მაკედონია (ოლქი)
მაკედონია — ისტორიული ოლქი ბალკანეთის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში. მის ტერიტორიაზე სახელმწიფო შეიქმნა ძვ.წ. V საუკუნეში (იხ. მაკედონია (ძველი)). ახ.წ. VI-VII სს. დასახლდნენ სლავური ტომები. 670-675 წწ. მაკედონიაში შეიჭრა პროტობულგარელთა ურდო (რასაც ხანი კუვერი მეთაურობდა) და ქალაქ ბიტოლის რაიონში დამკვიდრდა. IX ს. II მეოთხედში მაკედონიის მეტი ნაწილი ბულგარელთა პირველ სამეფოში შედიოდა. IX-X სს. ჩამოყალიბდა ფეოდალური ურთიერთობანი, ფართოდ გავრცელდა ქრისტიანობა, რასაც ხელი შეუწყო სლავი განმანათლებლების კირილესა და მეთოდეს მოწაფეთა (კლიმენტის, ნაუმის და სხვა.) მოღვაწეობამ. X საუკუნეში გავრცელდა ბოგომილობა. X ს. 70-იან წლებში მაკედონიის ტერიტორია დასავლეთ ბულგარეთის სამეფოს ძირითადი ბირთვი გახდა. 1018 წ. მაკედონია ბიზანტიამ დაიპყრო , 1230 კი ბულგარეთის მეორე სამეფოს ნაწილი გახდა. XIV ს. შუა წლებში მაკედონიას სერბთა მეფე დუშანი დაეუფლა, XIV ს. უკანასკნელ მეოთხედში კი — ოსმალეთის იმპერია, რის შედეგადაც კიდევ უფრო აჭრელდა ეთნიკურად მაკედონიის მოსახლეობა. ჩაგვრა ოსმალთა მიერ და მოსახლეობის ძალდატანებითი გამაჰმადიანება ანტიფეოდალურ და ანტიოსმალურ მოძრაობას იწვევდა (ჰაიდუკების, კლეპტების და სხვა გამოსვლები). მოსახლეობა მასობრივად ტოვებდა მაკედონიის ტერიტორიას. XVIII ს. ბოლოს გაძლიერდა ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლა. საბერძნეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელმა რევოლუციამ 1821-1829 წწ. მაკედონიის ბერძენი მოსახლეობაც მოიცვა. დაიწყო აგრეთვე სლავი მოსახლეობის განმათავისუფლებელი ბრძოლა ოსმალეთის ბატონობისა და ელინიზაციის პროცესის წინააღმდეგ, რომელსაც კონსტანტინოპოლის ბერძნული საპატრიარქო ატარებდა. ბერლინის კონგრესის (1878) შემდეგ მაკედონია ოსმალეთის მფლობელობაში დარჩა. ბულგარეთის, სერბეთისა და საბერძნეთის მონარქიულ-ბურჟუაზიული მთავრობები ცდილობდნენ მაკედონიის განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოყენებას თავიანთი ინტერესებისათვის, რაც მაკედონიის დანაწევრების საშიშროებას ქმნიდა. 1893 წ. შექმნილმა შიდა მაკედონია-ოდრინის რევოლუციური ორგანიზაციის მემარცხენე რევოლუციურ-დემოკრატიულმა ფრთამ (ხელმძღვანელი გოცე დელჩევი) 1896 წ. წამოაყენა ლოზუნგი — მაკედონია მაკედონელთათვის. ამ ლოზუნგით 1903 წელს იფეთქა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა აჯანყებამ, რომლის დროს გამოაცხადეს ე.წ. კრუშევოს რესპუბლიკა, შეიქმნა დროებითი რევოლუციური მთავრობა ნ. კარევის მეთაურობით. XX ს. დასაწყისში ევროპულ სახელმწიფოთა შორის ბალკანეთის ნახევარკუნძულისთვის ბრძოლის გამწვავებამ მაკედონია საერთაშორისო წინააღმდეგობათა ერთ-ერთ კვანძად აქცია. ბალკანეთის ომების (1912-12) შედეგად მაკედონია განაწილდა სერბეთს (ვარდარის მაკედონია), საბერძნეთსა (ეგეოსის მაკედონია) და ბულგარეთს (პირინის მხარე) შორის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 371.