გიორგი ძიგვაშვილი
გიორგი ძიგვაშვილი (დ. 1917 — გ. 17 ოქტომბერი, 1942) — ქართველი პოეტი. 1941 წლის ანტისაბჭოთა შეთქმულების ერთ-ერთი ორგანიზატორი.
გიორგი ძიგვაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1917 |
დაბადების ადგილი | ვანი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 17 ოქტომბერი, 1942 |
საქმიანობა | პოეტი და მთარგმნელი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
ჟანრი | ლირიკა |
Magnum opus | შეხვედრა |
გავლენა მოახდინეს | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგიორგი ძიგვაშვილი 1917 წელს დაიბადა ზედა ციხესულორის უბან კეჭნარაში, (ამჟამინდელი ქალაქი ვანი), მიხაკო ძიგვაშვილისა და ნინა სანიკიძის ოჯახში. ძმასთან, პიმენთან ერთად სწავლობდა ვანის პირველ საშუალო სკოლაში, საიდანაც ძმები გარიცხეს მამის „განკულაკების“ გამო. გიორგი და პიმენი საცხოვრებლად თბილისში ბიძასთან, პალადი ძიგვაშვილთან გადავიდნენ, სადაც თათრის მოედანზე ცხოვრობდნენ და სახლში მოახერხეს განათლების მიღება. 1935 წელს გიორგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
თავის თანამედროვეების აღწერით, გიორგი მიმზიდველი გარეგნობის, ტანმორჩილი ახალგარდა იყო, მეტად კეთილი და გამორჩეულად თავმდაბალი ბუნებით. იგი ძირითადად დაკავებული იყო თარგმნით და ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებით და მიუხედავად იმისა, რომ ლექსებსაც წერდა, ამას კარგა ხანი არ ამჟღავნებდა. თუმცა გიორგის ლექსებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს მაშინდელ ახალგაზრდებში, როგორც კი დღის სინათლე იხილეს, მათ შორის: „შეხვედრა“, „ხევსურები არაგვის პირას“, „ღამე ოპერის ბაღში“, „სახელი“, „გაზაფხული მარაბდის სასაფლაოზე“. გიორგიმ შესანიშნავად იცოდა ინგლისური ენა და რომანტიკოსი პოეტის, რობერტ ბერნსის უამრავი ლექსი თარგმნა ქართულ ენაზე, მათ შორის — „პატიოსანი სიღარიბე“ (Is There for Honest Poverty) და „ადრეა ჩემი გათხოვება“ (I'm O'er Young To Marry Yet) — ისეთივე პოპულარობით სარგებლობდა საზოგადოებაში, როგორც მისი ლექსები და ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა ზეპირად იცოდა. მჭიდრო ლიტერატურული ურთიერთობა აკავშირებდა მაშინდელი თაობის ახალგაზრდა პოეტებთან — ლადო სულაბერიძესთან, ლადო ასათიანთან, რევაზ მარგიანთან, მირზა გელოვანთან და სხვებთან.
გიორგის უნივერსიტეტში სწავლისას, საბჭოთა კავშირმა წამოიწყო სამხედრო კამპანია დასავლეთ უკრაინის შემოსაერთებლად, ამ დროს უნივერსიტეტი გასამხედროებული იყო და გიორგის ლეიტენანტის ჩინი ჰქონდა. ამ ჩინით ჩააყენეს იგი წითელი არმიის რიგებში და უკრაინაში გაგზავნეს. ოპერაციები მცირე ხანს და ფაქტობრივად მსხვერპლის გარეშე დასრულდა, გიორგიც დაბრუნდა თბილისში და ძველ საქმიანობას დაუბრუნდა. არმიაში გატარებულ პერიოდზე დაწერა ლექსი „შეხვედრა დასავლეთ უკრაინაში“, რომელიც ჟურნალ „ჩვენ თაობაში“ გამოქვეყნდა.
