[3]
რაც შეეხება ანტიკური პერიოდის წერილობით წყაროებს, ტრაიანეს ზეობაზე დაწერილი ჩვენამდე მოღწეული უწყვეტი ნაშრომი არ არსებობს. ტრაიანეს მიერ წარმოებულ დაკიურ ომებზე დაწერილი თხზულება Commentarii de bellis Dacicis, რომლის ავტორადაც თავად იმპერატორს ანდა დაქირავებულ მწერალს მიიჩნევენ და რომელიც კეისრის Commentarii de Bello Gallico-ის მიხედვითაა შექმნილი, ერთი წინადადების გარდა, მთლიანად დაკარგულია. მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი ტრაიანეს პირადი ექიმის, ტიტოს სტატილიოს კრიტონის თხზულებიდან გეთიკა. მსგავსი ბედი აქვს გაზიარებული არიანეს მიერ დაწერილ პართიკას, 17 თავიან თხზულებას რომან-პართიულ ომებზე.[4] დიონ კასიუსის რომის ისტორიის 68-ე წიგნი, რომელიც ძირითადად ბიზანტიური შემოკლებებისა და ეპიტომების სახითაა შემორჩენილი, ტრაიანეს მმართველობის პოლიტიკური ისტორიის მთავარ წყაროს წარმოადგენს.[5] ხსნებულის გარდა, პლინიუს უმცროსის პანეგრიკუსი და დიონ ქრიზოსტომელის საჯარო სიტყვები იმპერატორის თანამედროვე საუკეთესოდ შემორჩენილი წყაროებია. ორივე მათგანი გვიანრომაული პერიოდისათვის დამახასიათებელ ფარისევლურ დასკვნით სიტყვას წარმოადგენს, რომლებიც იდეალიზებულ მონარქს აღწერდნენ და იმდენადვე განადიდებდნენ ტრაიანეს მმართველობას, რამდენადაც სავსენი იყვნენ იდეოლოგიით რეალური ფაქტების ნაცვლად.[6] პლინიუსის წერილების მე-10 თავი შეიცავს მის მიმოწერას ტრაიანესთან, რაც საიმპერიო რომაული მმართველობის სხვადასხვა ასპექტს ეხება, მაგრამ ეს მიმოწერა არც პირადი ხასიათისაა და არც გულწრფელი. იგი ოფიციალური წერილების გაცვლაა, რომელშიც პლინიუსის პოზიცია მლიქვნელობას არ სცდება.[7] დაზუსტებულია, რომ წერილების ტექსტის უმეტესი ნაწილი, რომელიც ამ კოლექციაში ტრაიანეს ხელმოწერით ჩნდება, დაწერილი და/ან შესწორებული იყო ტრაიანეს საიმპერატორო მდივნის, ab epistulis-ის მიერ.[8] ამდენად, ტრაიანესა და მის მმართველობაზე მსჯელობისას თანამედროვე ისტორიოგრაფია გვერდს ვერ უვლის სპეკულაციებს და იძულებულია მიმართოს არაწერილობით წყაროებს, როგორებიცაა არქეოლოგია და ეპიგრაფიკა.[9]
ცხოვრების ადრეული წლები და გზა ძალაუფლებისაკენ
რედაქტირებამარკუს ულპიუს ტრაიანუსი 53 წლის 18 ნოემბერს დაიბადა ბეტიკის ესპანეთში,[10] რომის პროვინციაში, რომლის ადგილასაც დღეს ანდალუსია მდებარეობს, ქალაქ იტალიკაში (დღევანდელი სევილიის გარეუბანი). მიუხედავად იმისა, რომ ტრაიანეს, ჩვეულებრივ, პირველ პროვინციელ იმპერატორად მოიხსენიებენ და გვიანდელი ავტორები, მაგალითად, დიონ კასიუსი (თავადაც პროვინციული წარმოშობის), განიხილავდნენ, როგორც „იბერიელს, რომელიც არც იტალიელი იყო და არც იტალიოტი“, იმპერატორის წინაპრები მამის მხრიდან ტუდერიდან (თანამედროვე ტოდი), უმბრიიდან უნდა ყოფილიყო, ეტრურიის საზღვირდან, ხოლო დედის მხრიდან იგი მარციების გვარიდან, საბინური წარმოშობის იტალიკური ოჯახიდან