სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზეგანი (მრავალმნიშვნელოვანი).

ზეგანის (ზაქის) ეკლესია (თურქ. Zeg Manastir — Dirsekkaya) — ეკლესია, მდებარეობს საქართველოს ისტორიულ კუთხე — ერუშეთში, ქალაქ პოსოფთან, სოფელ აკირაზის (ზარაბუკის) ზევით, პატარა მდინარის აყოლებაზე 2-კმ-ში, ქვაღორღიან გორაზე.

ზეგანის (ზაქის) ეკლესია

ფოტოგრაფი ა. მამუჩაიშვილი (დ. ერმაკოვის კოლექცია), 1902 წ.

ზეგანის ეკლესია — თურქეთი
ზეგანის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°15′58″ ჩ. გ. 43°05′14″ ა. გ. / 41.266139° ჩ. გ. 43.087444° ა. გ. / 41.266139; 43.087444
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
ფუნქციური სტატუსი აფეთქებული
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ერუშეთის საეპისკოპოსო
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ზეგანი. გეგმა. ს. კლდიაშვილის მიხედვით

ცნობები ძეგლის შესახებ

რედაქტირება

ძეგლის შესახებ პირველი ცნობები ექვთიმე თაყაიშვილის 1902 წლის ექსპედიციის გამოქვეყნებული მასალების სახით მოგვეპოვება[1]. ნაშრომში მოცემულია ძეგლის აღწერა, გეგმა და ჭრილი, შესრულებული არქიტექტორ სიმონ კლდიაშვილის მიერ და ალექსანდრე მამუჩაიშვილის რამდენიმე ფოტო. ზემოაღნიშნულ მასალებზე დაყრდნობით ძეგლის არქიტექტურა თავის მონოგრაფიებში განიხილეს ვახტანგ ბერიძემ[2] და პარმენ ზაქარაიამ[3]. 1995 წელს ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ექსპედიციის წევრებს ზეგანი აფეთქებული დახვდათ. ეკლესიის ნანგრევები არქიტექტორ ნინო ბაგრატიონთან და ირინე გივიაშვილთან ერთად ჯგუფმა მოინახულა 1996 წლის 18 სექტემბერს. ჩატარდა ნანგრევთა ხელახალი აზომვა, აღწერა და ფოტოფიქსაცია[4]. ზეგანის შესახებ მნიშვნელოვანი მასალა მოიპოვება კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ ექვთიმე თაყაიშვილის არქივში, სადაც დაცულია კლდიაშვილისეული, ადგილზე შესრულებული ჩანახაზები, ჩანახატები და გამოუქვეყნებელი ფოტომასალა[5]. ძეგლის შესახებ ასევე არსებობს თურქულენოვანი გამოცემა ჩილდირის მხარის არქიტექტურის შესახებ, სადაც ზეგნის რამდენიმე ფოტო და სრულიად პრიმიტიული გეგმაა წარმოდგენილი[6].

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

ძეგლის ზომებია: 20 X 13,50 მ. სამხრეთი აფსიდის 3,65 X 2,80 მ.; კონქის სიმაღლე 2,19 მ; დასავლეთ მკლავის სიგრძე 16,60 მ; კედლის სისქე 1,30 მ; გუმბათის ყელის სისქე 0,75 მ.

დღესდღეობით ძეგლი სავალალო მდგომარეობაშია. დგას მხოლოდ ტრიკონქის სამხრეთი ფასადი კონქით, გუმბათქვეშა თაღითა და კაპიტელებით (სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ დასავლეთი გუმბათქვეშა კუთხეები), სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია პერანგის ქვები, ასევე აღმოსავლეთ აფსიდის კედლის ფრაგმენტი. გადარჩენილია სამხრეთ-აღმოსავლეთი პასტოფორუმიც — მისი კამაროვანი გადახურვა, მცირე ზომის აფსიდი. ჩამოცვენილია სამხრეთი აფსიდის სარკმლის წირთხლების ნათალი ქვები. დარჩენილი კედლები მთლიანად გამურულია, საპირე ქვებისგან არის გაძარცვული სამხრეთი მკლავის გარე კედლები (სარკმლის თაღიღა არის შემორჩენილი). სამხრეთ-დასავლეთით არსებული გალერეის სამხრეთით, მცირე ზომის აფსიდის არსებობაზე მიუთითებს კონქის მოსაპირკეთებელი ქვების შერჩენილი ფრაგმენტები. ფრაგმენტულადაა შემორჩენილი გალერეის სამხრეთი კედელი, საპირეშემორღვეული დასავლეთი მკლავი, ჩრდილოეთი აფსიდის გადაწოლილი კედლები. ნაგებობის შუაგულში კედლების მთლიანი ნაფლეთები — გუმბათის ყელის, აფსიდების, კონქის ფრაგმენტები, — აქვე კონსტრუქციული ელემენტები და სხვადასხვა სახის დამუშავებული დეტალებია ჩაყრილი, მაგრამ არ ჩანს ფიგურული რელიეფები თუ წარწერები, გარდა ცალკეული ასომთავრული ასოებისა.

