ირაკლი ღარიბაშვილი

ქართველი პოლიტიკოსი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი (დ. 28 ივნისი, 1982, თბილისი[1]) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 29 იანვრამდე. მანამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი (2012–2013), საქართველოს მე-11 და ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 30 დეკემბრამდე, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე (2013–2015), საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2019 წლის 8 სექტემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე. 2024 წლის 1 თებერვალს ღარიბაშვილი „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს. [2]

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
„ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 თებერვალი, 2024
წინამორბედიირაკლი კობახიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 თებერვალი, 2021 – 29 იანვარი, 2024
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
წინამორბედიგიორგი გახარია
მემკვიდრეირაკლი კობახიძე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ნოემბერი, 2013 – 30 დეკემბერი, 2015
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
წინამორბედიბიძინა ივანიშვილი
მემკვიდრეგიორგი კვირიკაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 სექტემბერი, 2019 – 22 თებერვალი, 2021
პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი გახარია
წინამორბედილევან იზორია
მემკვიდრეჯუანშერ ბურჭულაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 20 ნოემბერი, 2013
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
წინამორბედიბაჩანა ახალაია
მემკვიდრეალექსანდრე ჭიკაიძე

დაბადებული28 ივნისი, 1982 (1982-06-28) (42 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება
მეუღლენუნუკა თამაზაშვილი
შვილებინიკოლოზი, ანდრია, გაბრიელი და ნინო
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სორბონის უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი, დიპლომატი, პოლიტოლოგი
საქმიანობაპოლიტიკა
რელიგიამართლმადიდებელი
ხელმოწერა

განათლება

ირაკლი ღარიბაშვილმა 1999 წელს დაამთავრა დედოფლისწყაროს N1 საშუალო სკოლა. 1999-2004 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად (2001–2002 წლებში), სტაჟირება გაიარა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

2002-2004 წლებში ირაკლი ღარიბაშვილი სწავლობდა სორბონის (პარიზი, საფრანგეთი) უნივერსიტეტში - Paris I – პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2005 წელს, ირაკლი ღარიბაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი მიიღო.[3] ფლობს რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

პოლიტიკურ კარიერამდე

2004–2005 წლებში მუშაობდა „ქართუ ჯგუფის“ კომპანია ბურჯში. 2005-2008 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტის თანაშემწე. 2006 წლიდან 2012 წლის 14 თებერვლამდე იყო საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წელს ირაკლი ღარიბაშვილი იყო საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი. 2007-2012 წლებში იყო სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. სწორედ ამ პერიოდში „ქართუ ჯგუფში“ მრავალი მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პროექტი და პროგრამა განხორციელდა კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, სპორტის, ჯანდაცვის, სოციალურ და სხვა სფეროებში.[3]

პოლიტიკური კარიერის დასაწყისი

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ და პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ საქმიანობაში.

2012 წლის 15 თებერვლიდან, იგი იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი წევრი და პარტიის სარევიზიო კომისიის ხელმძღვანელი.

2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

შინაგან საქმეთა მინისტრი

2012 წლის 25 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ღარიბაშვილის მუშაობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რითაც ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილების შედეგად, საპატიმრო დაწესებულებები დატოვა 16 ათასამდე მსჯავრდებულმა, გათავისუფლდა 200-მდე მოქალაქე, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დევნილი და დაპატიმრებული.

ასეთი ფართომასშტაბიანი, უპრეცედენტო ამნისტიის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით იკლო დანაშაულის რიცხვმა და გაიზარდა დანაშულის გახსნის მაჩვენებელი.

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპოლიტიზება და რესტრუქტურიზაცია. ამ რეფორმის ფარგლებში (2012 წლის ნოემბერი), სამინისტროს სამსახურების - კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ნაცვლად, ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოები, შეიქმნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი პოლიციის შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდში დიდი ყურადღება დაეთმო შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდას, ადამიანის უფლებათა დაცვას. იზოლატორების საქმიანობა გახდა გამჭვირვალე. მათ სისტემატურ ზედამხედველობას უწევენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები და უცხოელი უფლებადამცველები. 2012 წლის დეკემბერში დროებითი მოთავსების ყველა იზოლატორის დერეფნებში დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემები.

