თისელის ღვთისმშობლის ეკლესია (გუმბათიანი)

არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: თისელის ღვთისმშობლის ეკლესია (დარბაზული).

თისელის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის სამხრეთ-აღმოსავლეთით 1-1,5 კმ-ს მოშორებით. სავარაუდოდ, მონასტრის გაუქმების შემდეგ მისი მიმდებარე ტერიტორია სოფლის სასაფლაომ დაიკავა. ტაძარი სტილისტური ნიშნებით XIV-XV საუკუნეთა მიჯნით თარიღდება.

თისელის ღვთისმშობლის ეკლესია

თისელის ეკლესია XIX საუკუნის ბოლოს

თისელის ღვთისმშობლის ეკლესია (გუმბათიანი) — საქართველო
თისელის ღვთისმშობლის ეკლესია (გუმბათიანი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°42′38″ ჩ. გ. 43°14′01″ ა. გ. / 41.7107667° ჩ. გ. 43.2338500° ა. გ. / 41.7107667; 43.2338500
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
დეტალები

ძეგლი მოინახულა გრაფინია პ. უვაროვამ XIX საუკუნის ბოლოს, ექვთიმე თაყაიშვილმა 1902 წლის ექსპედიციის დროს.

თისელის ღვთისმშობლის ეკლესიას, 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ძეგლის აღწერა

რედაქტირება

გუმბათიანი ტაძრის გეგმა გარედან უმნიშვნელოდ წაგრძელებული სწორკუთხედია (10,7X11,8 მ.). შესასვლელი სავარაუდოდ ორი იყო — ერთი დასავლეთიდან და მეორე სამხრეთიდან, კედლის შუა ნაწილში განგრეული ღიობის ადგილზე. დასავლეთის კედელი თითქმის მთლიანად ჩამოშლილია და კარის წირთხლის მხოლოდ კვალი იკითხება. ტაძრის აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძი, ისევე როგორც ეს სამცხის ხუროთმოძღვრებისთვისაა დამახასიათებელი, დამოკლებულია. გუმბათი აფსიდის მხრებსა და ორ თავისუფლად მდგომ სვეტზეა აღმართული. საკურთხეველი სამნაწილიანია, განიერი პასტოფორიუმები აღმოსავლეთის აფსიდებითა და თაღითაა გახსნილი დარბაზის შიდა მხარეს, სამკვეთლო დამატებითი კარით უშუალოდ საკურთხეველსაც უკავშირდება.

ტაძარი ქვიშაქვის დამუშავებული კვადრებით იყო მოპირკეთებული. დღეს კვადრების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია, ნაწილი გაზიდული, ქვის ბუდეებით თუ ვიმსჯელებთ, ფასადების ამოყვანისას ოსტატი წყობის ჰორიზონტალურ რიგებს საგულდაგულოდ იცავდა. ტაძრის კედლებს არაერთი გადაკეთების და გადაწყობის კვალი ეტყობა, შესაძლოა აქ ადრე არსებული ეკლესიის ნაწილიც იყოს გამოყენებული (მაგალითად აღმოსავლეთით საკურთხევლის ნაწილი), გადაკეთება აღმოსავლეთის ფასადს ნათლად ეტყობა. შემორჩენილია საკურთხევლის სარკმლის ზედა ნაწილი ორმაგი გლუვლილვიანი თავსართით (ეს ფრაგმენტი ერთ-ერთი გვაინდელი გადაკეთებიდან უნდა იყოს შემორჩენილი). შიდა მხარეს გუმბათის ყელის წრიულ მოხაზულობაზე გადასვლა ქვის წყობით ამოყვანილი აფრებითაა, მათ ზემოდან საკმაოდ მასიური ლილვი შემოუყვება. შიდა მხარეს გუმბათის ყელში თლილი ქვის ხუთრიგიანი წყობაა შემორჩენილი. გუმბათის ყელი თავდაპირველად გარედანაც წრიული მოხაზულობისა ყოფილა, მის ქვედა ნაწილში გათლილი ქვიშაქვის კვადრების ორი რიგია შემორჩენილი, ზემოთ შეწყვილებული ლილვებია, ხოლო მის თავზე ასევე თლილი ქვით განახლებული გუმბათის ყელის რვაწახნაგა გეგმაზეა გადასული. დღეს გუმბათის ყელის შემორჩენილი მასა აგურითაა აღდგენილი. გვიანდელი აღდგენისას ყელი რვაწახნაგაა ოთხი სარკმლით. საკურთხეველსა და კონქს ნათლად ეტყობა აგურით აღდგენა. ინტერიერშიც მოპირკეთება შედარებით უხეშად გათლილი ქვისაა. სვეტები და პილასტრები სადა, მარტივი კაპიტელებითაა დასრულებული.

ექვთიმე თაყაიშვილის მოსაზრებით თისელის ორივე ეკლესია ერთი კომპლექსის ნაწილს შეადგენდა. თისელის მონასტრისათვის აღაპები გაღებული ჰქონდათ სამცხის ათაბაგებს[2].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • «Материалы по археологии Кавказа». т. 4
  • «Материалы по археологии Кавказа». т. 12
  • გ. მარსაგიშვილი, „თისელის ღვთისმშობლის ეკლესია (გუმბათიანი)“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 628-633

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 9412