იყო. ტრაიანეს დაბადების ადგილი, იტალიკა, ძვ. წ. 206 წელს დაარსდა, როგორც იტალიელი ახალმოსახლეების სამხედრო კოლონია, მაგრამ დაუდგენელია როდის დასახლდნენ იქ ულპიები. თუმცა დამტკიცება შეუძლებელია, გამორიცხული არაა, რომ ტრაიანეს წინაპარები ადგილობრივ ქალებზე დაქორწინდნენ და გარკვეულ პერიოდში მოქალაქეობა დაკარგეს, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათ აღიდგინეს მდგომრეობა ძვ. წ. I საუკუნის შუა ხანებში, როდესაც ქალაქი მუნიციპიუმი გახდა ლათინური მოქალაქეობით.[11][12]
ტრაიანე წარჩინებული რომაელი ქალბატონისა და იმპერატორ ტიტუსის რძლის,[13] მარციასა და მარკუს ულპიუს ტრაიანუსის, გამოჩენილი სენატორისა და მხედართმთავრის, ვაჟი იყო. მარკუს ულპიუს ტრაიანუს უფროსი ვესპასიანესთან მსახურობდა იუდეველთა პირველ ომში, სადაც იგი მეათე ლეგიონს მეთაურობდა.[14] თავად ტრაიანე მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ მრავალი ცნობილი ულპიიდან, რომელთა ხაზიც მისი სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგაც არ შეწყვეტილა. იმპერატორის უფროსი და იყო ულპია მარციანა, რომელსაც ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, სალონინა მატილდა. ულპიების მამული იტალიკა იყო ბეტიკის ესპანეთში,[10] სადაც მათი წინაპრები ძვ. წ. III საუკუნის ბოლოსათვის დასახლდნენ.
როგორც ახალგაზრდა კაცი, ტრაიანე რომის არმიაში დაწინაურდა, სადაც იგი იმპერიის ზოგიერთ ყველაზე პრობლემურ საზღვარზე მსახურობდა. 76-77 წლებში მამამისი სირიის მმართველი იყო (ლეგატუს პრო-პრეტორ სირიე), სადაც თვითონ ტრაიანე ლეგიონის ტრიბუნის რანგზე იმყოფებოდა. აქედან, მამამისის ვადის ამოწურვის შემდეგ, იგი რაინზე, დაუდგენელ პროვინციაში გადაიყვანეს, სადაც, როგორც პლინიუსი ვარაუდობს, იგი აქტიური სამხედრო სამსახურით იყო დაკავებული ორივე ვადის განმავლობაში.[15] 86 წელს გარდაიცვალა ტრაიანეს მამიდაშვილი პუბლიუს ელიუს ადრიანუს აფერი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი, ადრიანე და პაულინა დარჩა. ტრაიანე და პუბლიუს აკილიუს ატიანუსი ობლების თანამეურვეები გახდნენ.[16]
91 წელს ტრიანე ჩვეულებრივი კონსული გახდა, რაც დიდი პატივი იყო, რამდენადაც 30 წლისთვის მას ახალი გადაბიჯებული ჰქონდა და თანამდებობის დასაკავებლად საჭირო მინიმალურ ასაკზე (32 წელი) სულ ოდნავ იყო უფროსი. ნაწილობრივ, ეს შეიძლება აიხსნას მამამისის კარიერის დიდი მნიშვნელობით, რამდენადაც მარკუს ულპიუს ტრაიანუს უფროსი იმჟამად ხელისუფლებაში მყოფი ფლავიუსების დინასტიის მიერ ძალაუფლების მოპოვების ხელშემწყობი იყო, თავადაც ჰქონდა დაკავებული კონსულის თანამდებობა და პატრიციაც გახდა.[17] დაახლოებით ამ დროისთვისვე ტრაიანემ აპოლოდორუს დამასკოელი თან წამოიყვანა რომში[18] და პომპეია პლოტინაზეც დაქორწინდა, წარჩინებულ ქალბატონზე ნიმის რომაული დასახლებიდან. მათი ქორწინება, საბოლოოდ, უშვილო გამოდგა.[19]