ტაძარი აგებულია ტრადიციული ტექნიკით, როდესაც შენობის გარე და შიდა პერანგი, ასევე კონსტრუქციული დეტალები, მთლიანად კარგად გათლილი ქვის კვადრებითაა გამოყვანილი, ხოლო კედლის სისქე ამოვსებულია ფლეთილი და რიყის ქვებით დუღაბზე. რუხი წითელი ქვის კვადრები სწორ რიგებად არის ჩალაგებული, როგორც ჩანს ისინი ადგილობრივ კარიერებში არის მოჭრილი.

ზეგანის არქიტექტურა, პირველ ყოვლისა გეგმარებითაა მნიშვნელოვანი. ეს არის ტრიკონქის ტიპის ნაგებობა. სამი აფსიდი განლაგებულია ცენტრალური გუმბათქვეშა კვადრატის გარშემო აღმოსავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით; დასავლეთით დაგრძელებული სწორკუთხა მკლავია. საკურთხევლის აფსიდი შვერილია. აღმოსავლეთით მკლავებს შუა პასტოფორიუმებია, ხოლო დასავლეთ მკლავს სამხრეთ-დასავლეთით გარშემოსავლელი აკრავს. შესასვლელი ორია, ორივე დასავლეთ მკლავში.

რეკონსტრუქციის ცდა

რედაქტირება

ტრიკონქის აფსიდებს ნალისებრი მოყვანილობა აქვთ და არა ნახევარწრიული, როგორც ამას ე. თაყაიშვილი მიუთითებდა. ისინი კონქებითაა დაგვირგვინებული, გეგმის ნალისებრი მოხაზულობისაგან განსხვავებით, კონქებსა და მათ წინ არსებულ თაღებს რომლებიც პილასტრებს ეყრდნობა, ოდნავ შეისრული ფორმა აქვთ. ფორმების ასეთივე შეხამებას ვხედავთ მეზობლად მდებარე გოგიუბაში. მზიდი შეისრული და საფასადო ნალისებრი მოხაზულობის თაღების ერთდროულ გამოყენებას ვხედავთ ოშკშიც.

აფსიდის კედლები, პილასტრები, თაღი და კონქი კარგად გათლილი, სწორ რიგებად ჩასმული ქვის კვადრებითაა მოპირკეთებული. კონქის ძირითადი ნაწილი განივი ქვის კვადრების რიგებად ლაგდება, ხოლო ბოლო რიგი უკვე მარაოსებრ წყობას ქმნის, მის შესაყარზე კი წრიული ფორმის ქვაა ჩასმული. სარკმელი აფსიდის ცენტრში საკმაოდ მაღლა მდებარეობს, ისე, რომ მისი ნახევარწრიული დაგვირგვინება კონქის დონეზეა ასული და პილასტრების დაგვირგვინების დონეს შეესაბამება, ე. ი. როგორც კონქის თაღის, ისე სარკმლის თაღის წრიული მოხაზულობა ერთი დონიდან იწყება.

სამხრეთ აფსიდშია პასტფორიუმში შესასვლელი. ე. თაყაიშვილის მიხედვით „ეკლესიის შიგნით, მარჯვენა გვერდითა აფსიდის შესასვლელის თავზე კვეთილი ჯვარია წრეში, ჯვრის მკლავებს შუა — მტრედები“.

