გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი (დ. 20 ივლისი, 1967, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 13 ივნისამდე[1]. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2012-2015 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2015 წელს. 2013 წლის ივლისიდან — 2015 წლის დეკემბრამდე იყო საქართველოს ვიცე-პრემიერი.[2]
ბიოგრაფია
1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, შემდეგ 1995 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის განხრით. 1998 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ფინანსებში ილინოისის უნივერსიტეტში. 1993-1996 წლებში მუშაობდა გაერთიანებულ ქართულ ბანკში, 1996-1997 წლებში იყო „Trade Invest Bank-ის“ გენერალური დირექტორის მოადგილე. 1998 წელს კვლავ გაერთიანებული ქართული ბანკში მუშაობდა, იყო ერთ-ერთი დირექტორი.
1999 წელს მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2000 წელს გამოეყო მოქალაქეთა კავშირს სხვა ადამიანების ჯგუფთან ერთად და იყო გახდა ფრაქცია „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. 2001-2002 წლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიჰყავდა კორპორატიული ფინანსების სალექციო კურსი.
2004 წლიდან დაუბრუნდა საბანკო სექტორს. 2004-2006 წლებში იყო პირველი კომერციული ბანკის აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტი. 2006—2011 წლებში იყო „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ დაბრუნდა პოლიტიკაში. 2012-2015 წლებში იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2015 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, ხოლო 2015 წლის 30 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. 18-11-2016-დან — 30-11-2016-მდე იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.
2018 წლის 13 ივნისს ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მოწყობილი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა თანამდებობიდან. ამ შესახებ კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ვერა ქობალია |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2012 – 2015 |
შემდეგი: დიმიტრი ქუმსიშვილი |
წინამორბედი: თამარ ბერუჩაშვილი |
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2015 |
შემდეგი: მიხეილ ჯანელიძე |
წინამორბედი: ირაკლი ღარიბაშვილი |
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 - 2018 |
შემდეგი: მამუკა ბახტაძე |