ანტისაბჭოთა შეთქმულება
რედაქტირება1941 წლის 22 ივნისს დაწყებული მეორე მსოფლიო ომის პირველ დღეებსა და თვეებში ჩამოყალიბდა ანტისაბჭოთა პატრიოტული ორგანიზაცია, რომელსაც ჩაფიქრებული ჰქონდა ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულება ომის ქარცეცხლში გახვეული საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ორგანიზაციის დაარსების ინიციატორი იყო მწერალი კოტე ხიმშიაშვილი, რომელიც სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა 35-ე სათადარიგო ლეგიონში, რომელიც განჯაში, მაშინდელ კიროვაბადში იყო დისლოცირებული. აქ მან ლეგიონის უმცროსი ლეიტენანტი გიორგი იმერლიშვილი და მისი თანამოაზრეები გაიცნო, რომელთაც გარკვეული მონახაზი უკვე გააჩნდათ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაზე. მოგვიანებით შეთქმულთა ლეგიონი ავჭალაში გადმოისროლეს. შეთქმულებმა თავისი ჩანაფიქრი ლეგიონის სხვა წევრებს და თბილისელ მეგობრებს გაანდეს.[1]
შეთქმულებს თანამოაზრეები გამოუჩნდნენ, ორგანიზაციის დამაარსებლები იყვნენ ახალგაზრდა მწერლები: კოტე ჯოგლიძე, შალვა შავიანიძე, გიორგი ძიგვაშვილი და მიხეილ იმერლიშვილი, ისინი მჭიდრო ურთიერთობაში იყვნენ იდეურ ხელმძღვანელ კოტე ხიმშიაშვილთან და გიორგი იმერლიშვილთან. ორგანიზაციის თავმჯდომარედ კოტე ჯოგლიძე, მდივნად კი — შალვა შავიანიძე აირჩიეს.
მიუხედავად შეთქმულების მონაწილეთა სიფრთხილისა, აჯანყება გაიცა. 1942 წლის 9 იანვარს დააკავეს მიხეილ იმერლიშვილი, სოლომონ იმერლიშვილი და გრიგოლ კოკილაშვილი. 11 იანვარს — შეთქმულთა დიდი ჯგუფი: ლევან თორაძე, კოტე ჯოგლიძე, შალვა შავიანიძე, გიორგი ძიგვაშვილი და ივანე ლაპიაშვილი. 1 თებერვალს — კოტე ხიმშიაშვილი.
საბჭოთა სამართალდამცავებმა სულ 33 ბრალდებული დააკავეს, ძირითადად თსუ-ს ასპირანტები და მეცნიერმუშაკები. ეჭვმიტანილები ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო ტრიბუნალმა გაასამართლა.
გიორგი ძიგვაშვილს დაუპირისპირეს ერთ-ერთი გამცემი სახლთხუციშვილი, რომელიც ფარული შინსახკომის შტატგარეშე თანამშრომელი იყო. ერთ-ერთი ბრალდებულის ლევან თორაძის საგამოძიებო საქმეში წერია, რომ ძიგვაშვილის თქმით, როცა გერმანელები საქართველოში შემოვიდოდნენ, მთავრობის მეთაური გრიგოლ რობაქიძე უნდა გამხდარიყო. გამოძიების და სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ბრალდებულები უარყოფდნენ ორგანიზაციის არსებობას. მიხეილ კაციტაძის და გიორგი ახობაძის თქმით, მართლაც სურდათ ორგანიზაციის შექმნა, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი მოუმოქმედებიათ რადგან, არ ჰყავდათ ხელმძღვანელი, რომელიც გაუძღვებოდათ, ამასთან გერმანია მოსკოვთან დამარცხდა და იოსებ სტალინის გამოსვლამ ისინი დაარწმუნა, რომ საბჭოთა კავშირის წარუმატებლობა დროებითი იყო.[2]
1942 წლის 17 ოქტომბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით სიკვდილით დასაჯეს 17 ახალგაზრდა, რომელთაც შეთქმულების ორგანიზება და მასში უშუალო მონაწილეობა დაუმტკიცდათ: გიორგი ძიგვაშვილი, კოტე ხიმშიაშვილი, კოტე ჯოგლიძე, შალვა შავიანიძე, გიორგი იმერლიშვილი, ჟორა ახობაძე, მიშა კაციტაძე, მიხეილ საბაშვილი, გიორგი ქადაგიძე, ლევან თორაძე, რომან ბატიაშვილი, თურმან შანშიაშვილი, გივი თარგამაძე, მიხეილ იმერლიშვილი, სოლომონ იმერლიშვილი, დიმიტრი ბურდიაშვილი, ზურაბ მისაბლიშვილი. შეთქმულებასთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებული 13 პირი კი, ვისაც ნაკლები სიმძიმის ბრალეულობა დაუმტკიცდათ, დიდი ხნით შუა აზიაში გადაასახლეს, მათ შორის 10 წლით გადასახლება