აღმოსავლეთი აფსიდი, როგორც საკურთხეველი, გვერდითი აფსიდებისაგან განსხვავებით ერთი დამატებითი თაღით აღინიშნება, რომელიც ბემისებრ სივრცეს ქმნის. ე. თაყაიშვილის თანახმად, ისევე როგორც სამხრეთ აფსიდს, საკურთხეველსაც რელიეფური ქვა ამშვენებდა: „საკურთხევლის თაღში ჩანს ქვის კვეთილი ჯვარი“.

ჩრდილოეთი მკლავი სამხრეთის მაგვარია. ცენტრში აქაც სარკმელია და პოსტოფორიუმში გასასვლელიცაა მოწყობილი.

ყოველი პილასტრი სადა კარნიზით გვირგვინდება და ჯვრის ოთხივე მკლავის წინა თაღს იჭერს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ მოხაზულობაზე გადასასვლელად აფრა-ტრომპებია გამოყენებული. როგორც ცნობილია, X საუკუნის მეორე ნახევრიდან თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში, ტაო-კლარჯეთის არქიტექტურული სკოლა გუმბათქვეშა კონსტრუქციად მხოლოდ აფრა-ტრომპებს იყენებდა.

„გუმბათის ყელს შიგნითაქვს თაღედი, რომელიც შეწყვილებულ პილასტრებს ეყრდნობა. თავად გუმბათი სფერულია“. ს. კლდიაშვილის ანაზომზე გუმბათის ყელში 12 თაღია. მისივე ჩანახაზების მიხედვით, გუმბათის სფეროს მიუყვება თაღების შესაბამისი რაოდენობის ლილვები, რომლებიც ცენტრში ერთდება, რაც ზეგანის შემკულობის ერთ-ერთი ორიგინალური ელემენტია.

გუმბათის ყელში ოთხი სარკმელია გაჭრილი, ჩრდილოეთითა და სამხრეთით მრგვალი, აღმოსავლეთითა და დასავლეთით — თაღოვანი.

იქიდან გამომდინარე, რომ საკურთხეველს არ აქვს განვითარებული ბემა, ხოლო დასავლეთი მკავი საკმაოდ დაგრძელებულია, გუმბათქვეშა კვადრატი და, შესაბამისად, გუმბათი, ერთ მთლიანობად კრავს სამივე აფსიდს და ერთიან საკურთხევლისწინა სივრცედ აწესრიგებს მას.

დასავლეთი მკლავი წარმოადგენს წაგრძელებულ ერთნავიან სივრცეს. განივ კედლებზე განთავსებული საკმაოდ წინ გამოსული პილასტრების საშუალებით სივრცე ორ ნაწილად იყოფა; მათგან აღმოსავლეთისა დასავლეთისაზე დიდია. ჯერ კიდევ დგას დასავლეთი მკლავის ჩრდილოეთი კედლის პერანგშემოცლილი ფრაგმენტი, სადაც შეიძლება დავინახოთ, რომ კედლის ზედაპირი პილასტრებითა და მათზე გაყვანილი თაღებით შექმნილი შეღრმავებებითაა დანაწევრებული. ასევე არის გუმბათზეც (კედლის გამსუბუქების მსგავს ხერხს მრავალგან ვხედავთ, როგორც ინტერიერში, ისე ფასადებზეც; მაგ.: ოთხთა ეკლესიის ბაზილიკის შუა ნავის გარე თაღნარი, ჯალას დარბაზული ეკლესიის ფასადებზე და სხვ.).

ე. თაყაიშვილის მიხედვით, დასავლეთ ნაწილში „განთავსებულია პატრონიკე, რომელიც თაღით იხსნება ეკლესიაში. ნავის განივი კედლები შიგნით ქმნიან ორ ცრუ თაღს. პატრონიკეს აგებულება ზუსტად იგივეა, როგორც ვაშლობის ეკლესიაში“. ვაშლობში დასავლეთით მიდგმული სათავსი ორ სართულად იყოფა. პირველი სართული ძალზედ დაბალია, ხოლო მეორე სართული პატრონიკეს სახით იხსნება ინტერიერში. თაყაიშვილის მოსაზრებით პატრონიკეზე ასასვლელი დასავლეთი მხრიდან იყო.

