ხარაგაულის მუნიციპალიტეტი

(გადამისამართდა გვერდიდან ხარაგაულის რაიონი)

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, იმერეთის მხარეში. ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ხარაგაული. მუნიციპალიტეტში 78 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 77 სოფელი, რომლებიც იყოფა 20 ადმინისტრაციულ ერთეულად: 1 დაბა, 16 თემი, 3 სოფელი (ხარაგაული, ბაზალეთი, ბორითი, ვარძია, ვახანი, ზვარე, კიცხი, ლაშე, ლეღვანი, მოლითი, ნადაბური, სარგვეში, საღანძილე, ფარცხნალი, ღორეშა, წიფა, წყალაფორეთი, ხევი, ხიდარი, ხუნევი).[3]

ადმინისტრაციული ერთეული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
ადმ. ცენტრი ხარაგაული
კოორდინატები 42°00′51″ ჩ. გ. 43°12′12″ ა. გ. / 42.01417° ჩ. გ. 43.20333° ა. გ. / 42.01417; 43.20333
გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე
ფართობი 913,9 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 19 473 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 21,3 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
რუსები 0,15 %
ოსები 0,04 %[1]
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 99,21 %[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი 433
საფოსტო ინდექსი 5600–5699
ოფიციალური საიტი http://kharagauli.gov.ge და http://kharagaulinews.gov.ge/
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი — იმერეთის მხარე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 
დევისხვრელის მღვიმე ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის ნამოსახლარია

მუნიციპალიტეტის ტერიტორია დასახლებული იყო ქვის ხანიდან. მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირას, ხანდების კლდეში ნაპოვნია ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის მღვიმე-ნამოსახლარი, დევისხვრელი.[4] სოფელ ბორში 1938 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ათიოდე ჰექტარზე ბუდეებად გაფანტული ძვ. წ. I ს. – ძვ. წ. III ს. ბრაინჯაოს ხანის საგვარეულო და საოჯახო სამაროვნები. მათ შორის II-III სს. 2 მდიდრული ნეკროპოლი. ნაპოვნი ნივთები ინახება სანქტ-პეტერბურგის მუზეუმში ერმიტაჟი. სავარაუდოა რომ სოფელი ბორი პიტიახშთა ერთ–ერთი რეზიდენცია იყო.[5] არქეოლოგიური მასალა აღმოჩენილია ასევე სოფელ ბეჟათუბანში, საგვეშში, ლეღვანსა და გოლათუბანში.

ფეოდალურ ხანაში მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა არგვეთის საერისთავოში, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, რადგან მასზე გადიოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები. 1774 წელს აქ მოხდა ჩხერის ბრძოლა იმერეთის სამეფოსა და ოსმალეთის იმპერიის ჯარს შორის.[6] ცენტრალური მნიშვნელობის იყო ვახანის ციხე, სადაც 1804 წელს გაფორმდა ელაზნაურის შეთანხმება, რომლითაც იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.[7]

1917 წლამდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში. 1921-1929 წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის მაზრაში. 1930 წლიდან შეიქმნა ხარაგაულის რაიონი. 1932-1989 წლებში მას ორჯონიკიძის რაიონი ეწოდებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად[8]. სსიპ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 243570989) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 20 ნოემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2006 წლის 27 ნოემბერი[9].

გეოგრაფია

რედაქტირება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში. მუნიციპალიტეტს დასავლეთით ესაზღვრება ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები, სამხრეთით ბორჯომის, აღმოსავლეთით ხაშურის, ჩრდილოეთით კიჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის ფართობია 913,9 კმ².

მუნიციპალიტეტის ძირითადი წიაღისეულია მარმარილო (მოლითის, მარელისის, ბჟინევისა და საქასრიის საბადოები), კირქვა (ხარაგაულის), კვარცის ქვიშა (ქროლის), ცარცი (ბაზალეთისა და საქასრიის), მინერალური საღებავი (უბისის), მინერალური სამკურნალო წყლები (ნუნისის, ზვარეს, უკანჭალის). ამ უკანასკნელთა ბაზაზე შექმნილია კურორტები ნუნისი და ზვარე.

