ხელმწიფის კარის გარიგება

„გარიგება ჴელმწიფის კარისა“ — ქართული სამართლის ძეგლი. მეფის ხელისუფლებისა და სამეფო კარის წესდებულება. შედგენილი უნდა იყოს XIV საუკუნეში. ჩვენამდე მოაღწია XVII საუკუნის ერთადერთმა ხელნაწერმა, რომელიც ძალზე დაზიანებულია. ნახევარზე მეტი დაკარგულად ითვლება; ამასთან ბევრი ცნობა თავის ადგილას არ არის მოთავსებული. ძეგლი იპოვა და პირველად გამოსცა ე. თაყაიშვილმა (1920). 1965 წელს იგი განმეორებით გამოსცა ი. დოლიძემ, ხოლო 1970 რუსული თარგმანითურთ — ივანე სურგულაძემ. იგი უნიკალური ძეგლია. „ამ ძეგლის შინაარსი იმდენად მრავალფეროვანია, რომ მას საქართველოს როგორც სახელმწიფო წესწყობილების, ისევე კულტურული, ეკონომიური და ნივთიერი კულტურის ისტორიის შესასწავლად უაღრესი მნიშვნელობა აქვს“ (ი. ჯავახიშვილი). ძეგლში აღნუსხულია ვაზირთა და სხვა მოხელეთა უფლება-მოვალეობანი, აღწერილია ვაზირობისა და დარბაზობის წესრიგი, აგრეთვე დიდი დღესასწაულების წესები. მის მიხედვით მეფე ზებუნებრივი არსების ნიშნებით არის დაჯილდოებული; იგი ღვთის სწორია. ამის გამომხატველია სასახლეში მიღებული წესჩვეულებები — მეფის მორთვა-მოკაზმვისა, საპატიო პირთა მიღებისა და სხვა, რომლებიც დეტალურადაა აღწერილი ძეგლში. მეფე უდგას სათავეში ყოველგვარ საეკლესიო და საერო საქმიანობას. „გარიგებაში“ წარმოდგენილი ეს გაღმერთება მეფისა ძლიერი მეფის ხელისუფლების იდეის გამოძახილია.

ძეგლის მიხედვით, დარბაზს იწვევდნენ „დიდის წესითა“ ან „უმცროსითა“; „დიდის წესითა“ — განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად (მაგ., მეფის ტახტზე ასვლა, ომის გამოცხადება, ზავის დადება, კანონის მიღება) ანდა დიდი საეკლესიო დღესასწაულების დროს, უცხოელი სტუმრების აუდიენციისას და სხვა, ხოლო „უმცროსითა წესითა“ — სავარაუდოა, სასწრაფო საკითხების მოსაგვარებლად.

ძეგლში მოცემულია მაშინდელი მთავრობის — სავაზიროს მუშაობის განაწესი. სახელმწიფოს მართვაში სავაზირო საუწყებო სისტემის შემოღებას ნიშნავდა და დარბაზის საწინააღმდეგოდ ხელს უწყობდა მეფის ხელისუფლების გაძლიერებას და მმართველობის ცენტრალიზაციას. ამ მხრივ იგი პროგრესული დაწესებულება იყო. ზეგლის მიხედვით, სავაზიროს სხდომა მტკიცედ იყო რეგლამენტირებული. როდესაც სავაზიროს მეფე ესწრებოდა, მაშინ სხდომა მას მიჰყავდა; ჩვეულებრივ კი, სავაზიროს თავმჯდომარე მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო. ადგილისა და პატივის მიხედვით ვაზირები (სხდომაზე ასეთი თანრიგით იტყვნენ წარმოდგენილნი: მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი და მსახურთუხუცესი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე სათათბირო ხმის უფლებით ამილახორი (ამირსპასალარის თანაშემწე), ამირეჯიბი (მანდატურთუხუცესის თანაშემწე) და მწიგნობარი, რომელსაც სავაზიროს დადგენილების დაწერა ევალებოდა.

ძეგლის მიხედვით, სახელმწიფოს მმართველობის თითოეულ უწყებას სავსებით ჩამოყალიბებული სამოხელეო აპარატი ჰქონდა. ძეგლში წარმოდგენილია აგრეთვე ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, უმაღლესი სასამართლო დაწესებულება, ე. წ. სააჯო კარი, რომლის თავმჯდომარე იყო მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, მოძღვართ-მოძღვარის ინსტიტუტი, რომლის შესახებ არცერთ სხვა წყაროს არ შემოუნახავს რაიმე ცნობა. „გარიგება ჴელმწიფის კარისა“ იმ ეპოქისათვის მოწინავე იდეებს გადმოსცემს.

ლიტერატურა

რედაქტირება