გვიანდელი ავტორები აღნიშნავენ (მათ შორის ტრაიანეს შორეული მემკვიდრე, იმპერატორი იულიანეც), რომ იმპერატორს ჰომოსექსუალიზმისაკენ ჰქონდა მიდრეკილება, რაც ბევრად აღემატებოდა ჩვეულებრივ ბისექსუალურ ურთიერთობებს, რაც გავრცელებული იყო იმდროინდელი რომაული საზოგადოების მაღალი ფენების მამაკაცებში. მიუხედავად იმისა, რომ იულიანეს გესლიანი კომენტარები აღნიშნულზე[20] მიანიშნებენ რომაული საზოგადოების შეცვლილ ეთიკურ შეხედულებებზე, რაც სევერუსების დინასტიიდან დაიწყო,[21] უფრო ადრეული ავტორი, დიონ კასიუსი, უკვე მიანიშნებს, რომ ტრაიანე აშკარა უპირატესობას ანიჭებდა მამრობით სქესს. ტრაიანეს სავარაუდო საყვარლებს შორის იყვნენ ადრიანე, საიმპერატორო კარის წარჩინებული ახალგაზრდა ვაჟები, მსახიობი პილადესი, მოცეკვავე აპოლაუსტუსი, ლუციუს ლიცინიუს სურა და ნერვა.[20]
მიუხედავად იმისა, რომ ტრაიანეს სამხედრო კარიერის დეტალები ბუნდოვანია, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იგი, როგორც ტარაკონის ესპანეთში დისლოცირებული მე-7 ლეგიონის ლეგატი დომიციანეს სატურნინუსის აჯანყების დროს დაეხმარა გადატრიალების აღკვეთაში.[22] შემდგომში, 91 წლის კონსულობის შემდეგ, ტრაიანეს ზოგიერთი დაუზუსტებელი საკონსულო თანამდებობა ეკავა, როგორც პანონიისა თუ ქვემო გერმანიის მმართველს, შესაძლებელია, ორივესიც. პლინიუსი, რომელიც, როგორც ჩანს, განზრახ გაურბის იმ დეტალებზე საუბარს, რომელიც ხაზს გაუსვამდა ტრაიანესა და „ტირან“ დომიციანეს პირად კავშირებს, ამ პერიოდში მომავალ იმპერატორს მრავალ (თუმცა დაუზუსტებელ) სამხედრო გმირობებს მიაწერს.[23]
რამდენადაც დომიციანეს მემკვიდრე ნერვა არმიაში პოპულარობით არ სარგებლობდა და საკუთარი პრეტორიანელი გვარდიელების პრეფექტმა, კასპერიუს ელიანუსმა მას ყოფილი იმპერატორის მკვლელების სიკვდილით დასჯაც კი აიძულა,[24] იმპერატორმა იგრძნო, რომ დამხობის თავიდან ასაცილებლად არმიაში მხარდაჭერა სჭირდებოდა. ამას მან 97 წლის ზაფხულში, თავის ნაშვილებ ძედ და მემკვიდრედ ტრაიანეს გამოცხადებით მიაღწია, რაც, როგორც ამტკიცებდნენ, მხოლოდ ამ უკანასკნელის სამხედრო ღირსებებით იყო განპირობებული.[23] მიუხედავად ამისა, მათი თანამედროვე წერილობით წყაროებში არის გარკვეული მინიშნებები, რომ ნერვას ტრაიანეს შვილად აყვანა აიძულეს. პლინიუსი გულისხმობდა კიდეც ამას, როდესაც მოვლენების შესახებ წერდა და თუმცაღა იმპერატორისთვის არ შეიძლებოდა ამგვარი რამ ეიძულებინათ, თუკი ეს იყო ის გზა, რომლის გავლითაც ტრაიანე საიმპერატორო ტახტზე ავიდა, მაშასადამე, ეს ამად ღირდა კიდევაც. თუკი ეს მართლაც ასე იყო, მაშინ ტრაიანე უზურპატორი გამოდის, ხოლო ნერვასა და ტრაიანეს ზეობების ბუნებრივი გაგრძელება კი მოვლენისშემდგომი სიცრუე, რომელიც ტაციტუსის მსგავსმა გვიანდელმა ისტორიკოსებმა შეთხზეს.[25]