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება უკანონო თვალთვალის დასრულება საქართველოში. 2013 წლის 5 სექტემბერს, უშუალოდ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საჯაროდ განადგურდა 110 კომპაქტური დისკი, რომლებიც დაახლოებით 181 საათის ხანგრძლივობის უკანონო თვალთვალის გზით მოპოვებული პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერების 144 ფაილს შეიცავდა.[4] ეს ჩანაწერები პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების, მათ შორის, უცხოელი დიპლომატების, სასულიერო პირების შანტაჟსა და დაშინებას ემსახურებოდა.

პრემიერ-მინისტრი

 
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან ერთად, 2014 წ.

31 წლის შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მომავალ პრემიერ–მინისტრად 2013 წლის 2 ნოემბერს დასახელდა. მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა[5].

2013 წლის 17 ნოემბერს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის მომენტიდან, ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუციაში 2010 წელს განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც თვისებრივად შეიცვალა და გაიზარდა პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები.

2013 წლის 18 ნოემბერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა მთავრობის ახალი პროგრამა, რომელიც ეფუძნება კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გაცხადებულ ღირებულებებსა და საარჩევნო პროგრამას.[6]

მთავრობის ახალი პროგრამა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივები

პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის მიზანი სოციალურად სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა.

მთავრობის პრიორიტეტებად დასახელდა: ეკონომიკის განვითარება, ბიზნესის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სოფლის მეურნეობის განვითარება, განათლებისა და ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობის მიერ ახალი კონსტიტუციის ფარგლებში დაკისრებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების ეფექტიანი და ოპერატიული განხორციელებისთვის შეიქმნა უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო.[7]

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ასევე, შეიქმნა კრიზისების მართვის ერთიანი მაკოორდინირებელი ცენტრი, რაშიც ხელისუფლებას ამერიკელი, ბრიტანელი და ებრაელი პარტნიორები დაეხმარნენ.[8]

ეკონომიკური პოლიტიკის კოორდინაციისათვის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭო შექმნა[9].

ადამიანის უფლებები

ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის პრიორიტეტია ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება, რაც ყველა უმცირესობის უფლებების დაცვას გულისხმობს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ევროკავშირის უშუალო მხარდაჭერით, შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება ადამიანის უფლებების კონფერენციაზე 2013 წლის 4 დეკემბერს გააკეთა. ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია შვიდწლიანია და არ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ ციკლზე.

საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო პოლიტიკას საფუძვლად უდევს ეროვნული უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა. მთავრობის პრიორიტეტებია ევროკავშირში გაერთიანებისაკენ სწრაფვა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

2012 წლის ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე მოხდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვილნიუსის სამიტის შემდეგ, საქართველოს მიზანია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა 2014 წლის შემოდგომამდე, რის შემდგომაც საქართველო რეალური მოქმედებებისა და აღებული ვალდებულებების შესრულების ფაზაზე გადავა.[10]

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე

2013 წლის 24 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისა და ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ, გაიმართა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა, რომელმაც აირჩია ახალი თავმჯდომარე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ხელახლა დაკომპლექტდა პოლიტიკური საბჭო. პარტიის მიზანია, საქართველო იყოს სოციალურად ორიენტირებული, სამართლებრივი სახელმწიფო და გახდეს ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წევრი[11].

დაბრუნება „ქართულ ოცნებაში“ და საქართველოს თავდაცვის მინისტრი

2019 წლის 5 მარტს ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრად და პარტიის პოლიტიკურ მდივნად აირჩიეს.[12]

2019 წლის 8 სექტემბერს დაინიშნა თავდაცვის მინისტრად.[13] თანამდებობაზე შეცვალა ლევან იზორია. პრემიერ-მინისტრად ხელმეორედ დანიშვნის შემდეგ ღარიბაშვილი თანამდებობაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ შეცვალა.

