ლადო ბალიაური
ვლადიმერ (ლადო) დავითის ძე ბალიაური (დ. 1907, სოფ. ახიელი, ახლანდ. დუშეთის მუნიციპალიტეტი, — გ. 15 აგვისტო, 1954, ყარაღანდა, ყაზახეთი) — ქართველი მწერალი.
1929-1934 წლებში სწავლობდა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1936–1941 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1938 წლიდან ქართულ პრესაში ბეჭდავდა მოთხრობებს. 1941 წელს გამოაქვეყნა რომანი „შურისგება“. როგორც პროზაიკოსი, ბალიაური მიჰყვებოდა ალექსანდრე ყაზბეგის ტრადიციებს. 1941 წელს დაკავშირებული იყო ანტისაბჭოთა იატაკქვეშა ორგანიზაციასთან, რომელიც ცნობილია 1941 წლის ანტისაბჭოთა შეთქმულების სახელით. დაპატიმრებას სოფელ ჯუთაში (ყაზბეგის რაიონი) ემალებოდა, თუმცა 1943 წელს შეიპყრეს და იგოეთისა და რუსთავის კოლონიებში ტუსაღობის შემდეგ, 1949 წელს ყაზახეთში გადაასახლეს. დაიღუპა იქვე — ჭაობში დაიხრჩო. მისი ნეშტი სამშობლოში ფარულად გადმოასვენა და სოფელ შუაფხოში დაკრძალა სიძემ ნიკოლოზ მაკალათიამ. 1986 წლიდან ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა ბალიაურის რამდენიმე გამოუქვეყნებელი თხზულება.
ლადო ბალიაურის ბიძაშვილი იყო 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მონაწილე თომა ბალიაური.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- შურისგება (ავტორი). - თბილისი, ფედერაცია, 1941. - 223გვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხეიძე რ., დაწყევლილი თაობა, თბ., 1992.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 345.