Historia Augusta-ის მიხედვით, შვილად აყვანის შესახებ ტრაიანეს მომავალმა იმპერატორმა, ადრიანემ აცნობა.[18] ამის შემდეგ ადრიანე რაინის საზღვარზე დაიტოვა ტრაიანემ, როგორც სამხედრო ტრიბუნი და იმ ახლო მეგობრებისა და ახლობლების წრეში ჩართო, რომლებიც გარს ეხვივნენ იმპერატორს და რომელთა შორისაც იყო შემდგომში ზემო გერმანიის მმართველი, ესპანელი ლუციუს ლიცინიუს სურა, რომელიც ტრაიანეს მთავარი პირადი მრჩეველი და ოფიციალური მეგობარი გახდა.[26] თავისი გავლენის ნიშნად, სურა 107 წელს მესამედ გახდა კონსული. ანტიკური პერიოდის ზოგიერთი წყარო ასევე აღნიშნავს, რომ სურამ ავენტინის ბორცვზე საკუთარი სახელობის აბანო ააგო, სხვა ვერსიით კი ეს აბანო ტრაიანემ ააშენებინა და შემდგომ მისი სახელი უწოდა, როგორც პატივისცემის სიმბოლო, რამდენადაც სურა ერთადერთ გამონაკლისად იქცა ჩამოყალიბებულ ტრადიციაში, რომ საჯარო შენობა დედაქალაქში მხოლოდ საიმპერატორო ოჯახის წევრისათვის შეიძლებოდა მიეძღვნათ.[27][28] ეს აბანოები მესამე საუკუნეში გააფართოვა იმპერატორმა დეციუსმა, რომელიც ამით ტრაიანესთან მის კავშირს უსვამდა ხაზს.[29] სურას ასევე მიიჩნევენ იმ ადამიანად, რომელმაც 108 წელს ადრიანეს აცნობა, რომ იგი იმპერატორის მემკვიდრედ იყო არჩეული.[30] თანამედროვე ისტორიკოსების მიხედვით, სურას როლი, როგორც მეფეთა შემქმნელისა და რუხი კარდინალისა უაღრესად აღაშფოთებდა ზოგიერთ სენატორს, განსაკუთრებით კი ისტორიკოს ტაციტუსს, რომელიც აღიარებდა სურას სამხედრო და ორატორულ ღირსებებს, მაგრამ ამავე დროს გული მოსდიოდა მის სიხარბესა და არაგულწრფელობაზე, რაც ვესპასიანეს რუხ კარდინალს, ლიცინიუს მუციანუსს ახასიათებდა.[31]
როდესაც 98 წლის 27 იანვარს ნერვა გარდაიცვალა, ტრაიანემ იმპერატორის ტახტი ყოველგვარი ინციდენტის გარეშე დაიკავა. მიუხედავად ამისა, ფაქტი, რომ იგი რომში ჩასვლას არ ჩქარობდა და ამის მაგივრად რაინისა და დუნაის საზღვრების შესამოწმებლად ხანგრძლივი მოგზაურობა წამოიწყო, ერთგვარად მიანიშნებს იმ შესაძლებლობაზე, რომ მისი მდგომარეობა დედაქალაქში ბოლომდე გარკვეული არ იყო და მას უპირველესად საზღვრისპირა არმიების ერთგულებაში დარწმუნება სჭირდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრაიანემ პრეფექტ ელიანუსს გერმანიაში თანხლება უბრძანა, სადაც იგი ცხადად დასაჯა სიკვდილით („გზიდან ჩამოიშორა“),[32] პრეფექტობა კი ატიუს სუბურანუსს გადასცა.[33] ამდენად, ტრაიანეს გაიმპერატორება წარმატებულ „გადატრიალებად“ უფრო უნდა შეფასდეს, ვიდრე ტახტის თანმიმდევრულ დაკავებად.[34]
იმპერატორი
რედაქტირებარომში შესვლისას ტრაიანემ პლებსს ფული უწყალობა, ტრადიციული საჩუქარი ჯარისადმი კი გაანახევრა.[35] რომში კვლავაც არსებობდა სენატსა და იმპერატორს შორის დაძაბული ურთიერთობის პრობლემა, განსაკუთრებით კი სავარაუდო სისხლისღვრების შემდეგ, რაც წითელ ხაზად გასდევდა დომიციანეს მმართველობას და მის ურთიერთობას კურიასთან. ძალაუფლების აღებისადმი თვალთმაქცური უხალისობით ტრაიანემ შეძლო სენატში კონსესუსის მიღწევა მის ირგვლივ.[36] მისი დაგვიანებული ცერემონიული შესვლა რომში 99 წელს შედარებით მოკრძალებული იყო, რაზეც დეტალურად საუბრობს პლინიუს უმცროსი.[37]