მუნიციპალიტეტი მოიცავს მესხეთისა და ლიხის ქედის ნაწილებს, ძირულის დენუდაციურ პლატოს. მესხეთის ქედი აგებულია მესამეული ასაკის თიხებით, ქვიშაქვებით, კონგლომერატებით, იშვიათად — კირქვებითა და მერგელებით, აგრეთვე (თხემური ნაწილი) — ქვედამიოცენ-ოლიგოცენისა და ზედაეოცენის ქვიშაქვების შუაშრეებიანი თიხებით. ქედი ჩრდილო-აღმოსავლეთით დაბლდება (მთები: მეღრუკი — 2475 მ., ლომისმთა — 2187 მ., დედაბერა — 1838 მ., მახვილო — 1725 მ.); ჩრდილოეთი კალთა ციცაბოა, დასერილია მდინარე ჩხერიმელის მარცხენა შენაკადების ღრმა, გარდიგარდმო ხეობებით, რომელთა შორის აღმართულია მოკლე განშტოებები: საბუღრაოს ქედი, ვახანის ქედი, რკინისჯვრის ქედი და სხვა. მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში ზოგან (სოფ. კიცხი და სხვა) განვითარებულია დანაწევრებული პლატო.

მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთი ნაწილი უჭირავს ეროზიული ხეობებით ინტენსიურად დანაწევრებულ ძირულის დენუდაციურ პლატოს, რომლის ყველაზე მაღალი ნაწილია გედსამანიის ქედი (ტყემთა — 1497 მ., ნიკორაული — 1441 მ.). იგი აგებულია პალეოზოური და კამბრიულისწინა გრანიტოიდებითა და კრისტალური ფიქლებით, აგრეთვე იურული პორფირიტებითა და მათი ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებითა და ქვიშაქვებით, ცარცული ასაკის კირქვებითა და დოლომიტებით. ქედის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს ღორეშა-ბზალეთის სტრუქტურული პლატო, სადაც განვითარებულია რელიეფის კარსტული ფორმები: მღვიმეები, ძაბრები და სხვა. მდინარე ჩხერიმელას ხეობაში არის დევისხვრელის მღვიმე, სადაც შემორჩენილია ზედაპალეოლითური კულტურის ნაშთები. კარსტული მღვმე არის აგრეთვე მდინარე ძირულის ხეობაში.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში ერთიანდება კამბრიულისწინა და პალეოზოური გრანიტოიდებითა და მეტამორფული კრისტალური ქანებით აგებული ლიხის ქედის დასავლეთი კალთა, სადაც აღმართულია საბუესა და ედისჯვრის მთები და არის რიკოთისა და სურამის უღელტეხილები. მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულებია მდინარეების, ძირულის, ჩხერიმელისა და მათი შენაკადების ხეობები. ზოგან ხეობები გაფართოებულია და შექმნილია პატარა ქვაბულები: უბისა-ღორეშის, ხარაგაულის, კიცხისა და სხვა. დაბა ხარაგაულთან გამოხატულია მდინარის ოთხი ტერასი (15, 30, 85 და 125 მ. სიმაღლეზე).

მუნიციპალიტეტი ზღვის ნოტიო სუბტროპიკულ ოლქში მდებარეობს და ახასიათებს კლიმატის სიმაღლებრივი ზონალურობა: მდინარეების, ძირულისა და ჩხერიმელას ხეობაში დაახ. 600 მ. სიმაღლემდე ჰავა საკმაოდ ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 10-13 °C, იანვრის 0,3-დან 3,2 °C-მდე, ივლისისა 20-22,6 °C. აბსოლუტური მინიმუმი -22 °C-დან -24 °C-მდე ეცემა. აბსოლუტური მაქსიმუმი 38-40 °C-სს აღწევს. ნალექები 1200-1400 მმ წელიწადში.

600-დან 1200 მ.-მდე ზონაში ჰავა ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა აქ 6,3 °C-დან 8 °C-მდეა. იანვრისა -2,4 -3,9 °C. ივლისის 15,6-18 °C. წლიურად 1800 მმ. ნალექი მოდის. მესხეთის ქედის თხემურ ზონაში ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და მოკლე ზაფხული.