ორ, 7 წლით გადასახლება კი — ათ მსჯავრდებულს მიესაჯა. თინა გონიაშვილს, რომელიც ერთადერთი ქალი იყო ვისაც სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, 5 წლით მიუსაჯეს გადასახლება. გადასახლებულთა შორის იყვნენ იმედის მომცემი მწერლები: კიტა ბუაჩიძე, გიორგი კალანდაძე, აბო ფარესიშვილი. შეთქმულების ერთი მონაწილე, მწერალი ლადო ბალიაური გაიქცა, მაგრამ მოგვიანებით მაინც შეიპყრეს და ციმბირში გადაასახლეს, სადაც დაიღუპა. ბრალეულობა ვერ დაუმტკიცეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს მხოლოდ 3 ადამიანი: თინა თუშმალიშვილი, ლეო კვაჭაძე და გიორგი არსენიძე.[3][4]
გიორგის დახვრეტის პარალელურად სამამულო ომის ფრონტზე დაიღუპა მისი უმცროსი ძმა, პიმენ ძიგვაშვილი, რომელიც ასევე იმედისმომცემ პოეტად ითვლებოდა და მისი ლექსები ვანის ადგილობრივ გაზეთ „კოლმეურნის მნათობში“ იბეჭდებოდა. შვილების დაღუპვამ მძიმედ იმოქმედა გიორგის დედაზე, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მემორიალი
რედაქტირება1991 წელს, გიორგის უახლოესი მეგობრის, პოეტ ლადო სულაბერიძის თაოსნობით, გამოიცა გიორგი ძიგვაშვილის ლექსებისა და თარგმანების პირველი კრებული, სახელწოდებით — „გაზაფხული მარაბდის სასაფლაოზე“.
2002 წლის 22 ივლისს საქართველოს მწერალთა სახლში გაიხსნა საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლ ქართველ მწერალთა მემორიალური დაფა, რომელზეც 13 გვარია ამოკვეთილი: მემედ აბაშიძე, გერცელ ბააზოვი, ბენიტო ბუაჩიძე, პაოლო იაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, ნიკოლო მიწიშვილი, პავლე საყვარელიძე, ტიციან ტაბიძე, დია ჩიანელი, გიორგი ძიგვაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, კოტე ხიმშიაშვილი, ოლია ოკუჯავა.[5]
2014 წლის 10 მარტის განკარგულებით, გიორგი ძიგვაშვილის სახელი მიენიჭა ქალაქ ვანში გიორგაძის ქუჩის მეორე ჩიხს. 2016 წლის 5 აგვისტოს ქალაქ ვანში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნაწილში დაფუძნდა გიორგი ძიგვაშვილის მემორიალური მუზეუმი, სადაც მოთავსებულია უნიკალური მასალა გიორგი ძიგვაშვილისა და 1941 წლის ანტისაბჭოთა შეთქმულების შესახებ. 2017 წელს ვანში გალაქტიონობის დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა გიორგი ძიგვაშვილის 100 წლის იუბილე. ამავე წლის 20 ნოემბერს პოეტის დაბადების 100 წლისთავზე, მწერალთა შემოქმედებითი კავშირმა რევაზ მიშველაძის ხელმძღვანელობით, გიორგი ძიგვაშვილი მწერალთა საზოგადოების სრულფასოვან წევრად მიიღო.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე, შიო (2005). ვანი და ვანელები. ქუთაისი: საგამომცემლო ცენტრი, გვ. 190-191. ISBN 99940-796-3-8.
- ქადაგიძე, იკა (2009). ვის მივყიდით ქართულ მწერლობას. თბილისი: თობალისი, გვ. 19. ISBN 978-9941-405-48-8.
- ძიგვაშვილი, გიორგი (2000). რედ. ლადო სულაბერიძე: გაზაფხული მარაბდის სასაფლაოზე. თბილისი: მერანი. ISBN 99928-16-58-9.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ რევაზ კვერენჩხილაძე: ხსოვნის ჩივილი ლიტერატურული საქართველო (ქართული პრესის ელ. არქივი)[მკვდარი ბმული]
- ↑ უშიშროებამ გამცემს უშიშარი შეარქვა Sana.ge[მკვდარი ბმული]
- ↑ სამოცი წელი გავიდა. ლიტერატურული საქართველო (ქართული პრესის ელ. არქივი)[მკვდარი ბმული]
- ↑ მხედრებო, ასე უღმერთოდ რად მიატოვეთ რაშები. ქუჯი (ქართული პრესის ელ. არქივი)[მკვდარი ბმული]
- ↑ მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს. ლიტერატურული საქართველო (ქართული პრესის ელ. არქივი)[მკვდარი ბმული]