დომიციანეს მიერ მხედართა წრის ოფიცრებისადმი გამოჩენილი სიმპათიების მიმართ ტრაიანეს საჯარო მხარდაჭერა არ გამოუცხადებია,[38] რითაც ისეთი სურათი იქმნებოდა, რომ იგი ემორჩილებოდა პლინიუსის მიერ შემუშავებულ იდეას, რომ იმპერატორი ლეგიტიმაციას მოიპოვებდა ტრადიციული იერარქიებისა და სენატორული მორალისადმი ერთგულებით.[39] ამდენად, იმპერატორს საშუალება ეძლეოდა ხაზი გაესვა თავისი მმართველობის ვითომ რესპუბლიკური ბუნებისათვის.[40] 100 წლის 1 იანვარს, მესამე ვადით კონსულობის ინაუგურაციაზე წარმოთქმულ სიტყვაში ტრაიანემ სენატს მოუწოდა მასთან ერთად ეზრუნა იმპერიაზე. ეს მოვლენა მოგვიანებით მოჭრილ მონეტაზეც აისახა.[41][42] მიუხედავად ამისა, რეალურად, იმპერატორს რაიმე მნიშვნელოვანი სახით სენატისათვის ძალაუფლება არ გაუნაწილებია, რასაც პლინიუსი გულწრფელად აღიარებს: „ყველაფერი ერთი კაცის ახირებებზე იყო დამოკიდებული, რომელსაც საყოველთაო კეთილდღეობისათვის, საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული ყველანაირი ფუნქცია და საქმე“.[43][44] მისი ზეობისათვის დამახასიათებელი თავისებურებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სენატის ავტორიტეტის სფეროს ხელყოფა, რისი მაგალითიც იყო მისი გადაწყვეტილება აქაიისა და ბითინიის მანამდე სენატორული პროვინციები საიმპერატორო პროვინციებად ექცია, რათა თავად გაეკონტროლებინა საჯარო სამუშაოებისათვის ადგილობრივი მაგნატების მიერ გაწეული ზღვარგადასული ხარჯები[45] და გამოესწორებინა სენატის მიერ დანიშნული არაერთი პროკონსულის მიერ განხორციელებული არასწორი მმართველობითი ღონისძიებები.[46]
პლინიუსის მიერ შემუშავებულ ფორმულაში ტრაიანე იყო „კარგი“ იმპერატორი, რომელიც თავადაც იმას მოიწონებდა ან გაკიცხავდა, რასაც სენატი.[47] თუ რეალურად ტრაიანე მართლაც იყო ავტოკრატი, მისმა განსხვავებულმა მოპყრობამ თანასწორთა მიმართ მას მაინც მოუპოვა სათნო მონარქის რეპუტაცია.[48] მთელი აზრი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ტრაიანეს ავტოკრატული ძალაუფლება ზომიერად, თავდაჭერილად ეპყრა და არა ქედმაღლურად.[49] მოკლედ რომ ვთქვათ, იმპერიული ხანის უმეტესი რომაელი პოლიტიკური მწერლის მიერ ავტოკრატიისათვის შემუშავებული ეთიკის მიხედვით, ტრაიანე კარგი მმართველი იყო, რამდენადაც ნაკლებად იყენებდა შიშს სამართავად და უფრო მეტად მაგალითის მიმცემი იყო, პლინიუსის მიხედვით ხომ „კაცნი მაგალითებით უკეთ სწავლობენ“.[50]
საბოლოოდ, ტრაიანე იმდენად პოპულარული გახდა მის თანასწორებში, რომ სენატმა მას საპატიო ტიტული ოპტიმუსი უბოძა, რაც „საუკეთესოს“ ნიშნავს.[51][52] აღნიშნული ტიტული 105 წლიდან ჩნდება მონეტებზე.[53] ეს ტიტული ძირითადად ტრაიანეს კეთილსმყოფელ როლთან იყო დაკავშირებული ისეთ საკითხებში, როგორიც იყო, მაგალითად, კონფისკირებული ქონების უკან დაბრუნება.[54]
