ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში (1902)
ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში (17 (30) ივლისი — 14 (27) აგვისტო, 1902) — არქეოლოგიური ექსპედიცია ისტორიულ სამხრეთ საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც მოეწყო მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების დავალებით. ექსპედიციის ფარგლებში გამოვლენილ იქნა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრების, ასევე ყარსის ოლქის ჩილდირისა და არტაანის ოკრუგის არტაანის უბნების ნაკლებადშესწავლილი ძეგლები.
ექსპედიციის წევრები:
- ჯგუფის ხელმძღვანელი — ექვთიმე თაყაიშვილი;
- არქიტექტორი — სვიმონ კლდიაშვილი;
- ფოტოგრაფი — ალექსანდრე მამუჩაშვილი.
1902 წლის ექსპედიციის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა მანამდე უცნობ მრავალ ძეგლს მიაკვლია. მათ შორის საინტერესოა კალმახის ციხის კლდის ქვემოთ, სოფელ ნიაკომის ხევში აღმოჩენილი მატიანეებში სრულიად უცნობი ვაჩიგორის დიდი მონასტერი-ლავრა და მონასტრის ირგვლივ კიდევ ხუთი პატარა ეკლესია. უცნობი მონასტერი აღმოაჩინა ექსპედიციამ ოლთისის რაიონში — კინეპოსი, სადაც დაცულია ოთხთა ეკლესია. ამ ექსპედიციების შედეგი იყო სამაბსიდიანი ეკლესიების აღმოჩენა კოლას ოთხთა ეკლესიის სოფელში, ასევე ორთულში, ბაღჩალოყიშლაში.
ექსპედიციის დროს ბევრი ისეთი ძეგლი აღმოჩნდა, ჩაიხაზა, აიზომა და გადაღებული იქნა ფოტოფირზე, რომლებიც დღეს უკვე აღარ არსებობენ. ასეთია ერუშეთის ტაძარი, რომლის ადგილზე ახლა არაფერი აღარ არსებობს. წყაროსთავის დიდი საეპისკოპოსო ტაძარი, რომელიც აღწერა ე. თაყაიშვილმა, ასევე დანგრეულია. აფეთქებას შეეწირა ზეგანი, ერუშეთის ერთ-ერთი უდიდესი ტაძარი, რომელიც ე. თაყაიშვილს თითქმის პირვანდელი სახით უნახავს და აღუწერია. აფეთქებამ შეიწირა ასევე გოგიუბას ეკლესიაც, რომლის ფოტოები 1902 წლის ექსპედიციამ გადაიღო.
მარშრუტი
რედაქტირება1902 წლის 17 (30) ივლისს ექსპედიცია მისი ორი წევრის ე. თაყაიშვილისა და ა. მამუჩაშვილის შემადგენლობით თბილისიდან ბორჯომის მიმართულებით დაიძრა[1].
მეორე დღეს ექსპედიციის წევრებმა ბორჯომს მიაღწიეს, საიდანაც ჯგუფმა პირველი გასვლა აწყურის მიმართულებით განახორციელა. აქ მათ მოინახულეს აწყურის ციხე და იქვე მდებარე აწყურის ტაძრის ნანგრევები. აწყურიდან გადავიდნენ ბიეთში სადაც დახვდათ ბიეთის ტაძრის ნანგრევები, შემდეგ დაბრუნდნენ აწყურში და გაემართნენ თისელის მიმართულებით. აქ მათ დააფიქსირეს თისელის გუმბათიანი, დარბაზული ეკლესია, ციხის ნანგრევები როგორც გუმბათიანი ისე დარბაზული ტაძრის მახლობლად, ხოლო კლდეებში გამოქვაბულები. თისელის დათვალიერების შემდეგ აწყურში დაბრუნებულები გაემართნენ ახალციხისაკენ და გზად ახაშენის ეკლესიაში შეიარეს.
-
1896 წლის ერმაკოვის კატალოგში მოხვედრილი ბიეთის ტაძრის ხედი. ფოტო რომელიც ნახსენები აქვს თაყაიშვილს.
-
ბიეთის ტაძრის ინტერიერი
-
ბიეთის ტაძრის წარწერები
ახაშენის შემდეგ ექსპედიციამ გადაუხვია ოშორის წყლისკენ და მოინახულა ქვემო ოშორის და ზემო ოშორის ეკლესიები, ასევე იგეგმებოდა ზემო ოშორის ელიას ეკლესიის მონახულებაც, მაგრამ უგზოობის გამო ჯგუფმა ასვლა ვერ შესძლო. ზემო ოშორიდან გადალახეს წყალგამყოფი ქედი და დაეშვნენ სოფელ ოთაში, სადაც აღწერეს ოთის ციხის ნანგრევები. შემედგ მოინახულეს ბეთლემის, ღართის და შორეთის ეკლესიების ნანგრევები. დასასრულს სოფელ ოთის ქვემოთ მოინახულეს ყიზილდერესის ეკლესია და გადავიდნენ ასპინძაში. ასპინძაში აღწერეს ციხისა და ეკლესიის ნანგრევები.
