ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში
ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში (ზაფხული [ივლისი-აგვისტო], 1910) — არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით, მოეწყო საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების დავალებით. ექსპედიციის ხარჯები თავის თავზე აიღო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა მარშალმა პავლე თუმანიშვილმა. ექსპედიცია მიზნად ისახავდა მოენახულებინათ ლეჩხუმ-სვანეთის ძეგლები, შეეკრიბათ არქეოლოგიური, ისტორიული და ეთნოგრაფიული მასალა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო მუზეუმისათვის. ექსპედიციაში შედიოდნენ:
- ჯგუფის ხელმძღვანელი — ექვთიმე თაყაიშვილი;
- ხუროთმოძღვარი — სიმონ კლდიაშვილი;
- ფოტოგრაფი — დიმიტრი ერმაკოვი;
- მეგზური — ივანე თეოდორეს ძე ნიჟარაძე (ტფილისის I გიმნაზიის მასწავლებელი).
ექსპედიციამ მოიარა თითქმის ყველა ეკლესია, როგორც ცხენისწყლის ისე ენგურის სვანეთისა. არ იყვნენ მხოლოდ ლახამულაში (იქ მაშინ ხოლერა გაჩნდა), ჩუბის ხევში და ადიშში (იმ დროს იქ თოვლი მოვიდა), მაგრამ განთქმული ადიშის ოთხთავი იქიდან მოატანინეს და მესტიაში გადაიღეს ფოტოგრაფიულად. ექსპედიციის განმავლობაში შეგროვდა საკმაოდ ბევრი სამუზეიმო ნივთი. ექსპედიციის მსვლელობისას ს. კლდიაშვილს დაეკარგა დღიური, სადაც დატანილი ჰქონდა მის მიერ აზომილი ეკლესიები და ციხე-კოშკები, რის გამოც ამ ძეგლების გეგმების დამუშავება შეუძლებელი გახდა. გადარჩა მხოლოდ გეგმები ლეჩხუმის ეკლესიებისა და ხუთიოდე თავისუფალი სვანეთისა.
ფოტოგრაფიულად იქნა გადაღებული სვანეთის თითქმის ყველა სიძველე, გამონაკლისს შეადგენდა მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელთა ფოტოები არ გამოვიდა ჯეროვნად. ჯამში სულ გადაღებულ იქნა 1500-ზე მეტი ფოტო, როგორც სვანეთის ხედებისა, ისე თავად ძეგლებისა. სამწუხაროდ ფრესკების გადაღება ვერ მოხერხდა. ე. თაყაიშვილი მცირე უკმაყოფილოებით იხსენიებს დ. ერმაკოვსაც, რადგანაც მას არ აღმოაჩნდა წამოღებული შესაბამისი აპარატი ფრესკების გადასაღებად, ასევე მინის ფოტოფირფიტების ნაწილი არ შეესაბამებოდა წამოღებული ფოტოაპარატის კასეტის ზომებს. ამასთანავე, როცა ფოტოები დაიბეჭდა, ყველა ფოტოს არ ჰქონდა სრულად მინიჭებული ერმაკოვისეული კატალოგის ნომერი, რომლებსაც შემდგომში უნდა გაემარტივებინა საქმე მკვლევართათვის ფოტოსა და წიგნის დასაკავშირებლად. როგორც თაყაიშვილი აღნიშნავს ასეთი უნომრო ფოტოების რაოდენობა მცირეა, მაგრამ სამომავლოდ მათი მიგნება დ. ერმაკოვის კატალოგში მაინც იქნება შესაძლებელი.
ექსპედიციის მასალები გამოსაცემად მზად იყო ჯერ კიდევ 1912 წელს, მაგრამ 1917 წლის პერიპეტიების გამო ეს ვერ მოხერხდა. ექსპედიციის მასალებიდან მხოლოდ ადიშის ოთხთავის გამოცემა იქნა შესაძლებელი „მატერიალი პო არხეოლოგიი კავკაზაში“. ექსპედიციის მასალების გამოცემა ე. თაყაიშვილმა შესძლო პარიზში მხოლოდ 1937 წელს.
