ტრიკონქი (ტრი... და კონქი) — ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ტიპი. მის ძირითად მახასიათებელს სამაფსიდიანი კომპოზიცია წარმოადგენს. გუმბათქვეშა სივრცის გარშემო ჯვრულად განლაგებულია ოთხი მკლავი, ამათგან ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებს აფსიდის ფორმა აქვს. საქართველოს გარდა ტრიკონქი ფართოდ არის გავრცელებული ქრისტიანული აღმოსავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი საბერძნეთში. იგი ასევე გვევლინება სომხეთშიც.[1]

საქართველოში ტრიკონქის ტიპის უადრესი ძეგლის თარიღად მიჩნეულია VIII-IX საუკუნეები, ხოლო აქტიური მშენებლობის ხანა XI საუკუნემდე გრძელდებოდა. [2] ამ ტიპის გამორჩეული ტაძრებია ოშკი, ბაგრატი და ალავერდი. ტრიკონქის ტიპისაა ათონის ივერთა მონასტრის ეკლესია.

  1. ჯაბუა ნათელა, ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ტიპები შუა საუკუნის საქართველოში, თბ., 2012. — გვ. 122–133.
  2. გივიაშვილი ირინე, ზეგანის (ზაქის) ეკლესია ტრიკონქის თემის ისტორიისათვის ქართულ ხუროთმოძღვრებაში, თბ., 2005.