შიგა წყლები

რედაქტირება
 
მდ. ძირულა

მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა ძირულა. მისი შენაკადებია — მარჯვნიდან: ხელმოსმულა, დუმალა, ვაშლეურა, მეჩხეთურა; მარცხნიდან: ბორიმელა, რიკოთულა, გედსამანისწყალი, ბჟინეურა საკასრია, ღორეშისხევი. ძირულის მთავარი შენაკადი ჩხერიმელა თითქმის მთლიანად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ფარგლებშია. მისი შენაკადებია — მარჯვნიდან: თორზილაწყალი, ბლისხევი, ბალინწყალი, სილიღელე, ყორნება; მარცხნიდან: აბანოსღელე, ნუნისისწყალი, ვახანისწყალი, ბჟოლისხევი, ლეღვანურა, რუთიღელე და სხვა. მუნიციპალიტეტის დასავლეთ ნაწილში მოედინება მდინარე ბორიმელა.

რკინისჯვრის ქედზე, მწვერვალ სამეცხვარიოს აღმოსავლეთით მდებარეობს სამი მცირე ტბა. მდინარე ძირულა და მისი შენაკადები საზრდოობს უმთავრესად თოვლისა და წვიმის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზაფხულში, წყალმოვარდნა — შემოდგომა-ზამთარში. ჩხერიმელა შერეული საზრდოობის მდინარეა. წლიურ ჩამონადენში ჭარბობს წვიმის წყალი. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე. მდინარეები გამოყენებულია წისქვილების ასამუშავებლად.

ნიადაგები და ლანდშაფტები

რედაქტირება

მუნიციპალიტეტის დაბალ ზონაში გავრცელებულია ხირხატიანი ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგი, აგრეთვე ფრაგმენტებად ჩამოყალიბებულია ტყის ყომრალი და ნეშომმპალა-კარბონატული ნიადაგების კომპლექსი. დიდი ფართობი უჭირავს საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალ ნიადაგს. ტყის ზონის ზემო ნაწილში არის ღია და გაეწერებული ტყის ყომრალი ნიადაგი. მესხეთის ქედის თხემზე მთის მდელოს კორდიანი და კორდიან-ტორფიანი ნიადაგებია. მდინარეთა ჭალებში აქა-იქ გვხვდება ალუვიური ნიადაგი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია ნოტიო სუბტროპიკული მთა-ტყისა და მთა-მდელოს ლანდშაფტის ტიპები, რომლებიც მოიცავს ლანდშაფტის სახეებს: 1. მთისწინეთის მუხნარ-რცხილნარი ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე, კარსტული; 2. დაბალმთის მუხნარი და წიფლნარ-წაბლნარი ტყის ყომრალ ნიადაგებზე 3. საშუალო მთის წიფლნარი ტყის ყომრალ ნიადაგებზე 5. საშუალმთის წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყის ღია და გაეწერებულ ყომრალ ნიადაგებზე 5. სუბალპური ტყე-მდელო მთისმდელოს ნიადაგებზე 6. ალპური მდელოები მთის მდელოს კორდიან და ტორფიან-კორდიან ნიადაგებზე.

ფლორა და ფაუნა

რედაქტირება
 
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, სოფელი მარელისი

მუნიციპალიტეტი მდიდარია ტყეებით. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნაწილი. მთისწინეთსა და დაბალ მთებში გავრცელებულია წიფლნარ-რცხილნარი. მასთან ერთად არის წაბლი, მუხა, ცაცხვი, იფანი და სხვა. ზოგან გვხვდება წაბლნარ-რცხილნარისა და წაბლნარის მცირე კორომები. საშუალმთიან ზონაში ქვეტყეს ქმნის მარადმწვანე ბუჩქნარი: შქერი, ბაძგი, წყავი, თაგვისარა. ფოთოლმცვივანთაგან მთავარია იელი და ზღმარტლი. ბევრია მხვიარა: კოლხური სურო, ეკალღიჭი, კატაბარდა და სხვა. საშუალმთიან ზონაში გაბატონებულია წიფლნარი. მესხეთის ქედის ტყის ზემო სარტყელში გარდა ფოთლოვანებისა არის წიწვნოვნებიც: ნაძვნარ-სოჭნარი; ზოგან ნაძვნარი, რომელსაც წიფელი ურევია. მდინარეების, ძირულისა და დუმალის წყალგამყოფზე შემორჩენილია ფიჭვნარი. მუნიციპალიტეტის ტყის ზემო საზღვართან სუბალპური მეჩხერი ტყეა: მაღალმთის მუხა, ნეკერჩხალი, არყი. უფრო მაღლა სუბალპური მდელოებია.