ახალქალაქისკენ მიმავალ გზაზე აღწერეს ჩიხორეშის ეკლესია, ხიზაბავრაში — ხიზაბავრის წმინდა გიორგისა და ახლადნაშენი ქართული კათოლიკური ეკლესიები, საროში — საროს მთავარანგელოზთა ეკლესია და საროს ციხის კომპლექსის სამივე საფორტეფიკაციო ნაგებობა. სოფელ საროდან ხერთვისის გავლით გადავიდნენ ახალქლაქში, სადაც მოინახულეს მურჯახეთის, კულალისას, ბავრას, თორის, ხორენიის, ჯიგრაშენის, ყაურმის და კუმურდოს ეკლესიები. კუმურდო რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა მას გადაუღეს 14-ზე მეტი ფოტო.
ე. თაყაიშვილი, ახალქალაქის მაზრის ძეგლების მონახულებისას გზამკვლევად ხელმძღვანელობდა ი. როსოტომაშვილის მიერ გამოცემული ნაშრომით[2], თუმცა დროის უკმარისობისა და ყარსის ოლქში გამგზავრების გამო ვერ მოხდა ყველა იმ ძეგლის მონახულება და აღწერა, რომელიც როსტომაშვილს ჰქონდა მოყვანილი.
წინასწარი გეგმის მიხედვით ექსპედიციის წევრებს ჩაფიქრებული ჰქონდათ კუმურდოდან მდინარე მტკვრის პირას დაშვება და წუნდის, თმოგვის, ვარძიის მონახულება და იქიდან გავეთისა და ქარზამეთის გავლით ყარსის ოლქში გადასვლა. აღნიშნული გეგმისაგან უარის თქმა განაპირობა ცხენების არასაკმარისმა რაოდენობამ, რომელთაც დაგეგმილ რთულ რელიეფზე უნდა გადაეტანათ ადვილადდაზიანებადი მინის ნეგატივები და სხვა საექსპედიციო ინვენტარი. ამის გამო ახალქალაქში დაბრუნებულები პირდაპირ გაემართნენ ჩილდირის უბნის ადმინისტრაციულ ცენტრ ძურძნაში (თანამედროვე ქალაქი ჩილდირი).
ადგილზე ჩასულებს სოფელში დახვდათ ძურძნის ეკლესიის ნანგრევებიდან მხოლოდ საძირკველი. ძურძნიდან მოშორებით ინახულეს ქაჯის ციხე და მასში მდებარე ციხის ეკლესია. ძურძნიდან ჩილდირის ტბის მიმართულებით, გაიარეს სოფლები: წინწალი (Güvenocak), ქვემო ჯამბაზი (Aşağıcanbaz) და კაგაჩი (Kakaç). მოინახულეს წინწალეს ეკლესიის ნანგრევები, ხოლო კაგაჩთან გზაზე ეკლესიის ნანგრევები. ჩილდირის ტბასთან ნახეს ნაეკლესიარი, აგჯა-ყალაში (Akçakale) — თეთრიციხე და რამდენიმე ეკლესია, სოფელ ჭალაში (Doğruyol) — ეკლესია ხუცური წარწერით. ჭალადან გაემართნენ ურთაში (Gölbelen), სადაც დახვდათ მეჩეთად გადაკეთებული ეკლესია, სოფელ სანომერში — ეკლესია, რომლის წარწერიანი ქვები იქვე სანამ-ოღლის სახლის კედლებში აღმოაჩინეს. შემდეგ ჯგუფი და უკან ძურძნაში დაბრუნდა. ძურძნაში მისულებს ადგილზე არქიტექტორი სვიმონ კლდიაშვილი დახვდათ, რომელიც ჯგუფს ჯერ კიდევ ახალციხეში უნდა შემატებოდა. ექსპედიციის შემდეგი კვლევის აღნიშნულ პერიოდში უკვე ჩნდება სვიმონ კლდიაშვილის მიერ შესრულებული ძეგლების გეგმები და ანახაზები.