ე. თაყაიშვილის მიხედვით, ეკლესიაში მოხვედრა გალერეის გავლით ხდებოდა. ორივე კარი დასავლეთ მკლავშია გაჭრილი. სამხრეთი კედლის განიერი კარი, ტრადიციისამებრ, მთავარ შესასვლელს წარმოადგენს, მეორე კარი კი დასავლეთ კედელშია.

სამხრეთი ფასადის წონასწორობა გალერეის ხარჯზე უნდა დამყარებულიყო. საფიქრებელია რომ გალერეის სახურავი „ქოლგისებრი“ ყოფილიყო, რაც გუმბათის გადახურვის ლორფინების ფორმებიდან მომდინარეობდა. ამ თემის ბრწყინვალე განვითარებას ვხედავთ ოშკის მაგალითზე. თუმცა, შესაძლებელია, სახურავი ცალქანობა ყოფილიყო, დასავლეთი ნავის ქანობის პარალელური.

აღმოსავლეთი ფასადი უკვე 1902 წლისთვის ძლიერ დაზიანებული იყო. ე. თაყაიშვილმა და ს. კლდიაშვილმა ფაქტობრივად გეგმის მონაცემებით და ჩრდილო-აღმოსავლეთი ფასადის მცირე ფრაგმენტებით აღადგინეს მისი მოხაზულობა და ფომრები.

აღმოსავლეთი ფასადი ხუთწახნაგშია მოქცეული. გვერდითი აფსიდები პასტოფორიუმებითურთ სწორკუთხედში თავსდება, რომლებიც აღმოსავლეთით კედლის ზედმეტი მასისაგან განთავისუფლების მიზნით აღმოსავლეთი აფსიდის კუდის წახნაგებთან 45°-თაა ჩაჭრილი, რაც სამკუთხა ნიშებს წარმოქმნის, რომლებიც გარდა ამისა, ფასადის დეკორატიულ დანაწევრებას ქმნიან. ნიშებს სხვადასხვაგვარად მორთული მარაოსებრი დასრულება ჰქონდათ. თაყაიშვილი სწორედ ამ ფასადს მიაკუთვნებს ნანგრევებში ნანახ სხვადასხვა რელიეფურ ქვებს: ...განირჩევა ორი ქვა. ერთზე ოთხი ერთმანეთზე გადაჭდობილი ფიგურაა, მეორეზე თითქოს ლომის განმგმირავი სამსონის გამოსახულება; აქვეა რამდენიმე ქვა, ფრიზის ნაწილი, სოლომონის ბეჭედი, დიდი ქვა მშვენიერი კეთილი ჯვრით, როგორც ჩანს, აღმოსავლეთი სარკმლისა და სხვა.“

სამხრეთი ფასადი მოიცავს ფრონტონით დაგვირგვინებულ სამხრეთი მკლავისა და მასზე გადაბმული პასტოფორიუმის კედლებს. ამასთან, დასავლეთი მკლავის სამხრეთ გრძელ კედელს გარშემოსავლელითურთ. ე. თაყაიშვილის ფოტოს მიხედვით, სამხრეთი კარის გასწვრივ მას ერთი ან ორი თაღოვანი ღიობი უნდა ჰქონოდა.

აფსიდის სარკმელი შემკული იყო თავსართით კრონშტეინებზე, რომლის ორივე, ზედა და ქვედა ზედაპირები დაფარული იყო მცენარეული ორნამენტებით, ხოლო თაღს ქვევით, სარკმლის მონოლითურ ქვაზე მოტავსებული იყო რელიეფური კომპოზიცია წმინდა გიორგის გამოსახულებით.

სამხრეთი ტიმპანის ქვაზე საქტიტორო რელიეფი იყო მოტავსებული. საქტიტორო კომპოზიციები ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეების ქართულ რელიეფებსა და კედლის მხატვრობაში. გვხვდება ერთი, ორი ან მრავალფიგურიანი კომპოზიციები. დაახლოებით 20 რელიეფზე ქტიტორს ეკლესიის მოდელი უკავია. ტაო-კლარჯეთში ამ ტიპის რელიეფფების არსებობა ჩვენთვის ცნობილია ოპიზის, ოშკის, დოლისყანის, ტბეთის, კლარჯეთის წყაროსთვაის ეკლესიებზე. ზეგნის რელიეფური კომპოზიცია უნიკალურია როგორც იკონოგრაფიული თვალსაზრისით ისე ფიგურათა რაოდენობითა და მათი შემადგენლობით.