მუნიციპალიტეტის მთის ტყეებში ბინადრობს კავკასიური ირემი, მურა დათვი, ფოცხვერი, მელა, მგელი, კვერნა, მაჩვი, დედოფალა. ბევრია კურდღელი. ფრინველებიდან აღსანიშნავია: კავკასიური როჭო, მწყერი, შაშვი, კოდალა, ქორი, ყვავი და სხვა. მდინარეებში გავრცელებულია: ქაშაყი, კოლხური ტობი, ციმორი, კოლხური წვერა, ღორჯო. მდინარეთა ზემო დინებაში არის კალმახი.

მოსახლეობა

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა
1989 28 702
2002 27 941  
2014 19 473  
2021[10] 18 600  

ადგილობრივი თვითმმართველობა

რედაქტირება

ადმინისტრაციული ერთეულები

რედაქტირება

მუნიციპალიტეტი იყოფა შემდეგ ადმინისტრაციული ერთეულებად:[11]

  1. დაბა ხარაგაულის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – დაბა ხარაგაული);
  2. ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბაზალეთი, ქროლი, ღარიხევი, წიფი);
  3. ბორითის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ამაშუკეთი, ბორითი, ერეთა, ვაშლევი, კვესრევი, მაქათუბანი, საქასრია, უბისა);
  4. ვარძიის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ვარძია);
  5. ვახანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ვახანი, ზედუბანი, სერბაისი);
  6. ზვარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ზვარე, ნუნისი, ჩრდილი);
  7. კიცხის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბორი, თეთრაწყარო, კიცხი, კიცხის იგორეთი, საქარიქედი);
  8. ლაშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ლაშე, ლაშის იგორეთი, უჩამეთი, ღვერკი, ხემაღალი);
  9. ლეღვანის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დიდვაკე, ლეღვანი, მარელისი, პატარა სახვლარი);
  10. მოლითის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბაბი, ბეჟათუბანი, დეისი, მოლითი, ნებოძირი, ქვები, ჭარტალი);
  11. ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: დიდი გოლისი, პატარა გოლისი, ნადაბური);
  12. სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: მიროწმინდა, საბე, სარგვეში, ხორითი);
  13. საღანძილის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ვანი, ზარანი, საღანძილე, სხლითი, ჩხერი, ჯაფარაული);
  14. ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ახალსოფელი, ისლარი, ფარცხნალი, ღუდუმექედი);
  15. ღორეშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ღორეშა);
  16. წიფის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გოლათუბანი, გუდათუბანი, ფონა, წიფა);
  17. წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ლახუნდარა, პატარა ვარძია, ჩალხეეთი, წყალაფორეთი, ხონი);
  18. ხევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: გრიგალათი, ციცქიური, წაქვა, ხევი).
  19. ხიდარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ხიდარი);
  20. ხუნევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფლები: ბჟინევი, გედსამანია, ვერტყვილა, ვერტყვიჭალა, ხუნევი);

საკრებულო

რედაქტირება
პარტია 2017[12] 2021[13] ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 28 24                                              
  ნაციონალური მოძრაობა 2 6            
  საქართველოსთვის 2    
  ლელო 1  
  ევროპული საქართველო 2
  შენების მოძრაობა 2
  პატრიოტთა ალიანსი 1
სულ 35 33  

სიმბოლიკა

რედაქტირება
 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გერბი

ხარაგაულის დროშა ვერტიკალურადაა გაყოფილი ორ ნაწილად – მწვანე და თეთრ ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლისფერი-მწვანე ჯვარი. ჯვრის მკლავებს შორის გამოსახულია ოთხი მცირე ზომის ჯვარი. დროშის პროპორციაა 2:3.

ხარაგაულის გერბის ფარი იყოფა 2 ნაწილად. I ნაწილი წარმოადგენს მწვანე ველს, II ნაწილი ვერცხლისფერ ველს. ფარის ორივე ველზე სიმბოლურად გამოსახულია მთები. ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი, რომელიც გაკვეთილია და იყოფა ორ ველად - მწვანე და ვერცხლისფერ ველებად. მცირე ფარის ცენტრში გამოსახულია ვერცხლისფერ-მწვანე ჯვარი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლისფერ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლისფერ ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი - „ხარაგაული“.