ძურძნიდან გაემართნენ სოფელ ჩაისში, სადაც ნახეს დარბაზული ეკლესია, წყაროსთავში — წყაროსთავის საკათედრო ტაძარი. წყაროსთავიდან დაეშვნენ მტკვარზე და ამოვიდნენ სოფელ მგელციხესთან (Kurtkale). თავად სოფელში აღმოჩნდა ეკლესია კარგ მდგომარეობაში. ასევე იმავე სოფლის ძირში სხვა უფრო დიდი ეკლესიაც იქნა დაფიქსირებული. სოფლისაგან მოშორებით მდგარი მგელციხე მასში არსებული ციხის ეკლესიით და შორიახლოს არსებული ეკლესია ასევე იქნა მონახული და დაფიქსირებული. მტკვრის ქვემო დინების მიმართულებით მოინახულეს ვაშლობის ეკლესია. აქედან გაიარეს სოფლები ჩომარდო (Akdarı), ამფური (Kenardere), თათალეთი (Baltalı). ყველა მათგანში იყო ეკლესიის ნანგრევი. სოფელ თათალეთდან თათალეთის-წყლით ყარსის ოლქიდან ტფილისის გუბერნიაში გადავიდნენ. ახალციხის მაზრაში გადაიღეს და აზომეს ქარზამეთის და გავეთის ეკლესიები. უკან თათალეთში დაბრუნებულებმა მოინახულეს სოფელ კოტასის და სანსუტის ეკლესიის ნანგრევები, გზად გაიარეს ზეგანის ეკლესია, ერუშეთის ეკლესია და გაემართნენ ნაქალაქევში. ადგილზე დახვდათ ნაეკლესიარი, ისევე როგორც ახლო მდგომ სოფელ ოქრო-კოტანში. ნაქალაქევიდან გაემართნენ სოფელ ველში სადან მოინახულეს ველის ციხე და მასში არსებული ციხის ეკლესია, სოფელ გუგუბაში — გუგუბას ნაეკლესიარი, სოფელ სიკიარებში (Kotanli) — სოფლის ეკლესია. სიკიარებიდან გაემართნენ არდაჰანში. გზად შეიარეს თარაკამამის (Semiha Şakir) ჩაისის ეკლესიაში, ბეგრახათუნთან (Eskibeyrehatun) მოშორებით ნასოფლარზე დააფიქსირეს ორი ეკლესიისა და გორაზე მდგარი ციხის ნანგრევები. ბეგრახათუნის მაღლა ხიმშიაშვილების სანახებში მტკვრის პირას ნახეს ორი სხვა ნაეკლესიარი. არმისული არტაანში გზის პირას დახვდათ დიდი ეკლესიის ნანგრევები, თავად არტაანში მოინახულეს ციხე, რომელზეც ქართული წარწერებიანი ქვები იყო დატანილი, ასევე მეჩეთისა და აბანოების ნაშთები.
არტაანიდან გელის უბნის გავლით გადავიდნენ ოლთის ოკრუგში და გაჩერდნენ სოფელ პენეკში. მომდევნო დღეს გაემგზავრნენ სოლომონ-ყალაში, გზად მოინახულეს კიაგმის-ალთის მრგვალი ტაძარი, ხოლო თვით სოფელში — გამოქვაბული კომპლექსი. უკანა გზაზე ჩამხუსში მდინარის პირას დააფიქსირეს ცენტრალური ტიპის ნაეკლესიარი. სოფელ პენეკში დაბრუენბულებმა დეტალურად აღწერეს ბანას ტაძარი, ასევე შეადგინეს გეგმები და გადაიღეს მრავალი ფოტო, რომელთაგან ათი ეგზემპლიარი 1909 წლის გამოცემაში იქნა გამოქვეყნებული.
-
ბანა. ფოტო №1
-
ბანა. ფოტო №2
-
ბანა. ფოტო №3
-
ბანა. ფოტო №4
-
ბანა. ფოტო №5
-
ბანა. ფოტო №6
-
ბანა. ფოტო №7
-
ბანა. ფოტო №8
-
ბანა. ფოტო №9
-
ბანა. ფოტო №10
ჯგუფი ოლთისის ოკრუგის სოფელ პენეკიდან დაბრუნდა ჯერ არტაანში, შემდეგ კი ყარსში გაიარეს. ყარსში მოინახულეს მთავარი ციხე და გადაიღეს გალავანზე შემორჩენილი სომხური და თურქული წარწერები. 1902 წელს ექსპედიციის დროს თაყაიშვილს გალავანზე დიმიტრი ბაქრაძის 1881 წელს დაფიქსირებული ქართული წარწერა აღარ დახვდა.
ყარსის მონახულებით არქეოლოგიური ექსპედიცია დასრულდა, ხოლო ჯგუფი თბილისში 14 (27) აგვისტოს დაბრუნდა[3].
ექსპედიციის ანგარიში
რედაქტირება1909 წელს МАК-ის მე-12 ტომში ექსპედიციის ანგარიში გამოქვეყნდა, ხოლო 1910 წელს მოსკოვის არქეოლოგიურმა საზოგადოებამ ე. თაყაიშვილს ოქროს დიდი მედალი გადასცა[4].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- „ექვთიმე თაყაიშვილი 150“, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბ., 2013
- Материалы по археологии Кавказа, собранные экспедициями Московского археологического общества, Вып. 12. - 1909
სქოლიო
რედაქტირება- ↑ გაზ. „ივერია“, №151, 18 ივლისი, 1902
- ↑ И. П. Ростомов, «Ахалкалакский уезд в археологическом отнашении», Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа, Вып. 25
- ↑ გაზ. „ივერია“, №173, 15 აგვისტო, 1902
- ↑ „აკადემიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი“, თბილისი, 1966, გვ. 30