ბენიტო ბუაჩიძე

ქართველი მწერალი და პუბლიცისტი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბუაჩიძე.

ბენიტო მიხეილის ძე ბუაჩიძე (დ. 2 სექტემბერი, 1905 — გ. 3 ოქტომბერი, 1937) — ქართველი კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე. რეპრესირებული. სკკპ წევრი 1926 წლიდან. კიტა ბუაჩიძის ძმა.[1]

ბენიტო ბუაჩიძე

ბენიტო ბუაჩიძე ზის მარცხნივ ბოლოში
დაბადების თარიღი 2 სექტემბერი, 1905
ფარცხნალი, ხარაგაულის რაიონი
გარდაცვალების თარიღი 3 ოქტომბერი, 1937 (32 წლის)
ეროვნება ქართველი
საქმიანობა კრიტიკოსი
ლიტერატურათმცოდნე

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბენიტო ბუაჩიძე იყო ქართველი და ამიერკავკასიელი პროლეტარული მწერლობის ერთ-ერთი პირველი იდეური მოთავე და ორგანიზატორი. 1926–28 წლებში არჩეული იყო საქართველოს და ამიერკავკასიელი პროლეტარული მწერლობის ასოციაციათა საკავშირო გაერთიანების მდივნად. თანამშრომლობდა გაზეთ „ზარია ვოსტოკაში“.[2]

იყო ჟურნალ „На литературном посту“-ის რედკოლეგიის წევრი და ჟურნალ „На рубеже Востока“-ის რედაქტორი. 1932 წელს მუშაობდა მოსკოვის კომუნისტური აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1934 წელს დანიშნეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტის დეკანად.[2]

თავის ნაშრომებში შეიმუშავა საბჭოთა ლიტერატურის განვითარების საკითხები, რეალიზმისა და რომანტიზმის პრობლემები, საბჭოთა ხელოვნების რევოლუციური ტრადიციები. ბუაჩიძის წიგნებიდან აღსანიშნავია: „ბრძოლა ჰეგემონიისათვის“ (1930), „მხატვრული მწერლობის შემოქმედებითი საკითხები“ (1933) და „თანამედროვე ქართული მწერლობის გზები“ (1934). წერდა ილია ჭავჭავაძეზე, მიხეილ ჯავახიშვილზე, გალაკტიონ ტაბიძეზე, ვლადიმერ მაიაკოვსკიზე, ნიკოლოზ ოსტროვსკიზე.[1]

ბენიტო ბუაჩიძე დააპატიმრეს 1937 წლის 22 ივლისს. გასამართლებულია 03/10-1937 წ. სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის მიერ. ბრალად დაედო კონტრევოლუციონერობა. მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა.[3] რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ 1956 წლის 25 ივნისს.[4]