ეკონომიკა

რედაქტირება
 
სარკინიგზო გვირაბი სოფელ წიფასთან

საბჭოთა პერიოდში რაიონის ეკონომიკის მთავარი დარგები იყო კვებისა და ხის დამამუშავებელი მრეწველობა. დაბა ორჯონიკიძეში მოქმედებდა ღვინის, ყველ-კარაქისა და ხილ-კენკრული ქარხნები. რაიონში ფუნქციონირებდა ღვინის ექვსი ქარხანა, რომლებიც ამზადებდა შამპანური ღვინის მასალას თბილისის შამპანური ღვინოების ქარხნისთვის, გარდა ამისა, მზადდებოდა საკონიაკე მასალა. მარელისში მოქმედებდა ავეჯის ფაბრიკა, ხოლო ბორითში გორის ბამბეულის კომბინატის საქსოვი ფილიალი. სოფლის მეურნეობის ძირითად დარგებს წარმოადგენდა მევენახეობა, მეხილეობა, მესიმინდეობა და მეცხოველეობა. განვითარებული იყო სამთომოპოვებითი მრეწველობა: სოფელ ბაბის მიდამოებში მოიპოვებიდა მარმარილო, ბაზალეთში — ცარცისა და კვარცის ქვიშები, ამაშუკეთში — თეთრი საშენი ქვა. სოფელ ზვარეში ისხმებოდა მინერალური წყალი ზვარე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია საკვანძო როლს ასრულებს საქართველოს სატრანსპორტო სისტემაში. ის აკავშირებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს წიფის გვირაბითა (3910 მ) და ხანდების გვირაბით (740 მ). აქ გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1 და ხაშური-სამტრედიის რკინიგზის მონაკვეთი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რკინიგზის რამდენიმე სადგურია: ხარაგაული, მოლითი, მარელისი, წიფა. სახელმწიფო მნიშვნელობისაა მდინარე ჩხერიმელას ხეობაში გამავალი გზა. ადგილობრივი გზების სიგრძეა 215 კმ.

 
სერგო ორჯონიკიძის სახლ-მუზეუმი

მუნიციპალიტეტში არის 11 საჯარო და 3 საბაზო სკოლა. დაბა ხარაგაულში მოქმედებს მოსწავლეთა სახლი, საავადმყოფო, პოლიკლინიკა, კულტურის სახლი, სამუსიკო სკოლა, თეატრი. ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, სერგო ორჯონიკიძის სახლ-მუზეუმი სოფელ ღორეშაში. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 12 ბიბლიოთეკა. 1998 წლის მარტიდან გამოდის გაზეთი „ჩემი ხარაგაული".

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება
 
საიდუმლო სერობის სცენა უბისიდან

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებიდან უმნიშვნელოვანესია უბისის მონასტერი, IX საუკუნის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც გამოირჩევა XIV საუკუნეში მხატვარ დამიანეს მიერ შესრულებული ფრესკებით.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა დევისხვრელისა და კოზმანის მღვიმეები, მელის ციხე (X-XII სს.), შუა საუკუნეების ვახანისა და ჩხერის ციხეები, საკულტო ნაგებობები: ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია IX-X საუკუნეების მიჯნის ძეგლი და განვითარებული შუა საუკუნეების კახორი. სოფელ საქასრიაში დგას წმინდა გიორგის სახელობის IX-X სს, სავანის ეკლესიის ნაშთები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. georgia-religion2014
  3. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, დადგენილება №35 თავი IV, მუხლი 13
  4. ბერძენიშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 435.
  5. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 470.
  6. იობაშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 176.
  7. მაჭარაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 83.
  8. საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ
  9. საჯარო სამართლის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტების რეესტრი — ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
  10. მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების და თვითმმართველი ერთეულების მიხედვით (XLS). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (1 იანვარი, 2021). ციტირების თარიღი: 2021-11-11.
  11. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, დადგენილება №35 თავი IV, მუხლი 13
  12. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2017. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-20[მკვდარი ბმული]
  13. პროტოკოლით არჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და მერები 2021. ცესკო. ციტირების თარიღი: 2022-12-20[მკვდარი ბმული]