ღართის ეკლესია
ღართის ტაძარი — ეკლესია საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში. ტაძარი, ორნავიანი ბაზილიკა, აგებული IX-X სს-ში, ოთისწყლის ხეობაში, ტყეში მდებარეობს ინტერიერი მოხატულია, არის წარწერებიც. ამჟამად, ტაძარი ძლიერ დაზიანებულია. ორეკლესიანი ბაზილიკის ინტერიერსა და ეზოში სტელებისა და ქვაჯვრების ფრაგმენტებია მიმოფანტული[1].
ისტორია
რედაქტირებამონაცემები ღართის ეკლესიის შესახებ ძალიან მწირია. ექ. თაყაიშვილმა მოინახულა ეკლესია 1912 წელს, მის მონაცემებთან შეჯერებით ჩანს, რომ სხვაობა ეკლესიის მაშინდელ და დღევანდელ მდგომარეობას შორის უმნიშვნელოა. ღართის ეკლესია ორნავიანი ეკლესიის ტიპს მიეკუთვნება. მოკრძალული ზომის, დღეს თითქმის ნახევრამდე ჩამონგრეული ეკლესიის კედლები გარედან ამოყვანილია არათანაბარი ზომის ერთმანეთთან კარგად მორგებული თლილი ქვით. სადა, შეუმკობელი ფასადები გაცოცხლებულია ნახტომებითა და ჩანართებით. ფასადების მასიური, დაუნაწევრებელი სიბრტყე, ინტერიერში იცვლება დაუმუშავებელი, პირმოსწორებული ქვის კვადრებით, კონსტრუქციულ ნაწილებში თლილი ქვაა გამოყენებული. კონტრასტი სადა და მარტივ ფასადებსა და ინტერიერის ეფექტურ, დეკორაციულ გადაწყვეტას შორის, ძალუძად იჩენს თავს ღართის ეკლესიის მხატვრულ გადაწყვეტაში, რაც აახლოვებს მას ერთ-ერთ საუკეთესო, შემოქმედებითი ენერგიით დამუხტულ პერიოდთან, რომელიც ცნობილია ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ისტორიაში „გარდამავალი ხანის“ სახელწოდებით ( VII ს-ის II ნახ.- X ს-ის I ნახ. ) და თავისი ცალკეული დეტალებისა და სივრცით-კომპოზიციური გააწყვეტით ამ პერიოდის კონკრეტულ მონაკვეთს, კერძოდ IX საუკუნეს უკავშირდება.
ეკლესიას, 2006 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ბოჭორიძე გ., „მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში“, თბ., 1992, გვ. 25
- ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა, საანგარიშო კრებული, თბ., 1998, გვ. 215
- ჯაბუა ნ., ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ტიპები შუა საუკუნეების საქართველოში, თბ., 2012, გვ. 58
- ნათენაძე ნ., ღართა, მესხი მელექსე, თბ., 2018, გვ.287
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა, საანგარიშო კრებული, თბ., 1998, გვ. 217
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