დაბრუნება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე

 
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მდივანი ლოიდ ოსტინი (მარცხნივ) და ირაკლი ღარიბაშვილი
 
ირაკლი ღარიბაშვილი ხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, 2022 წ.

2021 წლის 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუმართლებლად მიიჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე და თანამდებობა დატოვა. გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად წარადგინა.[14] 2021 წლის 19 თებერვალს მან თავისი გუნდი წარადგინა, სადაც გამოჩნდა ორი ახალი სახე, ჯუანშერ ბურჭულაძე (თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი) და ირაკლი ქარსელაძე (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი).[15] 22 თებერვალს მე-10 მოწვევის პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობა მმართველი გუნდის დეპუტატებმა 89 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.[16]

ნიკა მელიას დაკავება

ღარიბაშვილის დამტკიცებიდან ერთი დღის შემდეგ ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო.[17] 2021 წლის 23 თებერვალს დილით განხორციელდა სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და პოლიციის შტურმი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე, სადაც შეკრებილი იყვნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები, და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.[18]

ბერა ივანიშვილის ჩანაწერები

ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნებიდან მალევე ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა ჩანაწერები, რომლებშიც ჩანდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილის შვილი, რეპერი ბერა ივანიშვილი იყენებს მაღალი რანგის მთავრობის წარმომადგენლებს, რათა თვალყური ადევნოს და დააშინოს ადამიანები, რომლებიც აკრიტიკებენ მას და მის მუსიკას სოციალურ ქსელებში, საუბარია მათ შორის არასრულწლოვნებზე.[19][20] გარდა ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილისა ჩანაწერებში ფიგურირებდა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. ივანიშვილმა და მმართველმა პარტიამ ჩანაწერებზე სხვადასხვა პოზიცია შემოგვთავაზა, ნაწილი ამტკიცებდა რომ ჩანაწერი იყო ფაბრიკაციისა და მონტაჟის გზით დამზადებული, ხოლო მეორე ნაწილი ამბობდა, რომ ჩანაწერები ჩაწერილი იქნა 2010 წელს, მაშინ როდესაც ბერა თავად იყო არასრულწლოვანი და „ქართული ოცნება“ ჯერ კიდევ არ იყო დაფუძნებული. [21] [22]