სვანეთში მიმავალი ორი გზიდან, სოფელი ჯვრიდან და ლატფარის უღელტეხილიდან, არჩევანი უკანასკნელზე გაკეთდა, იქ შედარებით გამართული გზის არსებობის გამო. სოფელ ჯვარიდან სვანეთში მიმავალი გზა ენგურის ადიდების დროს მუდმივად ზიანდებოდა და იშლებოდა.
ექსპედიცია ჩატარდა 1910 წლის ზაფხულში. 30 ივლისს სოფელ მახაში ჩავიდნენ, 15 აგვისტოს ექსპედიციის წევრები ჭოლაშის წმინდა ბარბარეს ეკლესიაში გამართულ დღესასწაულს დაესწრნენ.
მარშრუტი
რედაქტირებაესპედიციის წევრები ქუთაისიდან ჯერ ალპანაში ჩავიდნენ, შემდეგ კი ძეგლების აღწერა ლაბეჭინადან დაიწყეს.
ორი თვის განმავლობაში ექვთიმე დაუღალავად მოგზაურობდა, მან ექსპედიციის წევრებთან ერთად მოიარა ლეჩხუმის თემები: ლაჯანა, ორბელი, ლაცორია, მცხეთა, ქალაქი ცაგერი, სოფლები — ზუბი, ოყურეში, ნაყურალეში, ქვემო აღვი, ნასპერი, ხვამლი და სხვა. ლეჩხუმიდან ექსპედიცია ქვემო სვანეთში გადავიდა და პირველად ლენტეხის თემს ეწვია. აქ დაათვალიერეს და აღწერეს ფაყის, ლექსურას, გულიდას სიძველენი. ჩოლურის თემში შეისწავლეს სოფლები: საყდარი, მამაი და თეკალი, ლაშხეთის თემში — სასაში, ჯახუნდერი, ჩუკული, ჩიხარეში, მახაში, დაბიში, ახაშენი, მელე, ნაცული, ხერია, შგედი, მარგვიში, ლამზაგორი. მოგზაურობის მთავარი დრო „თავისუფალ სვანეთს“ მოანდომეს. აქ დაიარეს უშგულის, კალას, იფარის, მუჟალის, მულაყის, მესტიის, ლენჯერის, ლატალის თემში შემავალი სოფლები. შემდეგ ექსპედიცია სადადეშქელიანო სვანეთში ავიდა, მოიარეს ბეჩოს, ცხომარის, ეწერის და ფარის თემთა სოფლები.
ექვთიმე ყოველი არქეოლოგიური ექსპედიციის დროს საგანგებო ყურადღებას უთმობდა ეთნოგრაფიულ მასალებს. იგი წერდა ხალხურ გადმოცემებს ამა თუ იმ ეკლესია-მონასტრის აგებასთან დაკავშირებით, აღწერდა ხალხის ზნე-ჩვეულებას იმ სოფლებში, სადაც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ძეგლი იყო შემორჩენილი და ამ გადმოცემებს შემდეგ მეცნიერული დასკვნების გამოტანის დროს იყენებდა. ლეჩხუმ-სვანეთში მოგზაურობიდან ექვთიმემ მრავალ საყურადღებო ნივთთან ერთად ჩამოიტანა „ბედნიერი სვანეთის“ ერთობლივი დროშა. შეასწორა კიდეც დროშის თავზე ამოტვიფრული წარწერის მცდარი ინტერპრეტაცია, შეაგროვა ცნობები დროშის დანიშნულების შესახებ და საინტერესო მეცნიერული დასკვნებიც გააკეთა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ექვთიმე თაყაიშვილი, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი 150, „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“, თბ., 2013
- თაყაიშვილი, ე., „არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს“, პარიზი, 1937