ლიტერატურა
რედაქტირება- Bennett, J. Trajan: Optimus Princeps, 2nd Edition, Bloomington: Indiana University Press 2001, ISBN 0-253-21435-1
- Bowersock, G.W. Roman Arabia, Harvard University Press, 1983
- Christol, M. & Nony, N. Rome et son Empire, Paris: Hachette, 2003, ISBN 2-01-145542-1
- Finley, M.I. The Ancient Economy, Berkeley: University of California Press, 1999, ISBN 0-520-21946-5
- Fuller, J.F.C. A Military History of the Western World. Three Volumes. New York: Da Capo Press, Inc., 1987 and 1988.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ტრაიანეს საიმპერატორო სახელი ითარგმნება, როგორც „მხედართმთავარი კეისარი ნერვა ტრაიანე, ღვთაებრივი ნერვას ძე, იმპერატორი“
- ↑ Discourses on Livy, I, 10, 4
- ↑ Nelson, Eric (2002). Idiots guide to the Roman Empire. Alpha Books, გვ. 207–209. ISBN 0-02-864151-5.
- ↑ Strobel 2010, p. 14.
- ↑ Strobel 2010, p. 15.
- ↑ Bennett 2001, pp. xii/xiii & 63.
- ↑ Finley Hooper, Roman Realities. Wayne State University Press, 1979, ISBN 0-8143-1594-1, page 427
- ↑ Carlos F. Noreña, "The Social Economy of Pliny's Correspondence with Trajan". American Journal of Philology, 128 (2007) 239–277, page 251
- ↑ Bennett 2001, p. xiii.
- ↑ 10.0 10.1 Syme, Tacitus, 30–44; PIR Vlpivs 575
- ↑ Bennett 2001, p. 1–3.
- ↑ Arnold Blumberg, Great Leaders, Great Tyrants? Contemporary Views of World Rulers who Made History, 1995, Greenwood Publishing Group, p.315: "Trajan is frequently but misleadingly designated the first provincial emperor, because the Ulpii were from Baetica (southern Spain). The family, resident in Spain for some time, originated in Italian Tuder, not far from the Flavian home of Reate. The emperor's father, M. Ulpius Traianus, was an early adherent of Vespasian and perhaps the old family friend. This Trajan evidently married a Marcia (her name is inferred from that of their daughter Marciana) whose family owned brickyards in the vicinity of Ameria, near both Reate and Tuder. She was possibly an older sister of Marcia Furnilla, second wife of Vespasian's son Titus. Further, Ulpia, sister of the senior Trajan, was a grandmother of Hadrian. In other words, the emperor Trajan was succeeded in 117 by his cousin, member of another Italian family resident in Baetica."
- ↑ Strobel 2010, p. 41.
- ↑ Goldsworthy, Adrian (2003). In the name of Rome: The men who won the Roman Empire. London: Weidenfeld & Nicolson, გვ. 320.
- ↑ Bennett 2001, p. 22–23.
- ↑ Garzetti 2014, p. 378.
- ↑ Bennett 2001, p. 13.