5 ივლისის მოვლენები

ურთიერთობა ხელისუფლებასა და ოპოზიციურად განწყობილ მედიას შორის განსაკუთრებით დაიძაბა 5 ივლისის მოვლენების შემდეგ. 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით იგეგმებოდა „ღირსების მარშის“ ჩატარება, რომელსაც „სირცხვილია“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები შეურთდნენ.[23] ისინი მთავრობისგან მოითხოვდნენ ღონისძიების ჩატარების უზრუნველყოფას, ხოლო კონსერვატიული ჯგუფები - „ღირსების მარშის“ აკრძალვას და ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონმდებლობის მიღებას. ხელისუფლების წევრებმა განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს ლგბტ მარშთან მიმართებით, ოპოზიციის ნაწილი მოითხოვდა მისი ჩატარების უზრუნველყოფას, ნაწილი კი ფრთხილ და მოზომილ განცხადებებს აკეთებდა. 5 ივლისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სატელევიზიო მიმართვაში მოუწოდა ლგბტ აქტივისტებს თავი შეეკავათ პარადის ჩატარებისგან რუსთაველის გამზირზე, რადგან ეს სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევდა. მან შესთავაზა აქტივისტებს აერჩიათ შსს-ს მიერ შერჩეული ალტერნატიული ლოკაციებიდან ერთ-ერთი, ან საერთოდ არ ჩაეტარებინათ მარში, რადგან ეს არაგონივრული და არამიზანშეწონილი იქნებოდა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ მარშის უკან იდგა რადიკალური ოპოზიცია და მიხეილ სააკაშვილი, რომლებიც სამოქალაქო არეულობის მცდელობაში დაადანაშაულა. ლგბტ მარში ჩაიშალა, რადგან დილის საათებიდან პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა პრაიდის წინააღმდეგ, რის შემდეგაც ორგანიზატორებმა გააუქმეს ღონისძიება. აქციის დროს შეტაკებებისას დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები. ოპოზიციურმა მედიამ ღარიბაშვილი მისი განცხადებების გამო პრაიდის და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის წახალისებაში და მისთვის მწვანე შუქის ანთებაში დაადანაშაულა. ოთხმა ტელევიზიამ – „მთავარმა არხმა“, ტელეკომპანია „პირველმა“, „ფორმულამ“ და „კავკასიამ“ პროტესტის ნიშნად ერთი დღით მაუწყებლობა შეწყვიტეს.[24] გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის და მისი კაბინეტის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომა მოითხოვეს. პრემიერ-მინისტრმა ამას ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიეკლესიური ძალების პროვიკაცია უწოდა. 12 ივლისს მთავრობის სხდომამდე გაკეთებულ განცხადებაში ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოსახლეობის 95% წინააღმდეგია მსგავსი აღლუმების ჩატარების და უმცირესობამ არ უნდა გადწყვიტოს უმრავლესობის ბედი. მან დასძინა, რომ ერთადერთი აღლუმი, რომელიც საქართველოში ჩატარდება, ქართული ჯარის აღლუმია. [25] 17 სექტემბერს „რუსთავი ორის“ ეთერში პრემიერმა უფრო დეტალურად იმსჯელა მის პოზიციაზე, მან ყურადღება გაამახვილა ინტერესთა დაბალანსებაზე, რომ ერთ მხარეს იყო აქტივისტების უფლება ჩაევლოთ მარშით, ხოლო მეორე მხარეს უპირატესი ინტერესები - საზოგადოებრივი უსაფრთხოების, წესრიგისა და მშვიდობის დაცვა, ასევე ღონისძიების ორგანიზატორების ჯანმრთელობა, ამიტომაც ის არ უჭერდა პრაიდს მხარს. პრემიერმა ასევე დაადანაშაულა „სირცხვილია“ დესტაბილიზაციის მცდელობაში, რადგან მისი თქმით, „თბილისი პრაიდის“ წევრები თითქმის დაეთანხმენენ მთავრობას ლოკაციის შეცვლაზე, თუმცა „სირცხვილიამ“, რომელსაც ღარიბაშილმა „სააკაშვილის ორგანიზაცია“ უწოდა, ჩაშალა შეთანხმება, რადგან მისი მიზანი იყო პროვოკაციის მოწყობა, რაც გამოიწვევდა პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას საზოგადოების და ეკლესიის წინააღმდეგ. მან ასევე განაცხადა, რომ პოლიციამ ვერ აღკვეთა დაპირისპირება, რადგან მოვლენები დილით ადრე განვითარდა, ხოლო მარში საღამოს იგეგმებოდა.[26]

მიხეილ სააკაშვილის დაკავება

2021 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 წლიანი დევნის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში[27][28], გამოაქვეყნა ვიდეო რომელიც მისი აღწერის მიხედვით ბათუმში იყო გადაღებული. მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებდა რომ სააკაშვილი უკრაინაშია და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია, მაგრამ მოგვიანებით ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.[29]

რუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)

2022 წლის 25 თებერვალს 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილმა განაცხადა რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთზე უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. [30]

ურთიერთობები ევროკავშირთან

2023 წლის 12 დეკემბერს ღარიბაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით წერილობით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს - შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს - ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს, ასევე ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ლიდერს. [31]