მარცხნიდან მარჯვნივ წარმოდგენილნი არიან: ოდიგიტრიის ტიპის ღვთისმშობელი ზომით დიდი ყრმა ქრისტეთი მუხლზე, ფრონტალურ პოზაში; ფეხმორთხმული მამაკაცი; მფრინავი ანგელოზი, ქტიტორი — ეკლესიით ხელში, კურდღელი და კიდევ ორი ფიგურა.

დასავლეთი მკლავის სამხრეთ ფასადზე, კარნიზს ქვევით, მოთავსებულია რელიეფური ქვა სამი ცხოველის (ხარი, ლომი და მელია ან ცხენი) გამოსახულებით. რელიეფი ბრტყელია და ძალიან ახლო პარალელს წარმოადგენს ოშკის ჩრდილოეთი ფასადის სარკმლის რელიეფისა, რომელზედაც ასევე ხარი და ლომია გამოსახული.

მხატვრულ დეკორული თვალსაზრისით ყველაზე მეტად გუმბათი არის დატვირთული. გუმბათის შემკულობა ორიგინალობით გამოირჩევა. სრულიად მრგვალი გუმბათის ყელს ზევით და ქვევით წნული კარნიზები ერტყმის, მათ შუა კი ნალისებრი უწყვეტი თაღნარია.

ზედა კარნიზი, მცენარეული ორნამენტით დაფარული, გუმბათის ყელის კონუსის ძირშია, ქვედა კი გუმბათის ყელის ფუძეს ქვების ერთი, საკმაოდ მარალი რიგითაა აცილებული. ლავგარდანი მორთულია ორნამენტის ორი ზოლით — ქვევით „გულების“ წნულია, ზევით — დიდი და პატარა წრეებისა. სწორედ ამ კარნიზს „ადგას“ გუმბათის შემამკობელი თაღნარი, რომელიც მონაცვლეობით ეყრდნობა შეწყვილებულ პილასტრებსა და კრონშტეინებს. გუმბათს თექვსმეტი თაღი აქვს, გადაყვანილი რვა ლილვოვან სვეტსა და რვა კრონშტეინზე.

გუმბათს დაბალი დონის საბურველი აქვს. ის გადახურულია ქვის ლორფინებით. საგულისხმოა რომ ლორფინები ქვევით დასრულებულია სამკუთხა წაწვეტებული წახნაგებით, ხოლო სახურავის ქვედა კიდე ზემოდან ეფინება კარნიზს და ზიგზაგისებრ მიუყვება გუმბათის მთელ წრეს.

ნანგრევებში უხვად არის მიმობნეული დამუშავებული ორნამენტირრებული ქვის ფრაგმენტები. ძირითადად ეს უნდა იყოს იმპოსტებისა და გუმბათის კარნიზების წნულები. ერთ-ერთ მათგანზე განირჩევა ქართული ასომთავრული ასო „Ⴄ“. თავის დროზე ე. თაყაიშვილმა გუმბათის ფრიზზე გაარჩია ასომთავრული ასოები „Ⴇ“, „Ⴓ“, „Ⴃ“, რაც ქვის მჭრელის ინიციალები უნდა იყოს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Е. Такаишвили, «Материалы по археологии Кавказа», XII, М. 1909, გვ. 64-68
  2. В. Беридзе, «Архитектура Тао-Кларджети», Тб.,1981, გვ. 148-149
  3. П. Закараиа, «Зодчество Тао-Кларджети», Тб.,1992, გვ. 103-105
  4. ძეგლის მეგობარი, №. 94, გვ. ი. გივიაშვილი, „ისტორიული ტაო-კლარჯეთის ძეგლები“, გვ. 24-30, თბ., 1996 წელი
  5. კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი, ე. თაყაიშვილის არქივი, საქაღალდეები №534, 2066, 2084, 2092
  6. Hamza Gündoğdu, „Tarihi Kalıntıları İle Çıldır“ (Ekip ile birlikte), Ankara 2001, გვ. 111-120