- ↑ 18.0 18.1 Augustan History, Life of Hadrian 2.5–6
- ↑ Pompei Plotina. Britannica. ციტირების თარიღი: 26 January 2017.
- ↑ 20.0 20.1 Bennett 2001, p. 58.
- ↑ Robert H. Allen, The Classical Origins of Modern Homophobia. Jefferson: McFarland, 2006, ISBN 978-0-7864-2349-1, page 131
- ↑ Bennett 2001, p. 43.
- ↑ 23.0 23.1 Bennett 2001, p. 45–46.
- ↑ Alston 2014, p. 261.
- ↑ Jason König, Tim Whitmarsh, eds., Ordering Knowledge in the Roman Empire. Cambridge University Press, 2007, ISBN 978-0-521-85969-1, page 180
- ↑ Grainger 2004, p. 91 & 109.
- ↑ Garrett G. Fagan, Bathing in Public in the Roman World. University of Michigan Press, 2002, ISBN 0-472-08865-3, pages 113/114
- ↑ Veyne 1976, p. page 686-note 399.
- ↑ Stephen L. Dyson, Rome: A Living Portrait of an Ancient City. Baltimore: JHU Press,2010,ISBN 978-0-8018-9253-0, page 338
- ↑ Barbara M. Levick, Faustina I and II: Imperial Women of the Golden Age.Oxford University Press, 2014, ISBN 978-0-19-537941-9, page 42
- ↑ Eugen Cizek, "Tacite face à Trajan", available at [1], pages 127/128. Retrieved July 20, 2014
- ↑ Grainger 2004, p. 111.
- ↑ Bennett 2001, p. 52.
- ↑ Alston 2014, p. 262.
- ↑ Alston 2014, p. 200 & 206.
- ↑ Rees 2012, p. 198.
- ↑ Peter V. Jones, Keith C. Sidwell, eds., The World of Rome: An Introduction to Roman Culture. Cambridge University Press, 1997, ISBN 0-521-38421-4, page 254 and 231
- ↑ Jones 2002, p. 178.
- ↑ Anastasia Serghidou, Fear of slaves, fear of enslavement in the ancient Mediterranean. Presses Univ. Franche-Comté, 2007, ISBN 978-2-84867-169-7, page 314
- ↑ Sam Wilkinson, Republicanism during the Early Roman Empire. New York: Continuum, 2012, ISBN 978-1-4411-2052-6, page 131
- ↑ Rees 2012, p. 121.
- ↑ Veyne 2005, p. 402.
- ↑ Letters III, 20, 12,
- ↑ Veyne 2005, p. 38, footnote.
- ↑ Kathleen Kuiper, ed., Ancient Rome: From Romulus and Remus to the Visigoth Invasion. New York: Rosen Publishing Group, 2010, ISBN 978-1-61530-207-9, page 128
- ↑ M.S. Gsell, "Étude sur le rôle politique du Sénat Romain à l'époque de Trajan", Mélanges d'archéologie et d'histoire, 1887, V.7.7, available at [2]. Accessed January 20, 2015
- ↑ Veyne 2005, p. 37.
- ↑ Ryan K. Balot, ed., A Companion to Greek and Roman Political Thought.John Wiley & Sons, 2012,
- ↑ Roger Rees, ed., Latin Panegyric, Oxford University Press, 2012, ISBN 978-0-19-957671-5, page 137
- ↑ Carlos F. Noreña, "The Ethics of Autocracy in the Roman World". IN Ryan K. Balot, ed., A Companion to Greek and Roman Political Thought. Malden, MA: Blackwell, 2009, ISBN 978-1-4051-5143-6, page 277
- ↑ Bernard W. Henderson, "Five Roman Emperors" (1927).
- ↑ F. A. Lepper, "Trajan's Parthian War" (1948).
- ↑ Edward Togo Salmon,A History of the Roman World from 30 B.C. to A.D. 138. London: Routledge, 2004, ISBN 0-415-04504-5, page 274
- ↑ Elizabeth Forbis, Municipal Virtues in the Roman Empire: The Evidence of Italian Honorary Inscriptions. Stuttgart: Teubner, 1996, ISBN 3-519-07628-4, pages 23/24