სუბტროპიკული სარტყლები

(გადამისამართდა გვერდიდან სუბტროპიკული ჰავა)

სუბტროპიკული სარტყლები, სუბტროპიკები — გეოგრაფიული სარტყლები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში, ტროპიკულ და ზომიერ სარტყლებს შორის. დამახასიათებელია ტროპიკული და ზომიერი კლიმატური რეჟიმების მორიგეობა, რაც გამოწვეულია ატმოსფერული ზოგადი ცირკულაციის სეზონურიი რიტმებით. სუბტროპიკული სარტყლები ზაფხულობით განიცდის პასატური ჰავის, ხოლო ზამთრობით ზომიერი სარტყლების ციკლონური ცირკულაციის გავლენას.ზაფხულის საშუალო თვიური ტემპერატურა 20°C-ზე მეტია, ზამთრისა 4°C-ზე მეტი, პოლარული ჰაერის მასების შემოჭრის დროს შესაძლებელია წაყინვები (ზოგჯერ — 10°C-მდე). ატმოსფერული ნალექების რაოდენობა კლებულობს ოკეანესპირა რაიონებიდან კონტინენტის შუაგულისაკენ, რაც იწვევს ჰავის კონტინენტურობის ზრდას და ლანდშაფტის შეცვლას.

სუბტროპიკული სარტყლები

ყოველ კონტინენტზე სუბტროპიკული სარტყლები სამ ძირითად სექტორად იყოფა: დასავლეთ ოკეანისპირა, ანუ ხმელთაშუაზღვისა, ზამთარში დანესტიანებული; კონტინენტური, წლის განმავლობაში მცირედ დანესტიანებული და აღმოსავლეთ ოკეანისპირა, ანუ მუსონური,ზაფხულში ჭარბად დანესტიანებული. დასავლეთ ოკეანისპირა სექტორებში განვითარებულია ნახევრად მშრალი სუბტროპიკები — ხმელთაშუა ზღვის ხეშეშფოთლიანი ტყისა და ბუჩქნარის ზონა, რომელიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ იცვლება რუხ-ყავისფერ ნიადაგებზე განვითარებული სუბტროპიკული სტეპის ზონიძ: უფრო აღმოსავლეთით ამ ზონას ესაზღვრება კონტინენტური სექტორის სუბტროპიკული ნახევარუდაბნოსა და უდაბნოს ზონები — მშრალი სუბტროპიკები. სამხრეთ ნახევარსფეროში სუბტროპიკული სარტყლების კონტინენტურ სექტორებში რუხ-ყავისფერ ნიადაგებზე განვითარებულია სუბტროპიკული სტეპის ზონა, ხოლო აღმოოსავლეთ ოკეანისპირა სექტორში — მურა-ყვითელ, ყვითელ და წითელ ნიადაგებზე — ნოტიო სუბტროპიკები.

ლიტერატურა

რედაქტირება