ოჯახი

ირაკლი ღარიბაშვილს ჰყავს მეუღლე — ნუნუკა თამაზაშვილი (დ. 1983) და ოთხი შვილი — ნიკოლოზი (დ. 2005), ანდრია (დ. 2010), გაბრიელი (დ. 2015) და ნინო (დ. 2016).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. საქართველოს მთავრობის საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-18. ციტირების თარიღი: 2014-11-17.
  2. ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს
  3. 3.0 3.1 „ირაკლი ღარიბაშვილის ბიოგრაფია“. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  4. „შსს-ში დაცული პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდა“. Civil.ge. 5 სექტემბერი, 2013. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. მომავალ პრემიერ–მინისტრად ღარიბაშვილი დასახელდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-16. ციტირების თარიღი: 2014-11-17.
  6. პრემიერ მინისტრობის კანდიდატის გამოსვლა პარლამენტში
  7. „კრიზისების მართვის საბჭომ ბოლო სამ წელში დაახლოებით 15 მილიონი დახარჯა და ახლა უფუნქციო ორგანოდ გამოცხადდა“. factcheck.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  8. „საქართველოში კრიზისების მართვის ცენტრი შეიქმნება“. ghn.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  9. რისთვის შეიქმნა პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭო?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-16. ციტირების თარიღი: 2014-11-17.
  10. „ელჩი: არასწორი იქნება, თუ ქართული მხარე დაიკავებს პოზიციას, რომ ყაზახებმა არ იციან მათემატიკა“. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  11. პარტიის ყრილობა
  12. [https://civil.ge/ka/archives/278311 ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად დააბრუნეს ]
  13. „პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობას ნდობა გამოუცხადა“. gov.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  14. "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  15. „ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა - მინისტრთა კაბინეტში ორი ახალი სახე იქნება?“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  16. „ქართულმა ოცნებამ ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა“. On.ge. 22 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  17. „ნიკა მელია დააკავეს - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 თებერვალს“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  18. „ნიკა მელია დაკავებულია“. www.ambebi.ge. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  19. Georgian rapper accused of using law enforcement to terrorize critics | Eurasianet en. ციტირების თარიღი: 2021-03-12
  20. Covert Recordings: Bera Ivanishvili Heard Tasking Security Official with Personal Revenge? en-US (2021-03-06). ციტირების თარიღი: 2021-03-12
  21. [https: //agenda.ge/en/ news / 2021/622 Secretary Office launches investigation into covert audio recordings involving Georgian PM]. ციტირების თარიღი: 2021-03-12
  22. [https: //civil.ge/archives/405292 PM Garibashvili Breaks Silence Over Covert Recordings] en-US (2021-03-12). ციტირების თარიღი: 2021-03-12
  23. „5 ივლისს "თბილისი პრაიდი" "ღირსების მარშს" გამართავს“. Radio Liberty. 4 June 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 June 2021.
  24. „ოთხმა ტელევიზიამ პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტა“. Civil.ge. 14 ივლისი, 2021. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  25. „ოთხმა ტელევიზიამ პროტესტის ნიშნად 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტა“. საზოგადოებრივი მაუწყებელი. 12 ივლისი, 2021. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  26. „ღარიბაშვილი პრაიდის კვირეულზე: არ არის საჭირო ასეთი მარშები, 85% მართლმადიდებელი ქრისტიანია“. Metronome.ge. 17 სექტემბერი, 2021. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  27. Саакашвили призвал сторонников пойти колоннами на Тбилиси ru. ციტირების თარიღი: 2021-10-01
  28. Михаил Саакашвили заявил, что вернулся в Грузию. Там он приговорен к двум тюремным срокам ru. ციტირების თარიღი: 2021-10-01
  29. მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია - პრემიერი
  30. civil.ge
  31. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილობითი მიმართვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს - შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს - ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ესპანეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს, ასევე ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს ლიდერს
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ბაჩანა ახალაია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
2012 –2013
შემდეგი:
ალექსანდრე ჭიკაიძე
წინამორბედი:
ბიძინა ივანიშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
2013 – 2015
შემდეგი:
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედი:
ლევან იზორია
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
8 სექტემბერი, 2019 – 22 თებერვალი, 2021
შემდეგი:
ჯუანშერ ბურჭულაძე
წინამორბედი:
გიორგი გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
2021 – 2024
შემდეგი:
ირაკლი კობახიძე