მარტვილის მონასტერი

მარტვილის მონასტერი — ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში ქალაქ მარტვილში.

მარტვილის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°24′19″ ჩ. გ. 42°22′40″ ა. გ. / 42.40528° ჩ. გ. 42.37778° ა. გ. / 42.40528; 42.37778
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა მარტვილი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი მონასტერი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ჭყონდიდის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ტაძრის გეგმა

მდებარეობა

რედაქტირება
 
მთის თხემზე აგებული მარტვილის მონასტერი

გიორგი ათათიას ფოტო

სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის ცენტრის მახლობლად, კონცხად გამოწეულ მთის თხემზე. მთის ძირში ფართოდ გადაშლილია მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე აბაშის ველები.მონასტრიდან თითქმის მთელი იმერეთი და სამეგრელო მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა.

უხსოვარი დროიდან ჭყონდიდი წარმართული რელიგიური ცენტრი იყო. მაღალ ბორცვზე იდგა ბომონი მუხის უზარმაზარი ხე. იგი წარმოადგენდა ნაყოფიერების, გამრავლებისა და ოჯახის კეთილდღეობის მფარველ კაპუნიას წარმართულ სალოცავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა, აქაური ქურუმები-ჭყოინდარები კი ჩვილებს სწირავდნენ. პირველი ეკლესია სწორედ აქ მდებარე მუხის ადგილას აშენებულა (თარიღი უცნობია) ანდრია პირველწოდებულის სახელზე, რომელმაც სამეგრელოში ქრისტიანობა იქადაგა. VII საუკუნეში აშენდა მარტვილ-ჭყონდიდის ტაძარი, რომლის ტრაპეზი დაფლულ სიწმინდეს - მოჭრილ მუხის ფესვებს დაეფუძნა. ტაძარი თავდაპირველად ჯვრის ტიპის ნაგებობა ყოფილა. თურქ-არაბთა შემოსევებმა ძლიერ დააზიანა იგი.

X საუკუნეში გიორგი მეორემ ხელახლა საფუძვლიანად შეაკეთებინა იგი. სავარაუდოდ, ამის გამო მიაწერს „ქართლის ცხოვრება“ გიორგის მარტვილის ეკლესიის აღშენებას. გიორგი მეფემ ტაძარი საეპისკოპოსო კათედრად გამოაცხადა. ტაძრის ჯვრის ტოტები მოშალეს და მოუშენეს ეკვდერები. მხოლოდ აღმოსავლეთშია ხელუხლებლად შემორჩენილი წახნაგოვანი შვერილი, ორივე მხრივ ღრმა ნიშნით. ტაძარს შერჩა სახელი მარტვილი, ეპისკოპოსებს კი ჭყონდიდელები ეწოდათ.

X საუკენეში აქ მოღვაწეობდა იოანე მინჩხი — ჰიმნოგრაფი. ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელს. „ქართლის ცხოვრების“ ცნობით ბაგრატ IV მარტვილის მონასტერშია დამარხული.

მონასტერში იყო კრიპტერია - გადამწერ ბერთა სამყოფი. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები.

 
„მთავარი ტაძარი აგებულია მცირე, გალავნით შემოზღუდულ მოედნის შუა. იგი VI−VII საუკუნეთა მიჯნაზეა აგებული. X საუკუნეში აფხაზეთ-ქართლის სამეფოს მეფემ გიორგი II-მ აღადგინა ტაძარი და „შექმნა საეპისკოპოსოდ და განაშუენა იგი სიმრავლითა“. ამის შემდეგ „საყდარი ჭყონდიდისა“ იყო განთქმული და „წარჩინებული სამღვდელო-მოძღვრო საყდარტა შორის სამეფოსა“-თა, გვაცნობებს მატიამე. ამ დროსაა აგებული დიდ მინაშენი ტაძრის დასავლეთ მხარეს.

ძეგლმა ძლიერ გადაკეთებული სახით მოაღწია ჩვენამდე. იგი რამდენიმეჯერ შეკეთებულ იქნა ძველადაც და XIX საუკუნეშიც. დღეს განსაკუთრებით არის შეცვლილი ნაგებობის გარეგანი სახე. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადები ახალ კედლებშია ჩასმული. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებიდან უპირატესად ქვედა ნაწილებია დარჩენილი პირველადი სახით. მთლიანად აღდგენილია გუმბათიც.

იატაკი დაფენილია ფილებით, რომლებიც ცენტრში სხივისებურად განლაგებული, იგი ძველი ხანიდანაა შერჩენილი. ტრაპეზი შესრულებულია XVIII საუკუნეში.

ცენტრალურ გუმბათოვან ნაგებობას, რომელსაცაქვს ოთხი ნახევარწრიული მკლავი (აბსიდი) ყოველ მხარეს და გუმბათქვეშა კვადრატის კუთხეებში მრგვალი ნიშები, სადაც მოწყობილია გასასვლელები მცირე ოთახებში, ახასიათებს შიდა სივრცის რთული, მაგრამ მკაფიო ფორმები. გუმბათქვეშა თაღების სისტემა ქმნის მსუბუქ გადასვლას კვადრატული ფუძიდან მრგვალ გუმბათზე.

აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადების შემონახული დეკორატიული მორთულობა რელიეფური სარტყელების სახით.

დასავლეთი მინაშენის ზედა ნაწილში დაცულია დიდი რელიეფური გამოსახულება ძველი ქართული წარწერით. რელიეფი შესრულებულია X საუკუნეში.

მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით აღმართულია სვეტად წოდებული შენობის ნანგრევები. სვეტის ქვედა ნაწილში იყო გასასვლელი, ზევით კი სენაკი და ეკლესია. ისტორიკოსის ცნობით, XI საუკუნის დასაწყისში აქ ცხოვრობდა მესვეტე. ჯერ კიდევ XIX საუკუნის შუა წლებში აქ იმყოფებოდა მეუდაბნოე.

მცირე, აზიდული პროპორციების მოხდენილი ორსართულიანი ნაგებობა კათედრალური ტაძრის ჩრდილოეთითაა აღმართული. პირველ სართულზე მოწყობილია გასასვლელი, რომელიც ამავე დროს ეკვდერის დანიშნულებას ასრულებდა. ზემოთ გუმბათოვანი ეკლესიაა.“
(რ. მემფისაშვილი, „მარტვილი“, თბ., 1961)

არქიტექტურა

რედაქტირება

მარტვილის ტაძარი გეგმით ძალიან ჰგავს მცხეთის ჯვრის ტაძარს, მაგრამ არ იმეორებს მას. ხუროთმოძღვარმა აქ მიმართა თემის თავისუფალ ინტერპრეტაციას და ფაქტობრივად დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოები შექმნა. შენობის გეგმაში შეტანილია ზოგი ცვლილება: გუმბათის დიამეტრი უფრო მცირეა, კუთხის ნიშები კი - უფრო დიდი. გაზრდილია აფსიდების მკლავების სიღრმე, გადიდებულია კუთხის სათავსების ზომა. შეცვლილია აგრეთვე კვადრატიდან მრავალწახნაგოვანზე გადასვლის გუმბათქვეშა სისტემაც - ტრომპებს აქ ერთიმეორეზე გადმოკიდებული პატარა კამარების რიგირთ შექმნილი საფეხურისებრი სახე აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მარტვილის ტაძარი ჯვრის ტაძარზე მცირეა, ცალკეულ ნაწილთა შეფარდების ცვლილებების შედეგად შექმნილია დიდი და მსუბუქი შინაგანი სივრცის შთაბეჭდილება, სხვაგვარია ფასადთა რელიეფებიც. ცალკეული დამოუკიდებელი კომპოზიციების ნაცვლად აქ უწყვეტი ფრიზებია, შესრულების ხასიათი კი უფრო დეკორაციულია. ფიგურები და მცენარეული ორნამენტი ერთიან ნახატშია ჩართული და გარკვეულ რიტმულ დანაწევრებას ექვემდებარება. ფრაზებზე ბიბლიისა და სახარების სიუჟეტებია გამოსახული (მაგ., დანიელი ლომთა ხაროში, სამსონი და ლომი, ქრისტეს ამაღლება 4 ანგელოზის მიერ და სხვა).

X საუკუნეში, აფხაზთა მეფის გიორგი II-ის დროს, ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთეს: დაუმატეს გარეთა კედლები, ამოიყვანეს ახალი გუმბათის ყელი, ამიტომ იგი გარედან აღარ მოგვაგონეს ჯვრის ტიპის ძეგლს. დასავლეთის ეგვტერიც ასევე X საუკუნისაა. ინტერიერი სხვადასხვა დროს (XVI-XVII სს.) არის მოხატული. ტაძარში შემორჩენილია XIV, XVI, და XVII საუკუნის ფრესკები. მისი მშვენებაა საკურთხევლის კონქში წარმოდგენილი მარტვილის ღვთისმშობელი. ტაძრის გვერდით დგას მცირე ორსართულიანი ეკლესია (დაახლოებით X ს.). მონასტრის ერთ-ერთ წარწერაში ნახსენებია დადიანების წინაპარი კაცია ჩიქოვანი.

სიძველეები

რედაქტირება

ნიკოდიმ კონდაკოვმა 1889 წელს მოინახულა მონასტერი და აღწერა მისი სიძველეები: კუბო სამღვდელმთავრო პანაღიის კომპლექტისათვის, მინანქრის ჯვარი, მინანქრის პანაღია, სანაწილე, ორი ვერცხლის საწინამძღვრო ჯვარი, ვერცხლის ჭედური ტრიპტიქი, დეისუსის მინანქრის ხატი (იქვე), სანაწილე (იქვე), ღვთისმშობლის ვეცხლის ჭედური ხატი, ღვთისმშობლის მოოქროვილი ვერცხლის ჟედური ხატი, ღვთისმშობლის ხატი, ხუთი ათონური ჯვარი, ოთხთავი, მიტრა და მოქვის სახარება.[1]

ექვთიმე თაყაიშვილს ასევე აღწერილი აქვს მარტვილის მონასტრის საგანძური თავის ნაშრომში. მარტვილის მონასტრის საგანძური სხვა ნივთები ასევე გვხვდება დიმიტრი ერმაკოვის კოლექციის ზოგიერთ ფოტოებზეც.

მონასტრის სახელოვანი მწიგნობრები

რედაქტირება

მარტვილში მოღვაწეობდნენ ქართული სულიერების მატარებელი მწიგნობრები და განმანათლებლები:

მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო გიორგი ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და „თანაგამკაფელი ყოველთა გზათა“ იყო.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბერაძე თ., მენაბდე ლ., საღარაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 458.
  • ბერიძე ვ., ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974;
  • ჩუბინაშვილი გ., ქართული ხელოვნების ისტორია, ტ. 1, ტფ., 1936;
  • თაყაიშვილი ე., „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“ // ძველი საქართველო, ტ. III, ტფილისი: ელექტრო მბეჭდავი სტამბა სპირიდონ ლოსაბერიძის, 1914. — გვ. 39-128.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება