ასპინძის ციხე
ასპინძის ციხე — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის მუნიციპალიტეტში დაბა ასპინძაში. იგი ქედზეა აშენებული და გალავნით გაერთიანებიული სამი კოშკისგან შედგება. მათგან ორი ოთხკუთხაა, ერთი კი მომრგვალებულკუთხეებიანი. ერთ-ერთ ბურჯში ციხეში შესასვლელი კარია ჩატანებული. ციხე ძლიერაა დანგრეული, მაგრამ აქ ახლაც შეიძლება გაირჩეს ორი პერიოდის - X-XI და XIII-XIV საუკუნეების ნაშენი.
ციხე ძველად კონტროლს უწევდა მთელი მტკვრის ხეობას. აქედან კი ერთი გზა მტკვარს მიჰყვებოდა, ამ გზით ქართლის სამეფო საქართველოს სხვა ტერიტორიის გავლით ბიზანტიას უკავშირდებოდა. მეორე გზა მდინარე ითისწყლის აყოლებით ციხისჯვარ-თორში გადადიოდა, მესამე გზა ისტორიულ სოფელ ტამანის, სოფლების - ალასტანისა და გოკიოს გავლით ჯავახეთსა და თრიალეთზე გადიოდა, ხოლო მეოთხე გზა მტკვრის მარცხენა სანაპიროთი სახუდაბელ-ჭობარეთის გავლით ახალციხეში ჩადიოდა.
გადმოცემის თანახმად მას განაგებდნენ თავდაპირველად შალიკაშვილები, ხოლო შემდეგ დიასამიძეთა ხელში გადასულა.
ასპინძს ციხეს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- ასათიანი ნ., კვეზერელი-კოპაძე ნ., „ჟღერს ქვის ჰარმონია“, ტ.13, გვ. 88-89, თბ., 2006
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 312.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-23.