პრეტორიანელები (ლათ. Praetoriani), პრეტორიული კოჰორტები — იმპერატორის პირადი მცველი ჯარი რომის იმპერიაში. პრეტორიანელები წარმოადგენდნენ არმიის საგანგებოდ შერჩეულ და დაწინაურებულ ნაწილს, ლეიბ-გვარდიას. მათი სარდლების იმპერატორების კარზე დიდებულთა შორის ითვლებოდნენ.

პრეტორიანელების გამოსახულება კლავდიუსის სატრიუმფო თაღზე, ახ. წ. 51/52 წწ.

თავდაპირველად იყო მხედართმთავართა, უწინარეს ყოვლისა კონსულების დაცვა. ახალი წელთაღრიცხვის 2 წელს იმპერატორმა ავგუსტუსმა შექმნა პრეტორიანელთა 9 კოჰორტა, რომელთაგან თითოეულში 1000 კაცი შედიოდა (3 კოჰორტა რომში, 6 კოჰორტა იტალიის სხვა ქალაქებში). მეთაურობდა პრეტორიის პრეფექტი. ახ. წ. 23 წელს იმპერატორ ტიბერიუსის დროს პრეფექტმა სეიანუსმა ყველა პრეტორიანელს თავი მოუყარა რომში და მათთვის ვინიმალის კარიბჭის წინ ააშენა ბანაკი (კასტრუმი) Castra praetoria. სეპტიმიუს სევერუსის მმართველობამდე პრეტორიანელებში აჰყავდათ უპირატესად აპენინის ნახევარკუნძულის მკვიდრები (იტალიკები). პრეტორიანელთა გვარდიაში მსახურება უზრუნველყოფდა მნიშვნელოვან უპირატესობებს, საპატიო მდგომარეობას, მაღალ ჯამაგირსა და სამხედრო სამსახურის 16-წლიან ვადას (ნაცვლად 20 წლისა, რომელსაც უბრალო ლეგიონერები მსახურობდნენ). თავისი არსებობის პირველი ერთ-ნახევარი საუკუნის მანძილზე პრეტორიანელთა გვარდიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმპერატორთა ხელისუფლების და ზოგადად რომის სახელმწიფოს პოზიციების განმტკიცებაში, მ.შ. სასტიკი, სუსტი ან არაპოპულარული იმპერატორების დამხობით, პლებეების გამოსვლებისათვის წინააღმდეგობის გაწევით და რომის სენატის ინტრიგების აღკვეთით; მათმა პრეფექტებმა დიდი გავლენა მოიპოვეს რომის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუმცა II საუკუნის ბოლოდან პრეტორიანელებს სულ უფრო მეტად უმკვიდრდებოდა ანგარებიანი, ულმობელი და ინტრიგანი დაქირავებული ჯარის სახელი. 312 წელს იმპერატორმა კონსტანტინემ გააუქმა პრეტორიანელთა გვარდია (შეცვალა სასახლის ჯარის ნაწილებით – domestici) და დაანგრია Castra praetoria როგორც „ამბოხებებისა და გარყვნილების ბუდე“.

გადატანითი მნიშვნელობით, „პრეტორიანელები“ ეწოდება დაქირავებული ჯარს, ხელისუფლების დასაყრდენ უხეშ ძალას.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება